ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. – ინფორმაციას და ფოტოს ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
დაღუპულია სოფელ არეშფერანში მცხოვრები 25 წლის ვახო ხუციშვილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის მეგობართან ერთად „ვაზ-2106“-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.
ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვახო ხუციშვილი გერმანიიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა. მან სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად გადავიდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.











კომენტარები