ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორში ცოლ-ქმრის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომლებიც უადგილობის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ მოხვდნენ. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, თუმცა ხშირად ლეტალური შედეგები ინფექციის დაგვიანებულად გამოვლენის გამო ხდება:
„ჯანდაცვის სექტორი, რა თქმა უნდა, იღებს ყველა ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას და ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ისეთი შემთხვევები, რომლებიც უკვე რთულდება, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, ამ ყოველივეზე პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ექიმებს გაუჭირდებათ“ – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ კაკაურიძეების ოჯახში კორონავირუსის გართულებული ფორმის გამო და იმის გამო, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ ჰქონდათ, ჯერ ცოლი, შემდეგ კი ქმარი დაიღუპა.
გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ქალიშვილმა მარიამ კაკაურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, სადაც ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობლების გადარჩენას ითხოვდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
იმ ფაქტს, რომ ადამიანები დროულად ვერ მოხვდნენ რეანიმაციურ განყოფილებაში, არაფერი ცვლის – კოვიდინფექციის ბრალია რომ ადგილები არ გაქვთ, მინისტრო? და ცოცხალი თავით, არც ლაზარეთებს ხსნით? კოვიდინფექციის ბრალია? სერიოზულად? ინფექციის ბრალია, უფრო ადრე რომ არ გამოავლინა სიმპტომი და როცა გამოვლინდა სიმპტომი და ადგილები ვერ გამონახეთ, არც შველას რომ არ ითხოვთ არავისგან და ხალხი იხოცება, კოვიდის ბრალია? მთელი ზაფხული, შიდა ტურიზმის მოწოდებების და პარკების, სკვერების გახსნის გარდა რომ არაფერი გიკეთებიათ, კოვიდის ბრალია? გრიპის ვაქცინა რომ მხოლოდ მცირე ოდენობით შემოიტანეთ – კოვიდის ბრალია?
კომენტარები