,,ლელოს” გენმდივანი, ირაკლი კუპრაძე:
“ქართული ოცნების” სპიკერის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს 2022 წელს “ლელოს” წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება. “ძლიერ საქართველო – ლელოს” არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა ან ამ ცილისწამების დამადასტურებელ მტკიცებულებები წარმოადგინოს (რაც ბუნებაში ვერ იარსებებს), ან თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის.
საზოგადოდ, რეჟიმის პროპაგანდისტად ქცეული პაპუაშვილისგან ტყუილი და ცილისწამება არც პირველია და არც გასაკვირი, თუმცა, იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რადგან “ქართული ოცნება” ხედავს, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვებზე ეს პარტია და მისი წარმომადგენლები უკიდურესად სუსტად გამოიყურებიან.“











კომენტარები