ჟურნალისტი, ვახო სანაია
“გახარიაზე.
ივანიშვილთან პოლიტიკურ ფლირტს თავი უნდა დაანებოს. თანამშრომლობა გამორიცხულია. ახლა არჩეული სტრატეგიით, მის პარტიას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე – ვადამდელი იქნება ეს თუ გეგმიური – შანსი არა აქვს. პოლიტიკურ ველზე ფაქტორი აღარ იქნება. მისი ერთადერთი შანსი ვადამდელის გაზაფხულზე დანიშვნა იყო ანუ ოპოზიციის მიერ რეფერენდუმის მოგება, სწორედ აქ ხედავდა ივანიშვილთან თანამშრომლობის პერსპექტივას და წიაღში განსხვავებული ფორმით დაბრუნების შანსს.
მეორე საკითხი. თუ ფიქრობს, რომ ივანიშვილთან საკრებულოებში ივაჭრებს, ეგეც უპერსპექტივოა. ჯერ ერთი, სრულიად სხვადსხვა წონითი კატეგორიები არიან, მათ შორის ფინანსურად. რაში სჭირდება გახარიასთან ვაჭრობა, როცა შეუძლია, პირდაპირ იყიდოს გახარიას პარტიით საკრებულოებში მოხვედრილი დეპუტატები.
პერსპექტივა ასეთია : ადვილად დაუშლის საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებულ პარტიას, მერე კი მარტო დარჩენილს, გაანადგურებს ბოლომდე და არა მხოლოდ პოლიტიკურად. შესაძლოა, ციხეშიც გაუშვას, ოპოზიციიდან კი მისი დამცველი არავინ იქნება. ამისთვის ივანიშვილს მაინცდამაინც დიდი ხანი არ დასჭირდება. შესაბამისად, გახარიას ბევრი დრო არა აქვს.
ამიტომ გახარიამ ამ მოკლე პერიოდში უნდა მოახერხოს ქართული ოცნების მაქსიმალურად დაზიანება. ვიდრე ჯერ კიდევ რაიმე გავლენა შერჩენია თავის პარტიასა და ამომრჩეველზე, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ოპოზიციის გაძლიერებას. მაგალითად, ბათუმში, ზუგდიდში, ყველგან, სადაც მოახერხებს.
მესმის, რომ ნიკა მელიასა ან ანზორ მელიასთან ოფისში სტუმრობა და საჯაროდ მხარდაჭერის გამოცხადება გაუჭირდება და ეს არც ოპოზიციის რეპუტაციას წაადგება დიდად, მაგრამ რამე უნდა ქნას ბიძინას დასასუსტებლად. მხოლოდ ასე შეძლებს ოპოზიციაში დარჩენას და მე ვიტყოდი, გადარჩენას.
გახარიამ თავის დროზე უარი თქვა მელიას დაპატიმრებაზე, რამაც მისი პრემიერ-მინისტრობა შეიწირა. ვფიქრობ, ეს მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. მაშინ პრემიერობა დაკარგა, მელიას იმ ფორმით დაჭერა, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, პოლიტიკურ კარიერას დაუმთავრებდა. 20 ივნისზე ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული და ოფისის შტურმი წარმოუდგენლად მძიმე ამბავი იქნებოდა მისთვის. თან არჩევნებამდე სავარაუდოდ ისედაც მოხსნიდნენ ბოლომდე დისკრედიტირებულს.
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებს მიხედონ პოლიტიკოსებმა, მე სხვა რამის თქმა მსურს ამ ვრცელი სტატუსის ბოლოს.
დავწერ მთავარს – ვიდრე 20 ივნისის დანაშაულზე გახარიას პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ის ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი ფიგურა იქნება. და ზოგადადაც მიუღებელი იქნება. 20 ივნისის ტვირთით მოუწევს ცხოვრება, ვიდრე არ იტყვის სიმართლეს. სიმართლე კი ისედაც ყველამ ვიცით, ვისაც უკავშირდება – ბიძინა ივანიშვილს. ამ ნაბიჯით ოდნავ მაინც შეიმსუბუქებს ისტორიულ ტვირთს და იქნებ პოლიტიკაში დარჩენის შანსიც გაუჩნდეს. ამ ეტაპზე ის პოლიტიკური ველიდან გაქრობას იწყებს. რეალურად მისი ამომრჩეველი არ არსებობს, მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, რადგან არც იდეა აქვს და არც ბიძინაზე მეტი ფული. მისი რეიტინგიც მირაჟია და გაქრება.
ვურჩევ, ნელ-ნელა დაიწყოს ლაპარაკი 20 ივნისზე. მთელი მისი პოლიტიკური და პიროვნული ტრაგედია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. თარიღს, რომელმაც შეცვალა ვითარება ქვეყანაში, თბილისის ცენტრში ძალადობრივად დაშალეს ანტისაოკუპაციო პროტესტი და თვალების გარეშე დატოვეს ადამიანები.”
კომენტარები