პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“რამდენიმე შეკითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან:
1. რა გააკეთეს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იმისათვის, რომ ევროპარლამენტს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო რეზოლუცია არ მიეღო? რა სამუშაო გასწიეს ქართველმა დიპლომატებმა, რათა ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო. მგონი, ასობით დიპლომატი გვყავს აკრედიტირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რამდენად ხშირად ჰქონდათ კომუნიკაცია ნაციონალურ და ევროპულ პარლამენტებში წარმოდგენილ პარტიებთან? რამდენ ლიდერს აუხსნეს საქართველოს მდგომარეობა? რამდენად ხშირად უხსნიდნენ საგარეო უწყების თანამშრომლებს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას? რატომ ვერ დაარწმუნეს ისინი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ასეთი რეზოლუციის დამტკიცება დაგვაზარალებდა? თუ ვერ იმუშავეს წესიერად, რატომ არ დგება არავის პასუხისმგებლობის საკითხი? დესტრუქციული ოპოზიცია, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და არეულობის მიზნით ხელს შეუშლიდა ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას, ხომ წინასწარ ვიცოდით? რა გაკეთდა იმისათვის, რომ ოპოზიციის გარდა ხმა სხვა წყაროებიდანაც მისულიყო ევროპარლამენტში?
2. რა გააკეთა ირაკლი კობახიძემ, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის წევრი პარტიის ლიდერმა, იმისათვის, რომ ევროპარლამენტში ერთ სოციალ-დემოკრატ დეპუტატს მაინც გაეწია პრინციპული წინააღმდეგობა რეზოლუციის მიღებისათვის? რატომ არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ისეთივე ერთგული ევროპელი პარტნიორები, როგორც ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას? რაში იხარჯება პარტია “ქართული ოცნებისთვის” ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც წესით პოლიტიკური ორგანიზაციის საერთაშორისო კავშირების გამყარებას უნდა მოხმარდეს?
აქვე: როდის იყო ირაკლი კობახიძე მართალი, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე საკუთარ პორტრეტს ბეჭდავდა, თუ დღეს როდესაც ამბობს: “სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია 45 დღე მიმდინარეობდა და რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც ვერ გავიგეთ”. სირცხვილია, ყველაფერი არ უნდა იკადროს ადამიანმა, რაც არ უნდა მძიმედ გქონდეს საქმე, საკუთარი გადაფურთხებული არ უნდა ალოკო! (პრეზიდენტ შევარდნაძის ტერმინია, ჩემი არა). იქნებ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ურთიერთობისასაც არ ესმის – როდის, რას, რატომ ამბობენ და რას მოითხოვენ ჩვენგან…
3. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, სრულიად დამამცირებელია ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც საუბარია სააკაშვილის ჰუმანიტარული მოტივით გათავისუფლებაზე. დამნაშავის ადგილი არის ციხეში, თუ ავად არის საავადმყოფოში. ამჟამად, დამნაშავეს მკურნალობენ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მორჩა და გათავდა! ამის მიღმა მსჯელობა სამართლის უზენაესობის ისედაც ფეხქვეშგათელილ პრინციპს კიდევ ერთ, დამატებით საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ქართული პოლიტიკის ერთადერთი ოლიგარქი, ოლიგარქები ყველა პარტიაში არიან და ყველანი ერთად ჩამოსაშორებელნი არიან ქართული პოლიტიკიდან. ივანიშვილის ადგილზე ნაყოფიას, კეზერაშვილის, ხაზარაძისა და ფრიდონ ინჯიას გაჯეჯილება, რას ცვლის უკეთესობისაკენ ქართული დემოკრატიისთვის? რეზოლუციას უსამართლო ელფერს სძენს ისიც, რომ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი ის დინამიკა, რომელიც ქართულ მედიაში შეინიშნება. ათი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით ქართული მედია ათასჯერ უფრო თავისუფალი და მრავალფეროვანია. მოკლედ, ბევრი უცნაური თეზისია რეზოლუციაში, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ენმ-სა და მის სატელიტებს არ ეკისრებათ. პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულ უსაქმურებს, რომლებიც ევროპაში მხოლოდ “ჭრელო პეპელას” შესასრულებლად და დახეული ჯინსების საყიდლად დადიან.
არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპარლამენტს უწევს ფიქრი იმაზე, თუ რა ტიპის სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს აშშ-სა და ევროპას, ჩინეთსა და ევროპას შორის; როგორ უნდა დაიძლიოს კლიმატის კრიზისი; რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ახლო აღმოსავლეთში; როგორ უნდა გაუმკლავდნენ მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ ახალგაზრდებს შორის უმუშევრობას; რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ურჩი უნგრეთისა და პოლონეთის მიმართ; რა უნდა უშველონ მიგრაციის პრობლემას და ა.შ. დიდი ბოდიში, მაგრამ 500 მილიონი ადამიანის მომავალზე პასუხისმგებლობის მქონე პირებმა შეიძლება უამრავი დრო არ დახარჯონ ქართული მედია გარემოს შესწავლაზე და ჰიპერაქტიურ წყაროებს დაეყრდნონ. ამ დროს შენ სად ხარ? შენი წყაროები როგორ მუშაობენ? ამ დროს ათასჯერ მეტი არგუმენტია საჭირო იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებს აუხსნა, თუ რატომ არის აღძრული საქმე სამივე ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ. ნუ მოთხოვთ ევროპარლამენტს ჭუტასა და მუტას ბიოგრაფიებისა თუ ბრალის ზედმიწევნით კარგად ცოდნას… მე კი ნუ მანახებთ სამთავრობო ტელევიზიებით რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, აჩვენეთ დოკუმენტები მათ!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეზოლუციაში სიმართლეც წერია, რასაც “ქართული ოცნება” წაუყრუებს ხოლმე. მაგალითად, თქვენ ხომ კარგად იცით, როგორ მიყვარს ქართული მედია, ამაზე ჩემი მედია სიკვდილიც მიუთითებს, მაგრამ 5 ივლისს, რაც მოხდა სრულიად გაუმართლებელია. ვინ დაისაჯა 5 ივლისის პოგრომისათვის? რიგითი, გაუბედურებული, ნერვოზიანი და შესაბამისად, უკიდურესად აგრესიული პროტესტანტები, ბრბოს რიგითი წევრები, ხალხის ეგზალტაციაზე პასუხისმგებელ პირებს ნუშის ბაღები და მილიონები აქვთ, ქუჩაში თავისუფლად დასეირნობენ და პარტიულ ლიდერებად ყალიბდებიან… რატომ არ დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი?
აქვე, ნიკა გვარამია ციხის კი არა, მეტის ღირსია! (გამათხოვრების), მაგრამ ქვეყანა დაიქცეოდა, რომ მისი ბრალი უფრო მყარი არგუმენტებით ყოფილიყო დასაბუთებული და/ან აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას ერთი თვით დაეგვიანებინა?
4. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ დაუსვა კითხვა:” რომელი საათია?”, გიპასუხებენ:” აბა, ომი გინდათ?”. მესმის, რომ შეიძლება არახამიას მსგავს არაკაც ნაძირალას უნდოდეს საქართველოს ომში ჩართვა. შეიძლება ზოგიერთი ანტიევროპული, გერმანიისა და საფრანგეთის ძლიერების მოწინააღმდეგე მარგინალური ძალებიც იყვენენ ამით დაინტერესებულნი … მაგრამ ვერ ამიხსნია, რას მოუტანს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა? რატომ უნდა სურდეს ბაიდენის ადმინისტრაციას ომი საქართველოში? ქვეყანა სისხლისგან და ხალხისგან დაცლილია, საზოგადოებაში ერთიანობის შეგრძნება ნულს უტოლდება, არანაირი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, გეოგრაფიულად იმდენად პატარა ტერიტორია გვიჭირავს, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება მისი ნაწილების ერთმანეთისგან გათიშვა. დიდი მწუხარებით და გულის ტკივილით ვამბობ, რომ საქართველოს ომში ჩართვით ვერც რუსეთს მოვუტანთ განსაკუთრებულ ზიანს და ვერც უკრაინას განსაკუთრებულ შვებას, მხოლოდ ჩვენ მოვისპობით. ამის შესახებ ჩემზე ასჯერ უკეთესად იციან სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვა უწყებებში. მე სოციალისტი ვარ და აშშ-ის მიმართ ზედმეტი სენტიმენტები არ მამოძრავებს, მათი ავ-კარგი შესანიშნავად ვიცი. მიუხედავად ამისა, მაინც დაუჯერებლად მიმაჩნია, რომ აშშ-ს მიზანს წარმოადგენს რამდენიმე კვირით ჩვენი ომში ჩართვა, ჩვენი განადგურება, რუკიდან წაშლა და შედეგად რუსეთისათვის თვენახევრიანი, მსუბუქი დისკომფორტის შექმნა. ფაქტია, რომ ევროპა ბევრ გლობალურ აქტორთან მიმართებით არის არაჯანსაღ სუბორდინაციაში, მაგრამ მისი არარაობად გამოცხადებაც გადამატებულია და უსამართლობად მიმაჩნია.
მოკლედ, ზუსტად მაინტერესებს – არახამიასა და სხვა ტვინგაცხელებული იდიოტების გარდა, ვის სურს საქართველოს ომში ჩათრევა და რატომ? რას მისცემს აშშ-ის საქართველოს ომში მონაწილეობა?
მოვითხოვ, რომ მთავრობამ ისაუბროს არა ოპოზიციის, არა უკრაინელების, არა ამერიკელების, არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის, არამედ საკუთარ პასუხისმგებლობასა და შეცდომებზე! აღიარონ რა შეეშალათ! აღიარებით იწყება შეცდომების გამოსწორება! აღიარების გარეშე ერთ წრეზე ვიტრიალებთ.
—
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – კანდიდატის სტატუსი თუ მოგვანიჭეს, შესანიშნავი იქნება. თუ არ მოგვანიჭეს, ქვეყანა არ იქცევა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობა გაორკეცებული ენერგიით უნდა გავაგრძელოთ.
სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ცხადია, პირველად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა გაგვახსენდეს. ძალაუფლება მათ ხელშია! უბრალოდ, პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი პარტიის კისერზე გადატანა ამებებისა და ინფუზორიების ხელწერაა. ქვეყნის არევაში, დესტაბილიზაციაში, პოლარიზაციასა და ევროკავშირთან შეუთავსებელი ველური კაპიტალიზმის დამკვიდრებაში ლომის წილი მიუძღვის მთელ პოლიტიკურ კლასს!
უსამართლობა იქნება მხოლოდ ის, თუ ჩვენ დაგვჩაგრავენ და მოლდოვასა და უკრაინას წაახალისებენ. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მართალია, როდესაც ამბობს: “თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას”
—
ყველა ის ძალა, რომელიც საერთო ეროვნულ ინტერესებს პირადი მიზნებისთვის იყენებს, არის ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგე!
სადმე არ იმართება ღონისძიება, სადაც საქართველოს ევროპულ არჩევანს დავუჭერ მხარს და საქართველოს ევროპული არჩევანის მტრების გვერდით ყოფნა არ მომიწევს.”
კომენტარები