მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაკვალიფიციური და უდიპლომო იურისტები გენერალურ პროკურორებად, უსამართლო მოსამართლეები კი უვადო მოსამართლეებად გვევლინებიან, ცნობილმა ადვოკატმა, უმაღლესი რანგის იურისტმა, შალვა რჩეულიშვილის მოწაფემ, თინათინ ტომარაძემ, ადვოკატობაც მიატოვა და იურისტის დიპლომიც გვერდზე გადადო. ოცნების რეჟიმის პირობებში, როცა ჩვენი საზოგადოება 3 ნაწილად დაიყო – „ნაცებისა“ და „ქოცების“ მომხრეებად და შუაში დარჩენილებად, თინათინ ტომარაძე სწორედ შუაში დარჩენილი აღმოჩნდა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე გაკრიფა. ყოფილი ადვოკატი „ალიას“ ესაუბრება.
– ქალბატონო თინა, ამდენი იშრომეთ და იღვაწეთ, რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?
– როდესაც ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, სასამართლო და ადვოკატთა ინსტიტუტი, მე ჩემი როლი ვერ დავინახე, ფუნქცია დავკარგე და ავდექი და წავედი, გავეცალე უსამართლობას. ქვეყანაში რომ მართლმსაჯულება იყოს, მთავარი დამნაშავეები დაუსჯელნი იქნებიან? ან სამართლიანობა არ აღდგებოდა? ყველა ვხედავთ, ამდენი დანაშაული ჩაიფარცხა, ამდენი დაზარალებული გააწბილეს, ასეთ მოცემულობაში მე, როგორც ადვოკატი, სხვის დაკრულზე ვერ ვივლი. მაგალითად, პროკურატურაში რეფორმის გატარება ჩემს კოლეგას, არჩილ კბილაშვილს, არ დაანებეს, შემდეგ ფარცხალაძე, ბადაშვილი, შოთაძე. ესენი სულ ფინანსური პოლიციიდან მოიყვანეს. მერე უდიპლომო თადუმაძე. ახლა ისევ შოთაძე. ქართული მართლმსაჯულება არ არსებობს და მე როგორ დავიცვა ასეთ პირობებში განსასჯელი, ცამდე მართალიც რომ იყოს, მოვატყუო? ამიტომ დავტოვე პროფესია. 1937-შიც კი უფრო ადვილად იპოვიდით სამართალს, ვიდრე დღეს. მაშინ სტატისტიკით უამრავი გამამართლებელი განაჩენი დამდგარა, რაც დღეს იშვიათია.
– გამოსავალს რაში ხედავთ?
– სახეზეა კომპრადორული ოლიგარქია, რადგან ქართველი ხალხი ცხოვრობს კლასობრივ საზოგადოებაში, მან კეთილი უნდა ინებოს და ისწავლოს კლასობრივი ბრძოლა. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ეკონომიკური მოთხოვნების წამოყენება, როგორიც არის ხელფასების, პენსიების მომატება, სოციალური საკითხების დაყენება, უმუშევრობის დაძლევის მოთხოვნა, სოციალური შემწეობის ზრდა. აქციებზე ამ მოთხოვნებით არავინ გამოდის. თუ ამ მოთხოვნებს არ უპასუხებს სახელმწიფო და იტყვის, არ შემიძლიაო, მაშინ მთელი სიცხადით დადგება ის, რომ დღეს მოქმედი ოლიგარქია არ არის კომპეტენტური, მართოს სახელმწიფო, რადგან საზოგადოებრივი განვითარების ინტერესები უკანა პლანზეა და ის უნდა წავიდეს. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ კომპრადორული ოლიგარქია 2012 წელს მოვიდა საქართველოში? არა. ის ჩამოყალიბდა 92-95 წლებში, როცა შევარდნაძის ტირანია დამყარდა. როცა 1995 წელს მიიღეს კონსტიტუცია. გაიხსენეთ, რა დიდი ამბით ჩაწერეს კონსტიტუციაში, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ქონების კონფისკაცია არ მოხდებოდა. ეს მათ ღარიბი ხალხისთვის კი არ გააკეთეს, არამედ – საკუთარი თავისთვის და ახლა ვიღაცა რომ იტყვის, მარტო ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქიო, ეს არის ტყუილი.
– რატომ აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“ პოლიტიკური მომავლის იმედი?
-რატომ და არსებობს სხვადასხვა ფარული ფინანსური მექანიზმებიც, რომელიც კომპრადორულ ოლიგარქიას საშუალებას აძლევს გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი მოისყიდოს. მათი პოლიტიკური სატელიტები იმპერიული პატრიოტები არიან. ისინი კაპიტალიზმისგან გაჭირვებულ ხალხს პენსიის დანამატივით შემწეობას უწევენ თვეში ერთხელ თავიანთი ხალხმრავალი აქციებით და თან პოლიტიკურ სარგებელს ნახულობენ. ეს თანხა „პატრიოტების“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატთა ხელფასების დანაზოგი როდია. საინტერესოა, იმპერიული პატრიოტები შევარდნაძეს თუ ეხმარებოდნენ მაშინ, როდესაც პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმი შევარდნაძეს პენსიას არ უხდიდა? ისიც კარგად გვახსოვს, ტელეეკრანებიდან როგორ დაიჩივლა შევარდნაძემ, ჟურნალ-გაზეთების საყიდელი ფული არ მაქვსო. როგორც ჩანს, ეს ილეთი შევარდნაძემ ძველი ბოლშევიკ ლაზარ კაგანოვიჩისგან ისწავლა. კაგანოვიჩმა დაურეკა ჟურნალ „მარქსისტული ფილოსოფიის“ რედაქტორს და სთხოვა, თქვენი ჟურნალი უფასოდ გამომიგზავნეთ, პენსია არ მყოფნისო. ჟურნალი 1 მანეთი და 20 კაპიკი ღირდა, თვეში ერთხელ გამოდიოდა. ამით ბრეჟნევს აგრძნობინა, რომ პენსია არ ყოფნიდა. მაგრამ შევარდნაძე აფერისტობდა, ვითომ არ ჰქონდა, შევარდნაძისგან განსხვავებით, პენსიონერებს ფული არა აქვთ.
–თქვენ როგორ ფიქრობთ, „ოცნება“ საარჩევნოდ მაინც არ გააკეთებს ხალხისთვის არაფერს?
როგორ შეიძლება ვინმემ ირწმუნოს „ოცნების“. გაზაფხული მოდის, გლეხი მარტოა მიწასთან მიტოვებული. იმის ნაცვლად, საწარმოო კოოპერატივები შეექმნათ სოფელში, ამათ კურსი აღებული აქვთ პოტიომკინის სოფლებისკენ და ყველაფერი მოჩვენებით ხასიათს ატარებს. სად არის 2012 წლის ივანიშვილის საარჩევნო პროგრამით დაპირებული მასობრივი მანქანა-ტრაქტორების სადგურები? რაღაც რაოდენობა შექმნეს, მერე ისე მიყარეს, ბავშვი რომ ითამაშებს სათამაშოთი და მერე რომ გადააგდებს სათამაშოს, ზუსტად ისე მიაგდეს ეს ტრაქტორები. ერთი ლექსი მახსენდება: „ყველა სათამაშო გატეხე, რაც კი გაჩუქეს, ბაჩა? არა, ჩაქუჩი დამრჩა“. ეს ჩაქუჩი იმას უნდა ხვდებოდეს, ვინც რეალურ საარჩევნო დაპირებებს იძლეოდა და მერე რომ მოატყუა თავისი ამომრჩეველი, ამიტომ ელოდეთ ჩაქუჩების რევოლუციას. „ნაცები“ იმიტომ წავიდნენ, რომ მშრომელი ხალხის მტრები იყვნენ და მათ შექმნეს მშრომელთა დისკრიმინაციული შრომის კოდექსი. „ქოცები“ იმიტომ უნდა წავიდნენ, რომ საარჩევნო დაპირების უდიდესი ნაწილი არ შეასრულეს. სააკაშვილი საარჩევნო პროგრამის გარეშე მოვიდა ხელისუფლებაში და დაიწყო ნეოფაშისტური სახელმწიფოს შენება. ივანიშვილი კარგი პროგრამით მოვიდა, მაგრამ დაპირება არ შეასრულა.
სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილს არ შეუძლია თავი იმართლოს, რადგან მან კონკრეტული პროგრამული საარჩევნო დაპირებები გასცა, რომელიც არ შეასრულა. ზოგი იტყვის, რამდენჯერ მოატყუა ხალხიო. ეს უკვე სტატისტიკაა. მთავარი ის პირველი ტყუილი იყო, რომლითაც თავისი აბსოლუტური ამომრჩეველი მოატყუა. ახლა მარტო „ქოცებისა“ და „ნაცების“ გაძევებაზე არ არის ლაპარაკი. უნდა დასრულდეს კომპრადორული ოლიგარქია. ახლა „ლელო“ გააქტიურდა, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ისიც კი არ იცის, ტყუილი როგორ თქვას, ვითომ 22 წლის იყო მაშინ, როცა ანდროპოვის რეჟიმს დაუპირისპირდა. ის 22 წლის 88 წელს გახდა, ანდროპოვი კი 88-ში უკვე 4 წლის მკვდარი იყო. ის, ვინც ბიძინას ებრძვის, ბრიყვია. უნდა ებრძოლოს კომპრადორულ ოლიგარქიას.
–ამასწინათ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მაისურზე ეწერა „ქართველი“. როგორ ხსნით ამას?
-როგორ და, კახა ლომაია მახსენდება, როდესაც ილია ჭავჭავაძის იდეების საწინააღმდეგო რეფორმები შემოიტანა სკოლებში და ილია ჭავჭავაძის სახელობის რეფორმა უწოდა, როცა ილიას საწინააღმდეგოს აკეთებდა იმ სკოლებში. ასეთივეა ნანუკა ჟორჟოლიანის მაისური, სადაც აწერია ქართველი და ამ დროს ყველაფერ ქართულს ებრძვის. იქნებ არ იცის ფართო საზოგადოებამ იმ ფაქტის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლის წინ უცხოელებმა ისეთი მშენებლობები დაიწყეს, რომ ეს ტრადიციული სკოლა საერთოდ დაიკარგა. ამბობენ, სკოლა უნდა დაშალონ და მომავალში თურმე ამ სკოლის ბავშვები უნდა გადანაწილდნენ სხვადასხვა სკოლებში. სამხარაულის ფიქტიური დასკვნა დევს ამაზე, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეიძლება. ეს იმიტომ ხდება ყველაფერი, რომ ახალგაზრდა თაობას შეგნებულად დაავიწყონ თავისი ქვეყნის ისტორია, კულტურა და ტვინის გარეცხვა ხდება. სასკოლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ მიზანმიმართულად ხდება მრავალსაუკუნოვანი ჩვენი კულტურისა და ისტორიის უგულებელყოფა.
–რა უნდა ქნას ხალხმა?
-კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ დავიწყეთ კომპრადორულ ოლიგარქიასთან კლასობრივი ბრძოლა, არაფერი გვეშველება. გამოსავალი მხოლოდ ეს არის. სხვა რამეს ვინც შემოგვთავაზებს, მხოლოდ იტყუება.
ნანა სულავა
ალია №5
კომენტარები