ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, შოვში ამხელა ტრაგედია დატრიალდა და პასუხისმგებელი არავინ ჩანს. ხელისუფლება ყველაფერს სტიქიას აბრალებს. გავჩუმდებოდი, მაგრამ უფრო მასშტაბური მეწყერი დასტყდომია თავს ბევრ ქვეყანას, მაგრამ ამხელა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვიღაცამ რაღაცაზე ოდესმე ხომ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა?
– დღევანდელი გადასახედიდან, „ქართული ოცნება“ თუ „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვაზე არიან გადასულები, ჩასაფრებულის პოზიციაზე არიან და ერთმანეთს იმ ბრალდებებს უყენებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე ხელისუფლების მოღვაწეობას დანაშაულებრივს ხდის. პრინციპში, არც ერთი არ ტყუის, ერთმანეთს დანაშაულებრივ ხელისუფლებას რომ ეძახის. სხვა საქმეა, ვინ რა და რამდენი დააშავა. არ მახსოვს ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მსხვილი ტენდერი, არც ერთი წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტი. როდესაც 2015 წელს ვერეს ხეობა ადიდდა და კატასტროფა მოხდა, მაშინ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს საუბრობდნენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ გაითვალისწინა კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნები, მდინარე ვერეს რაღაც ნაწილი მოაქცია მსხვილ მილში, რომელმაც ვეღარ გაატარა წყალი, მერე დაგუბდა და ამან გამოიწვია მდინარის ადიდება. ახლა იგივე სიტუაცია გვაქვს შოვის ტრაგედიასთან მიმართებაში. ბევრი რამის გათვალისწინება შეეძლო ამ ხელისუფლებას და არ გაითვალისწინა. საქართველოში მსხვილი პროექტების დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ჩვენ არ ვანხორციელებთ შიდა პროექტების დაფინანსებას და უცხოეთის იმ ქვეყნების სტანდარტებით ხდება ყველაფერის გამოკვლევა, აშენება, როგორც იმ ქვეყნებშის მიღებული, რომელთა კომპანიებიც ამ პროექტებს ასრულებენ. თუ დავაკვირდებით, ქართველი ინჟინრები, დამპროექტებლები, სხვა სპეციალისტები არ მონაწილეობენ ამ პროექტებში, სულ უცხოელები არიან. ადრე აზერბაიჯანული, თურქული და ისრაელის კომპანიები აკეთებდნენ ყველფერს, ახლა ჩინურ კომპანიებს გაუხსნეს ფართოდ გზა. ყველამ კარგად იცის, რომ ჩინური კომპანიები ვანო ჩხრტიშვილმა შემოიყვანა საქართველოში. ამით დიდი ფული იშოვნეს, კარგად ჰქონდათ ყველაფერი დალაგებული და მერე აირივნენ. უცხოური კომპანიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საინტერესოა, სად გააქრეს ის ქართველი სპეციალისტები, რომელთაც მსხვილი ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ, აპროექტებდნენ და უსაფრთხოდ აშენებდნენ კაშხლებს, ხიდებს საქართველოში, საბჭოთა კავშირის უამრავ ქალაქში და უცხოეთის ქვეყნებშიც. ახლა ყველა პროექტი, რასაც უცხოელები ანხორციელებენ საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა ცუდი შედეგით მთავრდება, ყველა საფრთხის შემცველი გახდა. უცხოელები კომპეტენციით ჩვენს სპეციალისტებს ვერ სჯობნიან და მაინც მათ აძლევენ პროექტებს. გამოდის, რომ დიდი კორუფციული მდგენელია ამაში.
– პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება ჩინურ კომპანიებს აგებინებს მსხვილ ტენდერებს და მერე ეს კომპანიები „ატკატის“ სახით უბრუნებენ თანხებს?
–რა თქმა უნდა, ეგრეა. მოდიან, პასუხისმგებლობა არ აქვთ, ძალიან კარგად იხდიან, უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს და მერე მიდიან, კაციშვილი მაგათი მომკითხავი აღარ არის. სამაგიეროდ, მერე ჩვენი ქვეყნის თავში სახლელი ხდება ეს ყველაფერი, იმ პროექტების ფულსაც ხალხი იხდის. მიზანმიმართულად ხდება ჩვენი განათლების სისტემის დონის დაქვეითება, რომ აქ კარგი სპეციალისტი არ გაიზარდოს. ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან, ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან, თავის დროზე მქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ როდესაც შემოგყავთ უცხოური კომპანიები და ანხორციელებენ სხვა და სხვა პროექტებს, იმ კომპანიებს ვალდებულებაში ის მაინც ჩაუწერეთ, რომ ქართველმა სტუდენტებმა იქ გაიარონ შესაბამისი პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და თან გარკვეული ხელფასიც გადაუხადონ, რომ შრომის მოტივაცია ჰქონდეთ–მეთქი. ეს რომ გაეკეთებინათ, დღეს ბევრი ახალგაზრდა და კვალიფიციური სპეციალისტი გვეყოლებოდა. არ გააკეთეს, რადგან სტუდენტებისთვის ფულის გადახდას, უცხოურ კომპანიებს ურჩევნიათ, პირდაპირ „ატკატი“ გადაიხადონ და მოიხსნან ყველანაირი დამატებითი ვალდებულებები. ასე იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და ასეა დღესაც. განუკითხაობაა ამ სფეროში, ამ განუკითხაობამ, ამ მანკიერებამ მოგვიტანა რამდენიმე ტრაგედია და შოვის ტრაგედიამდეც მიგვიყვანა. ახლა დაიწყო ხელის გაშვერა, იმან ის არ ქნა, ამან ის არ ქნა… ერთი მითხრან, რომელი პოლიტიკური ძალა იყო ამ ქვეყანაში, ცოდნას რომ აფასებდა? არც ერთი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გარდა. ყველა ლანძღავს ყველაფერ ქართულს და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ უცხოურია კარგი. ამ დროს, იმ უცხოური კომპანიების სტანდარტები არ ვარგა, რომელთაც აქ ყველაფერს ვაშებენებთ, რაც გააჩნიათ, იმ სტანდარტებში სვამენ ყველაფერს. ამიტომ ვართ ასეთ კატასტროფულ მდგომრეობაში. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ბაზა, ჩვენი ცოდნა, ჩვენი სპეციალისტები და ქართველი კაცის სიყვარული საკუთარი სამშობლოსი. ადრე, ვინმე რაღაცას თუ აშენებდა, ის იყო მუდმივად ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი იყო და რაიმე რომ მომხდარიყო, მოძებნიდნენ და პასუხს აგებინებდნენ. ის ადამინები არსად გარბოდნენ. მაშინაც იყო უხარისხოდ გაკეთებული საქმეები, იშვიათად, მაგრამ იყო. შესაბამისად, პასუხისგებაშიც აძლევდნენ ხალხს. ახლა გინახიათ, ვინმემ პასუხი აგოს? 22 კაცი შეეწირა 2015 წელს, თბილისის ტრააგედიას და ერთმა კაცმა მაინც აგო პასუხი? არა, არავინ დაუსჯიათ. ადრე, როცა მტკვარი დიდდებოდა, „ორთაჭალ ჰესს“ ხსნიდნენ, რომ წყლის დონე დაცემულიყო, კაშხალი არ გამსკდარიყო და უბედურება არ დატრიალებულიყო. მაშინ სად იყო ადრეული მონიტორინგის საშუალებები, არც ერთი არ არსებობდა, მტკვარს უყურებდნენ, ადიდდებოდა თუ არა. ახლა არის მონიტორინგის სისტემები, მაგრამ ან არ გვაქვს, ან გვაქვს და არ მუშაობს. დღეს, შოვის ტრაგედიის მერე, გამოდიან ზოგიერთები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ბევრს ლაპარაკობენ. 2016–2017 წლებში ამ საკითხზე მიდიოდა საუბარი და უდიდეს წარმატებას უწოდებდნენ ჩინურ ინვესტიციებს. პოლიტიკოს–ბანკირებზე მაქვს საუბარი, დღეს ჩინურ კომპანიებს რომ აკრიტიკებენ. ანაკლიის პორტის აშენებას ჩინელებთან ერთად აპირებდნენ, ეგ როგორ არის? ხომ გითხარი, ადრე დალაგებული ჰქონდათ ყველაფერი ხელისუფლებასთან, მისი გაკეთებული ყველაფერი მოსწონდათ, მერე აირივნენ, გასაყოფი ვეღარ გაიყვეს და დაეჯახნენ ერთმანეთს. ამ საქმეს პოპულისტურად უდგებიან, არ უყვართ ქვეყანა და არ უყვართ ქართველი ხალხი. ხალხი რომ უყვარდეთ, ასეთ მძიმე დღეში მყოფ ადამიანებს ასე არ მოექვეოდნენ, მათ ქონებას ასე იაფად არ შეაფასებდნენ. ყველაზე მძიმე დანაშაული ეს არის. ქართული მიწის, ქართული სოფლის ჩალის ფასად შემფასებელი ბანკირები გვყავს. მერე მათ ამ ქონებას ართმევენ კაპიკებში. რა სამშობლოს სიყვარულზე გველაპარაკებიან?!
– ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ „ნაციონლებისკენ“ იშვერენ ხელს, გეოლოგიის და სხვა კვლევითი ინსტიტუტები, ლაბორატორიები დახურს, ამიტომ ვართ ამ დღეში. დღეს ისინი რომ გვქონდეს, ბევრი უბედურების აცილებას შევძლებდითო. იმათ დახურეს, მაგრამ 11 წელიწადში, ყველაფერის თუ არა, ნაწილის აღდგენა არ შეიძლებოდა?
– კი, შეიძლებოდა, მაგრამ ამათ თავიანთ კომფორტს გადააყოლეს ყველაფერი, ეს უდავოა. თუმცა, „ნაციონალებმა“ ამ მხრივ მართლა ბევრი დააშავეს. ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკის შედეგი იყო, ყველაფერი რომ გაყიდეს, ის იძახდა, ყველაფერი გავყიდოთო. კაი, გაყიდეს და რა მიიღო აქედან ქვეყანამ და ბიუჯეტმა? არაფერი, რაც მოეწონათ, ყველა კვლევითი ინსტიტუტის, სხვა სამეცნიერო დაწესებულებების შენობები ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს ქვეყანაში, სადაც მშენებლობის ბუმია და რაღაც პატარა დეპარტამენტად შეიყვანეს ეკონომიკის სამინისტროში. მთელი ქვეყანა თავიდან ასაშენებელია, თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა ავაშენოთ. ურბანული დაგეგმარება და ათასი რაღაც არის გასაკეთებელი და ეს როგორ უნდა გაკეთდეს, სად რა უნდა აშენდეს, როგორი უნდა აშენდეს, ამ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს მშენებლობის სამინისტრო. ბიუროკრატიული აპარატის გაზრდის მომხრე არ ვარ, მაგრამ მშენებლობის სამინისტრო აღსადგენია, მის შენახვაში ფული არ უნდა დაგვენანოს. მერე, მერიებს მისცეს მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება და ამან სრული ქაოსი გამოიწვია, არქიტექტორებიც არ გყავთ. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი აღადგინა. ამ კვლევითი ინსტიტუტების აღდგენა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება. ერთი წინასაარჩევნო დაპირება მითხარი, რომელიც შეასრულეს. რაღა ამას შეასრულებდნენ? „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. თუმცა, მე იმაზე მინდა ვთქვა, რომ დღეს ყველაზე მეტს რომ ლაპარაკობენ ხელისუფლებიდან, ერთი ჯიშისანი არიან ეგენიც და „ნაცმოძრაობაც“. ადრე „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ მეორე–მესამე კატეგორიის პოზიციებზე, მაშინ ასაკი არ ყოფნიდათ, პატარა ლეკვები იყვნენ. მათი მიდგომა არ შეიცვალა, მოვიდნენ ხელისუფლებაში და აგდებული დამოკიდებულება აქვთ იმ საქმესთან, რაც აბარიათ და ხალხთანც. თან უსწავლელები არიან, წიგნი ამათთვის უცხო რამეა. თანამდებობაზე არიან და კითხვებს რომ უსვამენ, რცხვენიათ. როგორ, თანამდებობებზე არიან, სხვაზე მაღალი პოსტი უკავიათ და როგორ შეიძლება, იმ სხვამ მათზე მეტი იცოდეს. მათთვის კონკრეტული სფეროს, საქმის სპეციალისტი არაფერს ნიშნავს. ვისაც თანამდებობა და ბევრი ფული აქვს, ის არის განათლებული და ჭკვიანი. ვიდრე ეს მიდგომა არ შეიცვლება და ვიდრე ეს უსწავლელი ხალხი იქნება პოლიტიკაში, მანამდე არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში.
27 ათასი მდინარე რომ გაქვს ქვეყანაში, გეოლოგიაც უნდა გქონდეს უმაღლეს დონეზე, გეოდეზიაც და ჰიდროლოგიაც.თან ჩვენს მომავალს თუ ენერგეტიკულ განვითარებას დავუკავშირებთ, ჰესების მშენებლობას, მაშინ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა მდინარის ისტორიის შესწავლას,მათ წყალუხვობას, ქმედებებს საუკუნეების განმავლობაში. საქართველოში იყო ძალიან კარგი ინსტიტუტები, რომელიც ამას სწავლობდნენ. ყველა დიდი, წყალუხვი და ღვარცოფული მდინარის კი არა, ყველა პატარა მდინარისა და რუს, ყველა მთის კი არა, ყველა გორაკისა და ბორცვის შესახებ იყო ინფორმაცია. უამრავი რუკები არსებობდა და სად გაქრა წლების განმვლობაში დაგროვებული ცოდნა. სად არის ეს რუკები, ეს ინფორმაცია? სად გაქრა? რატომ არავინ მოიძია? თუ დაიკარგა, დანაშაულია, თუ გარეთ გაიტანეს და გაყიდეს, ეს უფრო დიდი დანაშულია. ახლა იმზეა ლაპარაკი, რატონ არ აყენა შოვის მდინარებთან მონიტორინგის სისტემები.ზოგადად, რატომ არ აყენია საქართველოს ღვარცოფულ მდინარეებთან. არც ეყენა და არც დაყენებენ. რატომ დააყენებენ, „ატკატი“ იმათ არ მოაქთ და პირიქით, ხარჯიანია. ორ– სამკაციანი ბიური მაინც უნდა შექნმან ადგილზე, რომ მიიღონ მონიტორინგის მონაცემები, გადაამუშაონ და მერე ის მინიტორინგის ცენტრში გააგზავნონ. არც ეს ცენტრი გვაქვს. დათვალეთ ახლა, რამდენი ასეთი ბიუროა შესაქმნელი და იმ ბიუროებსა და ცენტრში კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმონ. არ უნდათ ამ ხარჯის გაწევა. არადა, ამ მინიტორინგის სისტემის შექმნა აუცილებელია. დღეს ხომ გჭირდება და შეიძლება 20–30 წლის მერე გამოადგეთ მომავალ თაობებს. ეს რაში აინტერესებთ ამათ. დღეს უნდათ ყველაფერი, გადაიხადე „ატკატი“, წადი, სადღაც დაისვენე, ეს ბიუჯეტიდან მოპარული ფული ბანკში დააბინავე და გემრიელად იცხოვრე, ეს არის მაგათი საქმე.
– შოვში, მდინარის კალაპოტში იდგა კოტეჯები, თბილისში, ვერეს ხეობაში, სადაც დიდმა ღვარცოფმა გამოიარა, კორპუსები ჩადგეს, ჟვანიას ქუჩაზე ფერდობი მოჭრეს და კორპუსი ჩადგეს, „პროკურორების კორპუსს“ ეძახიან. ამ ფერდობის მოჭრით, უკვე მეწყერსაშიში ზონა გახდა ის ადგილი, რამდენიმე დღიანმა წვიმამ შეიძლება ჩამოშალოს. ამ და სხვა ამგვარი სამშენებლო ნებართვების გამცემები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ესენი საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?
– ეგ არის უბედურება, რომ ესენი ერთმანეთს არ დასჯიან. გიჟებივით გაიძახის ყველა–ჩვენ ერთი გუნდი ვართ! როგორ შეიძლება, პარლამენტი, თბილისის მერია, სუს–ი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები ყველა ერთი გუნდი იყოს? ესე იყო სააკაშვილის დროს და ახლაც ეგრეა. ესენი უნდა იყვნენ ჯანსაღად დაპირისპირებულები, როცა ამას საქმე მოითხოვს, ერთმანეთს კი არ უნდა გადაეფარნონ. პოლიტიკიდან თავისუფალი სტრუქტურები უნდა იყვნენ, რომ ერთმანეთი აკონტროლონ. რაც შეეხება მშენებლობებს, ნებართვებს, სპორტის სასახლესთან რომ კორპუსებია, დასაჭერია ის ხალხი, ვინც მათი მშენებლობის ნებართვა გასცა. ღმერთმა დაიფაროს ყველა და ერთი წამით დავუშვათ,მიწისძვრა მოხდა – კატასტროფა დატრიალდება, ჯერ ხარისხი თქვი ამ კორპუსებისა და მერე სიმჭიდროვე. ჩვენ სეისმურ ზონაში ვიმყოფებით, ეს უნდა გავითვალისწინონ. თქვენ, რომ ახსენეთ ის და სხვა შენობები, რომლებიც იქ აშენდა, სადაც არ უნდა აშენებულიყო, იდგება 10 და 20 წელი და მერე რომ მოხდეს რაღაც, ვინც იმ დროს იქ იცხოვრებს, ის ადამიანები ხომ ცოდოები იქნებიან, მათზე გადატყდება ყველაფერი. თან მშვიდად იქნებიან, იმ საფრთხის შესახებაც არაფერი ეცოდინებათ, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენს მერე ყველაფერი წყალს წაუღიაო, ეგრე არ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენი წინაპრებივით უნდა ვიცხოვროთ, რომლებიც ისე აშენებდნენ ყველაფერს, რომ საუკუნეებს, მიწისძვრებს და სხვა სახის სტიქიურ მოვლენებს გაუძლო, რამდენი ეკლესია–მონასტერი, ციხე და სხვა არის შემორჩენილი და ბევრი პირვანდელი სახით. ეს იმიტომ, რომ ისინი მარტო თავინთვის არ აშენებდნენ, ისე აშენებდნენ,რომ მომავალ თაობებსაც გამოსდგომოდათ და გამოადგათ კიდეც.
კომენტარები