ჟურნალისტი, ნელიკო ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩემს მიერ გაგზავნილი განცხადების შესახებ რომ ვწერდი, წყალი არ მოგვეწოდება სათანადოდ, 20 მმ -იან მილზე 20-ზე მეტი ოჯახია ჩამოკიდებული 10 საათიდან 16 სთ-მდე მეთქი, ალბათ გახსოვთ. დეკემბერში დავწერე განცხადება სიღნაღის მერის სახელზე, რომ დაგვხმარებოდა და 20 მმ-იანი მილი გამოეცვალათ. თებერვლამდე ველოდე და დავიწყე ჩემი განცხადების მოკითხვა ჯერ სოფლის რწუნებულთან, რომელსაც ჩავაბარე, მერე, მერის მოადგილესთან. იპოვეს სადღაც მიგდებული. სიღნაღის მერის პირველ მოადგილეს,, ბეგიაშვილს პირადად ვესაუბრე, ავუხსენი მდგომარეობა და შემპირდა, რომ დაგვეხმარებოდა. არ გეგონოთ გრანდიოზული პროექტის ჩატარებას ვითხოვდეთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, დაახლოებით 3 კილომეტრზე გვინდა რეზინის მილი და მისი მიწაში ჩადება. მოკლედ, რამდენჯერმე კიდევ მომიხდა ბეგიაშვილთან დარეკვა და შეხსენება, რომ დაპირება შეესრულებინა. ბოლოს მითხრა, იცით, თქვენმა სოფლელებმა მითხრეს, რომ აღნიშნულ ბურღზე პრობლემა არ არის. ეს წყალი თურმე ბატონ ილიას (საკრებულოს ამჟამინდელ თავ-რეს, წინათ ვაქირის რწმუნებულს) დაუყენებია (სავარაუდოდ, მას ესაუბრა ბეგიაშვილი და ბატონმა ილიამ უთხრა, რომ პრობლემა არ არსებობდა და თურმე, 20-ზე მეტი ოჯახი ვიტყუებით. ამ დროს, თავად ტყუის, აღნიშნული ბურღი მისი ხელმძღვანელობის დროს არ გაკეთებულა და არც ის იცის რაიონის თავკაცმა, რა დღეშია აქ მაცხოვრებელი ხალხი), მე თავად ჩამოვალ, რომ ვნახო, რა ხდებაო. ეს დაპირება სწრაფად შეასრულა მერის მოადგილემ და მოვიდა სოფლის წარმომადგენელთან ერთად. ნახა მდორედ მოწანწკარე წყაროები, მაგრამ ნირი არ გაიტეხა და ჯერ თქვა, აბა როგორ გინდათ, ეს წყალი სარწყავი არ არის, სასმელად კი გეყოფათო და ათასგვარი მაგალითიც მოგვიყვანა, მის სოფელში, მოხუცი ქალი როგორ რწყავდა ლეღვს და მის მშობლებს წყალს არ აძლევდა. ყველგან იგივე პრობლემაა და უნდა იკმაროთო, დაგვიბარა წერეთელივით, თუმცა ბოლოს მაინც გამოიღო მადლი და რადგან შეგპირდით, აუცილებლად გავაკეთებ, კორონავირუსის მერეო (ეს მერეც დადგა!), გვითხრა, თუმცა, ალილო და ხვალეო, ჯერ მისი დანაპირები მილები, არსად ჩანს.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ წყალს, რომელზეც მაქვს საუბარი, ადგილობრივები დასალევადაც იყენებენ, რადგან უბრაგონოდ გაკეთებულმა ბურღებმა, ბუნებრივი წყაროების დაშრობა გამოიწვია და უბრალოდ, სოფელში, სხვა სასმელი წყალი არ არსებობს. აღნიშნული წყალი კი, რა თქმა უნდა, საშინლად დაბინძურებულია და ლაბორატორიული შემოწმების გარეშეც, ადვილად შესამჩნევია მისი სიბინძურე. რეალურად, ამ წყლის სასმელად გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ საქართველოში, ხალხის ჯანმრთელობისთვის ვინმე რეალურად ზრუნავს?
ჭაბურღილებზე არ არის ფილტრები და ავზს სახურავი არ გააჩნია. გასულ ზაფხულს გამოქვეყნდა ამ ავზის ფოტო, რომელშიც გახრწნილი ციყვი იყო ჩავარდნილი. ამის შემდეგ, წყალი, უბრალოდ დაქლორეს. ეს იყო და ეს.
მოკლედ, ამ სასმელი წყლის ავზებში, ვისაც უნდა, როგორც უნდა, ისე აფათურებს ხელებს- გაჰყავთ ახალი ქსელები, ჭრიან მილებს, იპარავენ წყალს… და განმკითხავი არავინაა.
მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა ტურიზმის განსავითარებლად. აი, მეც მაქვს პატარა ტურისტული ბიზნესი სოფელ ვაქირში, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი, როცა თბილისიდან გადმოვსახლდი და ძველი სახლის მშენებლობა დავიწყე, მაგრამ სოფელში, სადაც სასმელი წყლის პრობლემაა, სადაც დაბინძურებული წყალი მოწანწკარებს და ისიც სადავო და საჩხუბარია, როგორ უნდა ააწყო საქმე? ვის ატყუებენ, რომ ხელს უწყობენ სოფელს? ადგილობრივ ტურიზმს? ბინძური წყალი დავალევინო ტურისტს თუ უწყლოდ დავახრჩო ან ოფლიანი, დაუბანელი ვატარო? ეს ყველაფერი ბლეფია, ხალხო, ბლეფი…
სოფელში ახალი პროექტები წამოიწყეს, სკვერებს აკეთებენ და უნდა აღადგინონ სიღნაღი -ვაქირის საფეხმავლო ბილიკი. ეს ყველაფერი კი თურმე ტურიზმის ასაღორძინებლად კეთდება. ამჯერად ყველა ნიუანსს რომ არ შევეხო, მხოლოდ ერთს ვიკითხავ, სიღნაღიდან ვაქირში, 5 კმ-ზე რომ ტურისტი ჩამოძანძალდება ფეხით, რა უნდა დაალევინოთ, გახრწნილი ცხოველებისგან გაბინძურებული წყალი?
ხოდა, რას ხმარდება და რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, ამაზე, მერე ვილაპარაკოთ.
მოგვიწესრიგეთ წყალი და გააკეთეთ ფილტრები! ეს არის აუცილებელი და საჩქარო! ეს უნდა პირველ რიგში ხალხს და ტურიზმის აღორძინებას. თქვენ რა გინდათ, ეს ცოტა ხნით გვერდით გადადეთ, თორემ არჩევნები წინაა და ხალხიც ყველაფერს კარგად ხედავს…”
კომენტარები