საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას დედა სოციალურ ქსელში შვილის თავის ქალის რენტგენის ფოტოს აქვეყნებს.
ამ თავის ქალაზე დარჩენილი უმძიმესი კვალი არის იმ სისასტიკის შედეგი, რომელმაც ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დაუმახინჯა და სამუდამო დაღი დაასვა.
ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და ასეთი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა, არ გაიხაროს ალექსის ცოდვით. არავის აქვს უფლება, ასე დაუნგრიოს ახალგაზრდა ადამიანს ცხოვრება და შემდეგ უსირცხვილოდ, დაუსჯელად იაროს გარეთ.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები თავისუფლად დადიან, მაშინ როცა ჩვენი შვილები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და მომავლისთვის იბრძვიან.
ასეთი ხელისუფლების ხელშია ჩვენი ახალი თაობის ბედი — ახალგაზრდების, რომლებიც საკუთარ აზრს გამოხატავენ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. ახალგაზრდებს, ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ, სასიკვდილოდ იმეტებენ და მათი სიცოცხლის ფასად საკუთარ ძალაუფლებას ინარჩუნებენ.
ალექსის თავის ქალაზე დარჩენილი ეს კვალი მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არ არის. ეს არის იმ უსამართლობისა და სისასტიკის სიმბოლო, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.
დედის გულს ყველაზე მეტად ის ტკივა, რომ ჩემი შვილის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა. მისი ტკივილი, დაკარგული ჯანმრთელობა, შიში და მომავლის გაურკვევლობა ვერავინ დამიბრუნებს.
მაგრამ მე არ გავჩუმდები. სანამ ძალა მექნება, მოვითხოვ სიმართლეს და სამართლიანობას ჩემი შვილისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც ასეთივე უსამართლობის მსხვერპლი გახდა.
ღმერთმა განსაჯოს ისინი, ვინც უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლსა და ტკივილზე აგებენ საკუთარ მომავალს. მე კი მხოლოდ ერთს ვითხოვ — ჩემს შვილს მიეცეს მშვიდად ცხოვრების, მკურნალობისა და მომავლის უფლება,” – წერს ალექსი თირქიას დედა.
ალექსი თირქია საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 3 დეკემბერს დაშავდა. ახალგაზრდას ღია ჭრილობი, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობი და ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.











კომენტარები