ანი დვალიშვილი
მიზანი მიღწეულია – მთავარი პოლიტიკური თემა პარლამენტში პრეზიდენტის და პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურებია. ოპოზიცია შეეცდება იმპიჩმენტით ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვას, უმრავლესობა კი საკონსტიტუციო სასამართლოში 80 ხელმოწერით წავიდა და სალომე ზურაბიშვილის გაშვებას აპირებს. რეალურად, ერთიც და მეორე ინიციატივა ჩანასახშივე განწირულია, რადგან ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დაუჭერს მხარს და პირიქით – უმრავლესობა პრემიერს არ გააშვებინებს. რა გამოდის? რისთვის სჭირდებათ პარლამენტარებს იმ პროცედურებზე დროის ხარჯვა, რომელსაც ბოლომდე ვერ გაიტანენ? საქმე ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიან აწყობს, ისედაც ნიჰილისტური განწყობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს მოსახლეობაში, აი, ოპოზიციას კი სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, რადგან კარგად იციან, ვადამდელი არჩევნები არ იქნება და წინასაარჩევნო პროცესის დაწყებამდე, როგორმე ეს დრო უნდა გაიყვანონ და მოჩვენებითი აქტიურობის საუკეთესო შესაძლებლობა, სწორედ ღარიბაშვილზე იერიშის მიტანაა.
„ჩვენი მისია მარტივია – პლენარული სხდომების დროს, ოპოზიციას არ უნდა დავუთმოთ არაფერი, რაც შეიძლება მეტად დავამციროთ, არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი უკან დახევას არ აპირებს, არაფრის დათმობას არ აპირებს“, – გვეუბნება უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი.
რეალურად, არჩევნები ხვალვე რომ ჩატარდეს, „ოცნება“ ამისთვის მზად არის. ერთადერთი, რაც ბოლომდე არ დაკომპლექტებულა და ჩამოყალიბებულა, საპარლამენტო სიაა, მაგრამ მონახაზი არსებობს და მოქმედი პარლამენტარებიდან, აბსოლუტურად ყველამ იცის, ვინ იქნება სიაში და ვინ არა. აი, ვინც არ იქნება, ის თავისთვის თბილი ადგილის მოძებნით უკვე არის დაკავებული და გვერწმუნეთ, უმუშევრად და „უხელფასოდ“ არავის დატოვებენ. ჰო, ხელფასი ზოგადად სიმბოლურ სიტყვად იქცა, როცა საქმე ჩინოვნიკებთან გვაქვს, რადგან მხოლოდ ხელფასზე ყოფნა „ტეხავს“ კიდეც.
პოლიტიკური ძიძგილაობის პარალელურად, ყველას დაავიწყდა ის პრობლემა, რომელიც მთელ საქართველოს ემუქრება. კლიმატის ცვლილების გამო, დასავლეთ საქართველოს ლამის მთელი ტერიტორია და მთა-თუშეთი მეწყრულ ზონად იქცა. ხმამაღლა ეგებ არავინ ამბობს, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ უმძმესი შემოდგომა და კიდევ უფრო მძიმე გაზაფხული გველოდება. ამის მიუხედავად, იმავე დასავლეთ საქართველოში, ტყეების ჩეხვა არ წყდება და დამშლელიც არავინაა – კონკრეტულ ადამიანებს წლის ბოლომდე „გეგმა“ აქვთ შესასრულებელი და საქართველოდან ყოველდღიურად ასეულ ათასობოთ ლარის ხე-ტყე გადის. ჩვენ კი მივეჩვიეთ იმას, რომ მეწყერში მოყოლილი ადამიანების ოდენობას ვითვლით და აგერ, შოვის ტრაგედიის შემდეგ, ერთ თვეში, გურიაში მომხდარი საშინელება თითქოს ისე ვეღარ აღვიქვით, თითქოს ტრაგედია აღარ შეგვიქმნია, არადა ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე წაიღო მოვარდნილმა მიწამ. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ პასუხისმგებელი არავინაა და არც შოვის ტრაგედიაზე, არც გურიაში მომხდარზე, არავინ დასჯილა და გვერწმუნეთ, არც დაისჯება. ახლა ვიღაც იტყვის, მეწყერი ყველგან ხდებაო, მაგრამ კონკრეტული პირები ხმამაღლა რომ ამბობენ, გავაფრთხილეთ შესაბამისი სამსახურები, ხელისუფლების უმაღლესი პირები, რომ მეწყერი იყო მოსალოდნელიო და არავინ ყური არ შეიბერტყა, პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს? მაგრამ არა, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არაფერზე ისჯება და ვაი, რომ ამის პროტესტის უნარიც აღარ შეგვწევს.
გაგვაოცა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განაცხადა, მე იმიტომ კი არ ამირჩიეთ, ვინმეს დავუჯერო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გემსახუროთო. ანუ, პრეზიდენტმა ისე ილაპარაკა, თითქოს მმაღთველი გუნდი მის არჩევასთან არაფერ შუაშია და ამომრჩევლემა მართლაც მას, სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. ეს ოპოზიციისთვის კარგია, რადგან ზურაბიშვილს ხალხის რჩეული ჰგონია თავი და კიდევ ბევრ ისეთ რამეს იზამს, რაც ხელისუფლებას გააღიზიანებს, მათგან უმთავრესი კი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება გახდეს. ის, რომ სალომემ შესაძლოა, ეს ნაბიჯი გადადგას, არავინ მალავს და რაც მთავარია, უკვე „ოცნებაშიც“ ირწმუნეს, რომ პრეზიდენტმა მართლაც შესაძლოა გააკეთოს ის, რაც არ აწყობთ. ალბათ, ამას უნდა დავაბრალოთ აქტივისთვის გაგზავნილი ახალი მესიჯი – „კარგი იქნება, თუ მიშას გაათავისუფლებენ, ნაციონალებს სააკაშვილთან ერთად დავამარცხებთ და საბოლოოდ დავასამარებთ“. ამას იმეორებენ რეგიონალურ შტაბებში, მაგრამ შინაგანად ყველამ იცის, რომ სააკაშვილთან ერთად და მის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი სხვადასხვა ძალაა და დამარცხება ბევრად რთული იქნება. თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერები საკუთარ აქტივს სწორედ სააკაშვილის გამოსვლით აგულიანებენ, აქაოდა, მიშა „ოცნებას“ ხერხემალში გადატეხავსო, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ სააკაშვილს გათავისუფლების შემთხვევაში, ისეთი რეალობა არ დახვდება, როგორც ჰგონია და როგორც წარმოუდგენია. ამას მიშა მაშინაც უნდა მიმხვდარიყო, როცა გარანტია მისცეს, ოღონდ საქართველოში დაბრუნდი და თუ დაგიჭერენ, მთელი საქართველო ფეხზე დადგება, ციხეს შტურმით აიღებს და გაგათავისუფლებსო. მაშინ სააკაშვილმა ეს დაიჯერა და ეგებ ბოლომდე დღესაც არ სჯერა, რომ მოატყუეს და იგივე მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორიც 2003-04 წლებში ჰქონდა.
მიმდინარე წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტებში სერიოზული ცვლილებები მოხდება. შეიცვლებიან მოადგილეები, სამსახურის უფროსები (აღმოსავლეთ საქართველოში ეს პროცესი უკვე დაწყებულია) და თანამდებობებს ის პირები დაიკავებენ, რომლებიც არჩევნების ჩატარებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას, შემდეგ კი, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან და ადგილებზე უმაღლესი თანამდებობის დაკავებაზე ექნებათ პრეტენზია. ოღონდ, ეს იმ ხალხს, რომლებიც არჩევნებზე დადებით შედეგს დადებენ, თორემ ვინც ვერ მოიგებს, სამომავლო პერსპექტივასაც დაემშვიდობება. გაგიკვირდებათ და, რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე გადაწყვეტილია მოქმედი მერის დატოვება და მათ სრული თავისუფლება მისცეს, როგორც კადრების შერჩევაში, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. წესით, ოპოზიციისთვის საზომი კარსმომადგარი შუალედური არჩევნები უნდა იყოს, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ აღნიშნულ არჩევნებში შანსი არ აქვს და პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით, ხელისუფლებას მარტო ტოვებს. არ გეგონოთ, ხელისუფლებას ამის შერცხვება, დამაჯერებლად მოიგებს, უფრო დამაჯერებლად იზეიმებს და ხმამაღლა იტყვის, რომ კონკურენტი უბრალოდ, არ ჰყავს.
და ერთიც – ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიციას წინასაარჩევნოდ სისხლი სჭირდება და აუცილებლად მოაწყობს ფართომასშტაბიან დაპირისპირებას, სადაც მუშტი-კრივში მონაწილეობას 200-მდე აქტივისტი მიიღებს და სისხლიანი ცხვირ-პირიც მრავლად იქნება. ეს ოპოზიციას ორი რამის გამო სჭირდება – ერთი, რომ დასავლეთს დაანახოს, ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებს და მეორე, საკუთარი აქტივი შეაგულიანოს, უარს ჩხუბზეც არ ვამბობთო. რამდენად წაადგება ნაცემი აქტივის ნახვა ოპოზიციის მხარდამჭერებს, ერთად ვნახავთ.
პ.ს. თუ აკვირდებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით, წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია. წელს არნახულად ბევრი საზამთრო და ნესვი შემოვიტანეთ, რეკორდი მოვხსენით მწვანილის შემოტანაში, შარშან რეკორდულად ბევრი ხახვი და კარტოფილი ვიყიდეთ. ანუ, ის, რასაც ვაწარმოებდით, არათუ შემცირდა, ლამის განულდა (განსაკუთრებით მწვანილი) და თუ გამოსავალი არ მოვნახეთ, გაისად ბევრად ცუდ მდგომარეობაში ვიქნებით. ვინმე იფიქრებდა, თუნდაც 3-4 წლის წინ, რომ ბაზარზე უფრო მეტი შემოტანილი საზამთრო გვექნებოდა, ვიდრე ადგილობრივი? ვინმე იფიქრებდა, რომ მწვანილს უფრო მეტს შემოვიტანდით, ვიდრე ვაწარმოებდით? კვდება სოფლის მეურნეობა და…
„ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მითითებით, საქართველოში კვერცხის შემოტანა აიკრძალა, რადგან ხელი ადგილობრივ წარმოებას შეწყობოდა და ადგილობრივმა ბაზარმა შემოტანილი კვერცხი 98%-ით ზუსტად 6 თვეში ჩაანაცვლა, ანუ რესურსი იმისა, რომ კვერცხი სრულად ადგილზე გვეწარმოებინა, გვქონდა და გვაქვს. ახლა კი, სიტუაცია ისევ შეიცვალა და „თეთრ ოქროდ“ სახელდებული კვერცხის შემოტანამ ისევ დიდი მასშტაბები მიიღო. შედარებისთვის, შარშან მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ 2 მილიონის კვერცხი შემოვიტანეთ, რაც ბევრი ნამდვილად არაა, წელს კი, პირველ კვარტალშში, უკვვე 3 მილიონზე მეტი კვერცხია შემოტანილი. ამ სფეროს მონოპოლია კვლავ ხდება და თუ მთავრობა არ ჩაერევა, ადგილობრივი ბიზნესი ამ მიმართულებითაც ისევე ჩაიქნევს ხელს, როგორც სხვა ბევრ რამეზე ჩაიქნია“, – გვეუბნება ერთ-ერთი ფერმის დამფუძნებელი, რომელმაც სწორედ იმის გამო, რომ აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე გაკეთდა, სამ წელიწადში კვერცხის წარმოება 17-20 ათასიდან, ლამის 200 ათასამდე გაზარდა. ახლა კი… ახლა გადარჩენას ცდილობს და იძულებულია, კვერცხის ფასი იმდენად დაწიოს, რომ მოგებაზე კი არა, ფერმის შენარჩუნებაზე იფიქროს.
პირდაპირ ვთქვათ – სანამ ივანიშვილი კვერცხზე აკრძალვას დადებდა, ამ ბიზნესს სრულად მისი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კურირებდა, მაგრამ ივანიშვილის ხათრითა თუ შიშით, სფეროს ჩამოშორდა და მონოპოლიაც მოისპო. ახლა კი, ვიღაცამ ისევ გაბედა და კვერცხს დიდი თათი დაადო. მივა თუ არა ეს ამბავი ივანიშვილის ყურამდე და როგორ გადაიტანს ჩანაცვლებას მამაცაშვილი, ძნელი სათქმელია.
კომენტარები