“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, კორუფციის მკვლევარი ქეთევან ენუქიძე:
არის რაღაც რომაული ჩემს ერში…
არა მთავარი, არამედ…
პრინციპში, ვითომ, რატომ არ არის მთავარი ჭამა-ყლაპვის სიყვარული?
ჩვენმა ეროვნულმა ბრძენმაც ხომ თქვა, სუფრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არისო?
მოკლედ და ლაკონიურად – რას ჭამდნენ რომაელები?
რაც მთავარია, მათთვისაც რიტუალი ყოფილა ჭამა.
res publica მოიაზრებდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქის მონაწილეობას, არამედ საზოგადოების სწრაფვას სადღესასწაულო რიტუალური ტრაპეზობისკენ.
თუ ადამიანი მარტო (მხოლოდ ოჯახთან ერთად) სადილობდა, ეს კარგი ნიშანი არ იყო.
საუზმე სხვა საქმე იყო, მაგრამ არა სადილი!
მაგალითად, ლუკულუსმა, რომელსაც რატომღაც იუპიტერი გაუწყრა (ალბათ), საკუთარი თავი მიიწვია ტრაპეზზე.
ძირითადი საკვები მარცვლეული და ბოსტნეული იყო.
ნიორი, ხახვი, თალგამი, ბოლოკი, კომბოსტო, ჭარხალი, გოგრა, კიტრი დაბალი ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ არისტოკრატები ხორცეულითაც იკოკლოზინებდნენ პირს.
ძალიან უყვარდათ სანელებლები – ჯანჯაფილი, კამა, დაფნა, წიწაკა, დარჩინი.
დიდ პატივში იყო ხილი.
ყურძენს, ძირითადად, ღვინოში უშვებდნენ.
ციტრუსი არ მოჰყავდათ.
მთავარი კერძი მაინც პური და ფაფა იყო.
ფაფებს ხარშავდნენ მოხალული ხორბლისგან წყალში ან რძეში.
პური საფუარის გარეშე მზარდდებოდა, მჭადივით.
ფაფაში სალათის ფურცლებს და ბოსტნეულს ამატებდნენ.
განსაკუთრებით პოპულარული იყო ყველი.
ძროხები არ ჰყავდათ.
ცხენებს ომში იყენებდნენ, ვირებით ხნავდნენ, ხორცისა და რძისათვის აშენებდნენ თხებს, ცხვრებს და ღორებს.
ღორები ძალიან უყვარდათ!
სუფრაზე მიდიოდა რძე, ხაჭო და ყველი, კარაქისგან კი წამლები მზადდებოდა.
ხორცს წვავდნენ, ხარშავდნენ, აკეთებდნენ შაშხს და ძეხვს. პოპულარული იყო კვერცხი და ქათმის ხორცი.
ფრინველის ხორცი და თევზიც ძალიან უყვარდათ. დელიკატესებად ითვლებოდა მტრედის, ბულბულის, შაშვის, წეროს და ფარშევანგის ხორცი.
აბა, ის რა ნადიმი იყო, რომელზეც ერთ-ორ ფარშევანგს არ წააგდებინებდნენ თავს?!
სვეტონიუსი აღწერს ერთი წვეულების ამბავს:
ლანგრით შემოიტანეს მთლიანად შემწვარი ტახის ხორცი, რომელიც გაჭრეს და შიგნიდან გამოფრინდნენ შაშვები. თითოეულს ფეხზე შებმული ჰქონდა ბარათი, რომელზეც სტუმრის სახელი ეწერა და რაღაც პატარა საჩუქარი ჰქონდა ჩამოკონწიალებული.
სტუმრებმა დაიჭირეს, მოგუდეს და მაშინვე მზარეულს მისცეს შესაწვავად…
ერთობოდნენ ბიჭები…
მურენას ხორცი განსაკუთრებული ამბავია.
ამბობენ, ზოგიერთი კრეტინი მასპინძელი მსჯავრდებული მონების ხორცით კვებავდაო.
ერთი შემთხვევაა ასეთი.
ალბათ, ლეგენდა.
ავგუსტუსი იყო სტუმრად ერთ პატრიციუსთან.
მონას ხელიდან ძვირფასი ჭიქა გაუვარდა.
საბრალოს ქეჩოში ჩაავლეს და, ის იყო, მურენებთან უნდა გაეხვანხვალებინათ, რომ იმპერატორმა სუფრიდან მთელი ჭურჭელი გადმოყარა.
ეს ერთგვარი პროტესტი იყო, მაგრამ მან თავის თავს მონის დაცვის უფლება მაინც არ მისცა.
აქ შეიძლებოდა ერთი-ორი კომენტარის დამატება, მაგრამ ისედაც ბევრი მაქვს მოსაყოლი…
სკუმბრია, ზღვის ზღარბები და ლოკოკინებიც უყვარდათ.
დამარილებული სოკოც.
სოკოს კერძით მოწამლა ნერონის დედამ, აგრიპინა უმცროსმა, თავისი ქმარი, იმპერატორი კლავდიუსი…
საჭმელს ზეითუნის ზეთით ამზადებდნენ.
უყვარდათ ზეთისხილიც.
ზოგადად, მარინადები დიდ პატივში იყო.
შაქარს ცვლიდა თაფლი.
ძმარს კი მარილივით ხმარობდნენ.
პლებეები დღეში ორჯერ ჭამდნენ, პატრიციუსები – სამჯერ.
წვნიანი დიდი ფუფუნება იყო.
თუ მონას წვნიანის ჭამა უნდოდა, ბატონისთვის უნდა მიემართა.
ბატონები გულმოწყალებას იჩენდნენ.
თუმცა რომაელები ამბობდნენ – იმდენი მტერი გყავს, რამდენიც მონაო…
ჩანგლები და დანები სუფრაზე არ იყო.
ჩანგალი ისედაც არ ჰქონდათ მე-10 საუკუნემდე.
იმას აღარ მოვყვები, როგორ დააკლეს 9 დღის წინ მეფედ ნაკურთხი ცრუ დიმიტრი ჩანგალს – ეშმაკის რქებით ჭამსო….
ძირითადად, ხელით და კოვზით ჭამდნენ.
რომის რესპუბლიკის დროს ვერცხლის ჭურჭელი დიდ ფუფუნებად ითვლებოდა და ახირებული რომაელები არ სწყალობდნენ მის მფლობელს.
ცხონებულ რუფინუსს ბოლი აადინეს ვერცხლის ჭურჭლის გამო.
მერე…
მერე დამოკიდებულება შეიცვალა.
ხელს იწმენდნენ პურის ფირფიტებზე, ან თასში იბანდნენ, ან სულაც, მეზობლად მჯდომის ტოგაზე.
რაზეც მოუხვდებოდათ.
ხომ გახსოვთ გამთქმა – ხელები შეაწმინდაო?
ეგრეც იყო…
ჭურჭელი პლებეებს ხის და თიხის ჰქონდათ, პატრიციუსებს – შუშის, ბროლისაც კი.
ჩინეთიდან ჩამოტანილი ფაიფური ცალკე ამბავი იყო.
რესპუბლიკის დროს მაგიდის გარშემო ისხდნენ, მოგვიანებით კი სამი მხრიდან დგამდნენ საწოლებს და ნახევრად წამოწოლილები ჭამდნენ.
დაკრძალვის შემდეგ რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქელეხის მსგავსი სუფრა იშლებოდა, იქ არ წვებოდნენ მხოლოდ.
ზოგადად, ერთ მაგიდასთან 9 კაცი ეტეოდა.
თითო ტახტზე – სამი კაცი.
ასეთი იყო რომაული ტრიკლინიუმი.
სადილობა იმართებოდა ატრიაში – სტუმრების მისაღებ ოთახში, მაგრამ მასპინძელს შეიძლება მოეწყო ეზოშიც, ბაღშიც.
სადილობის დროს სამი შესვენება იყო.
დასაწყისში სუფრასთან მოჰქონდათ კვერცხი, სალათები, თევზი, ღვინო თაფლით. შემდეგ ცხელი კერძი (სამი სახის), ბოლოს კი დესერტი – ხილი, ღვინო და თაფლში ათქვეფილი კვერცხის გული (ჩვენებური გოგლიმოგლი, ალბათ).
ღვინო გაზავებული უნდა ყოფილიყო ცხელი ან ცივი წყლით. სუფთა ღვინის სმა ველურობად ითვლებოდა.
ცხელ ღვინოში სანელებლებს ამატებდნენ.
ღვინით „თამაშისთვის“ ცალკე მაგიდა იყო გამოყოფილი და ყველა „ექსპერიმენტს“ იქ ატარებდნენ.
ვისაც რა მოესურვებოდა, იმას ჩაასხამდა თავის თასში.
დიდი ალქიმიკოსობა იყო გამართული, მაგრამ ღვინოსაც დიდ პატივს სცემდნენ.
მიაჩნდათ, რომ ღვინო ძალას და ენერგიას მატებდა ადამიანს. განსაკუთრებით მოსწონდათ იტალიური ღვინოები „ცეკუბა“ და „ფალერნო“.
რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო „კულტურული პროგრამაც“.
დესერტის დროს იწყებოდა ცეკვა-თამაში.
პოპულარული იყო ფილოსოფიური ბაასობანი.
ყველა თავმოყვარე პატრიციუსს ჰყავდა თავისი ფილოსოფოსი.
ისე, ეგ ამბავი ჩვენთანაც ეგრეა…”
კომენტარები