“არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”-ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში საზოგადოების, სოციალური მედიისა და რადიოსადგურების ნაწილმა “Blackout Tuesday”, ანუ შავი სამშაბათი გამოაცხადეს. მუსიკალური, გასართობი პროგრამები შეჩერდა და სოციალური მედიის მომხმარებლებმა პროფილის ფოტოებად შავი ფონი გამოფინეს. ნიუ-იორკში 40 დემონსტრანტია დაკავებული, კალიფორნიაში კი, შექმნილი სიტუაციის გამო, 7 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შტატებში, მიუხედავად დადგენილი საგანგებო რეჟიმისა, ჯორჯ ფლოიდის მკლველობის გამო, აგორებული საპროტესო ტალღა არ წყდება. აქციები პერმანენტულად მიმდინარეობდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეს ცენტრში, სადაც ქალაქის მერია და სანტა-კლარას რაიონის მთავრობის შენობებია განთავსებული. ასობით სხვადასხვა რასის წარმომადგენელი სტუდენტი და განსხვავებული პროფესიის ადამიანები პროტესტს არ წყვეტენ.
აქციის ყველა მონაწილე მიიჩნევს, რომ აშშ-ში რასიზმის პრობლემა კვლავ აქტუალურია.
ქუჩაში გამოსული ადამიანები მოითხოვენ, რომ უნდა განხორციელდეს პოლიციის რეფორმა, რომელიც შეწყვეტს შავკანიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დევნას.
“არ იქნება სამართალი,არ იქნება მშვიდობა”- მსგავს შეძახილებს ყველაზე ხშირად მოისმენთ სან-ხოსეს ქუჩებში, თუმცა „შავი სამშაბათის“ აქციას, წინა აქციებისგან განსხვავებით, ძალადობრივი ხასიათი არ ჰქონია და ახალგაზრდებმა მშვიდობიანად ჩაიარეს „სილიკონ ველის“ მთავარი ქალაქის ქუჩებში.
მათ საყვირებით უერთდებოდნენ მძღოლები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებიც.
ერთ-ერთმა მათგანმა დღეს პროტესტის მონაწილეების წინაშე დაიჩოქა.
აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში ტრანსპორტი მთავრობას ექვემდებარება და მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს. იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს სანტა-კლარას მთავრობა უხდის.
მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის მონაწილეებს ცივი სასმელები, ხილი და წყალი დაურიგეს.
ფაქტია, მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობის წესებს არ ემორჩილება და აქტიურად აპროტესტებს რასიზმის პრობლემას აშშ-ში.
გუშინვე, ნიუ-იორკში საპროტესტო დემონსტრაციის დროს, 40 ადამიანი დააკავეს. მანამდე კი, იქ პოლიციამ 700-მდე პირი დააპატიმრა.
აქციების ფონზე გაზრდილი მოროდიორობის ფაქტების გამო, კალიფორნიის გარდა, საგანგებო მდგომარეობა ნიუ-იორკშიც გამოცხადდა. იქ „კომენდატის საათი“ 20:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ქ. ოკლანდში 53 წლის პოლიციის ოფიცერი მოკლეს. საპროტესტო აქციების დროს, შტატების სხვადასხვა ქალაქებში გაძარცულია და დარბეულია მაღაზიები.
რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა ამერიკის კონტინენტის გარდა, ევროპაც მოიცვა. იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ასევე გაიმართა აქციები რასიზმის წინააღმდეგ.
2020news
კომენტარები