• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქციაზე, ორი, 18-19 წლის ახალგაზრდა მომიახლოვდა… თქვენ ჩვენი მამა ხართო” – რას წერს გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
15:44 01-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26,105
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
‘
გუშინ, აქციაზე, ორი, 18-19 წლის ახალგაზრდა მომიახლოვდა და ახალი წელი მომილოცეს. ერთმა შოკოლადი მომაწოდა, მეც დავუბრუნე.
გატრიალდნენ და მიდიან. მერე გაჩერდნენ, რაღაც უთხრეს ერთმანეთს და მობრუნდნენ. ინტერესით ვუყურებ.
ერთი მეუბნება: – ვერ გვიცანით? ნიკა ვარ.
გავუღიმე: – უნდა გიცნობდეთ?
-კი, – მეუბნება და მიღიმის თავადაც.
თვალები მოვჭუტე და ვაკვირდები.
-აბა, მითხარი რატომ უნდა გიცნობდეთ? – ვეკითხები ინტერესით.
ერთმანეთს გადახედეს.
-ჩვენ ძმები ვართ, – მეუბნება მეორე, რომლის სახელი ჯერაც არ ვიცი.
-და?
-თქვენ ჩემი მამა ხართ, – ამბობს ნიკა და ძმას უყურებს, მგონი თვალებით ეკითხება, აზრი სწორად გამოთქვა თუ არა.
ძალიან დავიბენი. ჩემს შვილებს აშკარად ვიცნობ. ირგვლივ მიმოვიხედე. სადმე კამერით ხომ არ მიღებენ ფარულად, რაიმე იუმორისტული გადაცემისთვის. ვერაფერი მაგდაგვარი ვერ შევნიშნე.
-ანუ? – ვეკითხები ცოტათი დაბნეული.
-მადლობა გვინდოდა გვეთქვა, – მეუბნება ძმა და აგრძელებს, – რამდენჯერმე გნახეთ აქ და მოგვერიდა მოსვლა.
-მოიცა, მოიცა. ამიხსენით რა მამა, რა მადლობა.
-16 დეკემბერს დაჭერას გადაგვარჩინეთ, – მეუბნება ნიკა და უცნაურად იღიმება.
აი, აქ გამახსენდა – კი, „ჩემი შვილია“.
-ა, ხიდზე თქვენ იყავით?
-დიახ. მერე გეძებეთ. რამდენჯერმე გნახეთ აქ და თქვენ რომ არ მოგვაქციეთ ყურადღება, ჩვენით მოსვლა მოგვერიდა. ხუთი ლარიც გვაქვს თქვენი ვალი, – ამბობს ნიკას ძმა.
-ეგ არაფერი. იშვიათად მაქვს ხოლმე ქეში და კარგი იყო, რომ აღმომაჩნდა. ანუ, სწორი იქნებოდა იმათთვის მეთქვა, რომ ჩემი შვილები არიან.კიდევ კარგი შენი სახელი არავინ მკითხა, მე ალბათ ვიტყოდი ჩემი შვილის მეგობარია და გავაფუჭებდი ყველაფერს. გენაცვალეთ თქვენ, – ორივეს გადავეხვიე და მადლობა ვუთხარი, რომ მოვიდნენ და დამელაპარაკნენ.
—
ამბავი კი ასე იყო.
სადღაც ღამის სამიდან ოთხ საათამდე აქციიდან წამოვედი. მარტო ვარ. ორბელიანის მოედანზე ჩემს წინ, ორი ახალგაზრდა მიდის და თან საუბრობენ – აქციის ამბებზე. ერთმა მეორეს რამდენჯერმე მიმართა სახელით: „ნიკა“.
თითქმის ერთსა და იმავე ტემპში მივდივართ. 6-7 ნაბიჯით წინ არიან. ზაარბრიუკენის ხიდის შუაში ვართ და სანაპიროდან მოედანზე სწრაფად ამოდის შკოდის მარკის მანქანა, შემოდის ხიდზე, ატრიალებს, აშკარაა ჩვენთან გაჩერდება.
„-გავიქცეთ, დაგვიჭერენ“ – მესმის როგორ ეუბნებიან ერთმანეთს.
-არ გაბედოთ! – ვეუბნები და ადგილზე იყინებიან. როგორც მითხრეს, იმ წამს ჩათვალეს, რომ მეც „გადაცმული პოლიციელი“ ვარ, ან ვიღაც „თანამშრომელი“. არა და, თურმე იმ ტემპში იმიტომ მიდიოდნენ, რომ ვინმეს არ ჩაეთვალა მარტო იყვნენ. ანუ, იმედი ჰქონდათ და უცებ “გადაცმულად” მიმიჩნიეს.
მანქანიდან შავებში ჩაცმული, ორი ბრგე ნიღბიანი გადმოდის. მე არ მაქცევენ ყურადღებას ისე ეუბნებიან ბიჭებს, „- მოდით აქ“.
ბიჭებმა შემომხედეს.
-გისმენთ, რა ხდება? – ვეკითხები შავფორმიანებს.
-თქვენ არ გეკითხებით! – ვიღებ პასუხს და ისევ ბიჭებს მიმართავენ: – მოდით აქ.
-მოიცათ, – ვამბობ, ჯიბიდან საფულეს ვიღებ, ამომაქვს ხუთი ლარი, მეტი არც მქონდა სიმართლე რომ ვთქვა და ვაწვდი ერთ-ერთს, – ნიკა, მამა, სპარში შედით და პური იყიდეთ. დაგეწევით ახლავე. ყველაფერი რიგზეა. მიდით, მანდვე დამელოდეთ. გავარკვევთ ყველაფერს.
პარალელურად საფულიდან პირადობა ამომაქვს და ვაწვდი ერთ-ერთ ბრგეს.
-ეს რა არის? – მეკითხება და თან პირადობას მართმევს.
ამასობაში ბიჭებს გავხედე და უკვე რესტორან “ტიფლისთან” არიან. ვფიქრობ: “ახლა მთავარია არ გაიქცნენ და მართლა შევიდნენ სპარში”. ის მეორე თვალს არ აშორებს სწრაფად მიმავალ ახალგაზრდებს.
-პირადობაა ჩემი. თუ რამეში გამოგადგებათ.
-აქციაზე შვილებით დადიხართ?
-ღამე, ქუჩაში, მხოლოდ აქციის მონაწილეები დადიან?
-აბა, ამ დროს რატომ ხართ გარეთ?
-ერთი ის, რომ აქვე ვცხოვრობ და მეორე ის, რომ აგერ, ათონელზე მოხუცი გაგვიხდა ცუდად და მაგას ვუვლიდით ამ დრომდე, ვიდრე მისი ქალიშვილი არ დაბრუნდა მორიგეობიდან. ჩვენ წამოვედით სახლში. იმედია, კარგად იქნება, – ვესაუბრები მაქსიმალურად მშვიდად და თან ვფიქრობ: “საიდან მოვიტანე ეს აზრი?”
უცებ, იმანაც გამკრა თავში. ეს პირადობა რომ უკავია ხელში და ჯერაც არ ჩაუხედავს შიგ, ვინმეს რომ გადაუგზავნოს მონაცემები, მერე რა ხდება?
ამასობაში ბიჭები სპარში შევიდნენ. ის, მეორე ბრგე, ისევ მათ გაჰყურებდა. ეს ბრგე კი მანქანასთან მივიდა და რაღაც უთხრა საჭესთან მყოფს. შემდეგ გამობრუნდა და პირადობა დამიბრუნა.
-მადლობა, მშვიდ ღამეს გისურვებთ, – ვეუბნები და ვუღიმი.
აშკარად არ იცის ასეთ დროს რა უნდა მიპასუხოს.
მეორეს გავხედე: – თქვენც.
-ასევე,- ბურტყუნებს და მანქანაში სხდებიან.
ბიჭები სპარიდან გამოდიან ნიკას ხელში ცელოფანი უკავია.
მანქანა დაიძრა, წრეზე შევიდა და მათ შორი ახლოს გაჩერდა. მე რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მივდივარ. უკვე ლამის „მოქსისთან“ მოვედი და აქედან ვიძახი ხმამაღლა: – ნიკა, მამა, ერთი ბოთლი ნაბეღლავიც რა, ბარემ.
-შუშის თუ პლასტმასის? – მეძახის „შვილი“.
-შუშის, – მეც გავძახე ხმამაღლა და მეცინება, თან სიმწრისგან ვფიქრობ: „ყოჩაღ! კარგია, რომ არ დაიბნენ“.
ბიჭები მაღაზიაში შებრუნდნენ. მანქანა ადგილიდან მოწყდა და ისევ სანაპიროზე დაეშვა. მაღაზიამდე მივედი და ბიჭებიც გამოვიდნენ.
-წავედით, მშვიდად, – ვეუბნები და მივდივართ აღმაშენებლისკენ.
სამივე ვდუმვართ.
დაკეტილ აღმაშენებელზე ვართ უკვე. ახლა, მე მივდივარ წინ და ისინი მომყვებიან უკან.
-სად ცხოვრობთ?
-ლონდონის ბაღთან, – მიპასუხა ნიკას ძმამ.
მივდივართ და თან ისეთი განცდა მაქვს, რომ ბრგეები თითქოს აქვე არიან. ქურდიანის ქუჩიდან ავაჭერით ზემოთ და ბაღთანაც მივედით.
-მოვედით, – ეს ნიკას ხმა მესმის ზურგს უკან.
-დროზე სახლში! – ვეუბნები და გზას ვუთმობ.
ნიკა ცელოფანს მაწვდის, რომელშიც პური და ნაბეღლავი დევს.
-წაიღეთ, გამოგადგებათ და ჭკუით – ვეუბნები და ვუყურებ როგორ შერბიან იქვე, ერთ-ერთ ეზოში.
—
გუშინ კარგა ხანს ვიდექით ერთად და ზაარბრიუკენის მოედნამდე ერთად წამოვედით. რაც გავარკვიე ის არის, რომ ორივე სტუდენტია, სამეგრელოდან არიან და ქირით ცხოვრობენ, თან უფროსი ძმა მუშაობს ისე, რომ მშობლებმა არ იციან.
ვკითხე, მშობლებს რატომ უმალავთ მეთქი.
– მერე იმაზე უნდა ინერვიულონ, რომ სათანადოდ ვერ ახერხებენ ჩვენს დახმარებას, – მითხრა ნიკას ძმამ.
იმაზე ვიხალისეთ, ნიკამ ნაბეღლავზე რომ მკითხა, შუშის გინდა თუ პლასტმასისო.
ბიჭების ვინაობას არ დავწერ – მეც მოვერიდები მათ მშობლებს, რომ არ ინერვიულონ
ჰო და ასე, ახალი წლისა და ბედობის დღეებში ორი შვილიც მომემატა. ასე ვძლიერდებით ერთმანეთით და სხვისი შვილები რომ სძულთ, ისინი ვერ დაგვამარცხებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved