ლევან ჯავახიშვილი
„ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლას დიდი ხმაური მოჰყვა მედიასა და საზოგადოებაში. არავის სჯერა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში ჩაუდგებიან. პრინციპში, ეს არც თავად უთქვამთ. „ქართული ოცნების“ მოკავშირეებად რჩებიან და მათი ერთადერთი პრეტენზია მმართველი პარტიის მიმართ ის არის, რომ პარტიის კულუარებიდან გარკვეული სახის ინფორმაციები იბლოკებოდა და საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა. სამეულმა უკვე გამოაქვეყნა პირველი წერილი და ევროკავშირს შეუტიეს – ჩვენთვის ევროკანდიდატის სტატუსის მოცემას არც აპირებდნენ, მათი მიზანია, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ, ან აიძულონ საქართველო, რუსეთს სანქციები დაუწესოს, რაც ომში ჩართვის უმოკლესი გზა არისო. ამ პირველივე განცხადებით, ერთი შეხედვით ცხადი გახდა, თუ რა მიზანს ემსახურება ამ სამეულის „ქართული ოცნებიდან“ წასვლა. ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიდასავლურ, რუსეთის მაამებელ მრავალ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ ცდილობენ, პოლიტიკური და დიპლომატიური ეტიკეტი დაიცვან. ხშირ შემთხვევაში, ეს არ გამოსდით. მიშა, სოზარი და დიმიტრი, იმას იტყვიან და იმგვარი ტონით, რაც, დავუშვათ, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეუფერებელი იქნება. თუნდაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის, რადგან მათი ნებისმიერი ანტიდასავლური განცხადება, ხელისუფლების პოზიციად აღიქმება. თუმცა, როგორც „ალიას“ კულუარულად უყვებიან, მხოლოდ ეს არ არის მათ მიერ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი, მთავარი მიზეზი სხვაა. ამის შესახებ „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვასთან დაახლოებულმა პიროვნებამ მოუყვა. მისი მოთხოვნით და მისივე უსაფრთხოების გამო, წყაროს ვინაობას ვერ გავამხელთ, თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ მის მიერ მოწოდებული უამრავი ამბავი ძალიან ხშირ შემთხვევაში, სიმართლეა.
„ალიას“ წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილი ერთის მხრივ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის, მეორეს მხრივ, ცდილობს, ეს ძალაუფლება განიმტკიცოს. ამ სამეულის ე.წ. ოპოზიციაში გადასვლაც ამ ორ მიზანს ემსახურება.
– „ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაკარგვამ ეს საფრთხე მისთვის უფრო რეალური გახადა და ამის დასტური იყო 20 და 24 ივნისს გამართული საპროტესტო აქციები. ახლა ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ ხმების 25-30%-ს აიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დაკარგავს ხელისუფლებას. ივანიშვილი ცდილობს, თუ მოახერხა, ვადამდელ არჩევნებამდე არ მიიყვანოს საქმე და თუ ეს გარდაუვალი იქნება, რაც შეიძლება გაწელოს, დრო მოიგოს. თუმცა, 2024 წლის თუ მანამდე დანიშნული ვადამდელი არჩევნები, კონსტიტუციის თანახმად, ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით და დაბალი, 3%-იანი ბარიერით. შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრის შანსი ბევრ პარტიას მიეცემა და ვინ როგორ გამოიყენებს ამ დაბალ ბარიერს, ეს უკვე მათი შესაძლებლობის ამბავია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც დღემდე არ სჯერათ, რომ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, აჩიკო თალაკვაძე და მათი გუნდი, პროდასავლური არ არის. ამ ხალხს მათი ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებაც ახსოვთ, მკვეთრი პროდასავლური რიტორიკაც და „ნაცებთან“ მათი ძველი კავშირებიც. ამიტომ, შესაძლოა, არჩევნებზე ღიად პრორუსმა ძალებმა მათ არ მისცენ ხმა და სხვა პრორუსულ პარტიებს დაუჭირონ მხარი, რომელთაც ივანიშვილი არ აკონტროლებს. ეს კი არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის გასვლის მთავარი მიზეზი „ქართული ოცნებიდან“, სამომავლოდ, ამ სამეულის ბაზაზე, ახალი პარტიის შექმნაა, ეს უკვე დაგეგმილია. ივანიშვილის გარემოცვაში ლაპარაკობენ, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, სოზარ სუბარი იქნება. შესაძლოა, სხვა გახდეს პარტიის თავმჯდომარე. არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდში მოძებნოს ან „ქართუ ბანკში“. მოკლედ, ამ გეგმით, მომავალ არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ორი პარტიით მიიღებს მონაწილეობას – ერთი თავად იქნება და მეორე ამ „ტროიკის“ ბაზაზე შექმილი პარტია. პარლამენტში კი კოალიციურ მმართველობას შექმნიან. ცხადია, ამ პარტიას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს და ყველანაირად ხელს შეუწყობს. ამ დროისთვის, ამ სამეულის პიარზე „ქართული ოცნების“ პიარ-სამსახური მუშაობს და გასახმოვანებელი მესიჯებიც იქიდან მისდით. ვადამდელი არჩევნებისთვის დასჭირდება ეს პარტია თუ 2024 წლის არჩევნებისთვის, ამას დრო აჩვენებს. რაც შეეხება „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნდა. ეს მოძრაობა, ზოგის აზრით, ხელისუფლების შექმნილია, „ქართული ოცნების“ სატელიტსაც ეძახიან. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მინიმუმ, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ და „კონსერვატიული მოძრაობა“ თანამოაზრენი არიან. არც ერთს არ უნდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება, ორივე მომხრეა საქართველოს ნეიტრალიტეტისა, რასაც „ქართული ოცნება“ ღიად ჯერ ვერ ამბობს. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვები, თუ რატომ ქმნის ახალ პარტიას ივანიშვილი, როდესაც არსებობს „კონსერვატიული მოძრაობა“, თავისი რეგიონული და რაიონული სტრუქტურებით? თუ არ აფინანსებს, დააფინანსოს და ეს პარტია ჰყავდეს სატელიტად, ახლის შექმნა რა საჭიროა? საქმე იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა არ ენდობიან ამ პარტიის ლიდერებს. „კონსერვატიულ მოძრაობაში“ რამდენიმე შიდა სკანდალი მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის გაუგებრობა ფინანსებთან დაკავშირებითაც იყო. ვერ დავიჩემებ, რომ ყველა გავრცელებული ინფორმაცია მართალია, მაგრამ რამდენადაც მითხრეს, რაც მე სათუოდ მიმაჩნია, ბიძინა ივანიშვილისთვის ის ინფორმაცია დამაჯერებელია. შესაბამისად, მას არ სურს იმ პარტიასთან საქმის დაჭერა არჩევნებზე, არ სურს მთავარ პარტნიორად გაიხადოს, რომლის ხელმძღვანელებიც ერთმანეთთან ვერ რიგდებიან და ფინანსების თუ სხვა მიზეზების გამო. თუმცა, თუ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გადალახა 3%-იანი ბარიერი და ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არ გაუჭირდება, პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ კოალიციური ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად ამ პარტიის დეპუტატები თუ დასჭრდა, ცხადია, საერთო ენას იოლად გამონახავენ. ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილი მთელ პარტიას იყიდის და ეს „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს ნუ ეწყინებათ. ივანიშვილის ნაყიდი და შემდეგ მოსვრილი პარტიებით სავსეა ქართული პოლიტიკური ველი. მოკლედ, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი უფრო მნიშვნელოვანი მიზნისთვის სჭირდება. კი, „ტროიკა“ ითავებს პარლამენტიდან ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებას. რასაც ვერ იტყვის ხელისუფლება, იტყვიან ეს დეპუტატები. ეს კიდევ ერთი დანიშნულებაა მათი „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლისა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება მათი პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოქმედებისა“-განუცხადა წყარომ „ალიას“.
კომენტარები