ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე თავისი დიპლომის თაობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.
“საერთაშორისო გამჭრვივალობა — საქართველოს” ცნობით, თადუმაძე ცილისწამებად მიიჩნევს ეკა გიგაურის შეფასებებს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. თადუმაძე დამატებით ითხოვს, დიპლომთან დაკავშირებით დავის დასრულებამდე ეკა გიგაურს ნებისმიერი ფორმით აეკრძალოს საჯაროდ საუბარი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ:
დიპლომში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ, როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;
1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა, ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;
საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს.
TI – საქართველო აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა, ასევე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, სახალხო დამცველს და კოალიციას “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ აქვს, საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს.
შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა, მოგვიანებით კი- მთავარი პროკურორი. საბოლოოდ, 2019 წლის 12 დეკემბრიდან, შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.
კომენტარები