• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის სიტყვა დღევანდელი სასამართლო პროცესიდან

ალია ავტორი - ალია
20:43 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პაატა ბურჭულაძის სიტყვა დღევანდელი სასამართლო პროცესიდან:

ქალბატონო მოსამართლე, ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ვცდილობ თავის მართლებას, არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვამაყობ, რომ ვიყავი სამაგალითო, ისტორიული ოთხი ოქტომბრის კრების არამხოლოდ მონაწილე, არამედ ორგანიზატორი.

ყველაზე ცნობილმა, ჩვენი კონსტიტუციონალისტმა, ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთმა შემქმნელმა ვახტანგ ხმალაძემ, მაუწყებელთან საუბრისას განმარტა, რომ ჩვენი კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობის დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური, მით უმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ თელავს ყველაზე ფუნდამენტურ – ადამიანის უფლებებს!

ვეცდები აგისხნათ ხალხის სურვილი. ხალხს უნდა დემოკრატია, თავისუფლება. მას სურს აღსრულდეს ის, რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში და ამისთვის იბრძვის. ამიტომაც მას სცემენ, ასამართლებენ, ნამლავენ და ციხეებში სვამენ, მაგრამ პროტესტი არ წყდება. იმიტომ, რომ გმირი ხალხის სურვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მედროვეები ვერ გაიმარჯვებენ. თვალნათლივ დაგანახებთ, თუ რა დანაშაული მიმიძღვის მე ჩემი ქვეყნის წინაშე. ეს არის ფლაიერი, რომელიც ამ საქმის პროკურორების აზრით, ჩემს მიერ ჩადენილ დიდ დანაშაულს წარმოადგენს და რომლის გამოც შვიდწლიანი პატიმრობა მაქვს მისჯილი. ამ ფლაიერს დღეს ათასობით ადამიანი როგორც რელიკვიას ისე ინახავს, ჩარჩოში სვამს და კედელზე კიდებს. (ფლაიერის ტექსტი: „4 ოქტომბერს, 16 საათზე გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობაზე – პაატა ბურჭულაძე“).
მინდა გკითხოთ: რა წერია ამ ფლაიერზე? სად ხედავთ ამ ტექსტში დანაშაულს? არაკონსტიტუციური?!

უნდა აღინიშნოს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ეროვნული კრება. სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრს არ სურს ამის აღიარება, არამარტო ოცნებაში არამედ ოპოზიციაშიც, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეს ყველაფერი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ იხილა.

ბატონებო, კრება არის წარმომადგენლობითი ორგანო. მან ხელისუფლებას უთხრა: შენ არ ხარ ლეგიტიმური ხელისუფლება. მე, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, შენ ლეგიტიმაციას არ გაძლევ და აღარ ვცნობ ხელისუფლებად. ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც შედგა!

საქართველოს ეროვნულ კრებას უფრო მეტი მოქალაქე ესწრებოდა, ვიდრე იმავე დღეს
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს.
მე, როგორც ამ კრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხელი მოვწერე მის დეკლარაციას და მოვითხოვე კონსტიტუციის დარღვევაში ეჭვმიტანილი ექვსი პირის პასუხისმგებლობაში მიცემა. დეკლარაციის ტექსტი დევს საქმეში. საქართველოს კონსტიტუციის დაცვა დანაშაული კი არა, საქართველოს მოქალაქის ვალდებულებაა და ეს უნდა დავინახოთ! ვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც ქვეყანა გასაჭირშია. ის, რომ ქვეყანა არასორიენტირებული მიმართულებით მიმართვება, ამას უკვე ბევრი ადამიანი აღიარებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ დგას ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი. ამაზე მეტყველებს ის, რაც უახლოეს წარსულში მოხდა: ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეშია, მეორე ქვეყანიდან არის გაქცეული, მესამე და მეოთხე საზოგადოებისთვის ფაქტობრივად დაკარგულნი არიან – არ ვიცით, სად არიან, რა მდგომარეობაში იმყოფებიან.

მთავარი პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებებს. სუს-ის უფროსი ციხეშია, მინისტრებისა და მათი მოადგილეების დევნასა და სანქცირებაზე აღარაფერს ვამბობ. ხოლო „ქართული ოცნების“ მთავარი პროკურორი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დიდი ხნით ჩასვა ციხეში დღეს თავად არის ძებნილი და რუსეთიდან გვემუქრება.

მოქმედი და ყოფილი მინისტრები, მათი მოადგილეები, მოსამართლეები, პროკურორები და პარლამენტარები სანქცირებულები არიან. ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს ქვეყანას. თქვენ მოგწონთ ასეთი საქართველო? ჩვენ – არა!
როდესაც ასეთი უვიცი და არაკომპეტენტური პარლამენტარები გვყავს, არ უნდა გაგვიკვირდეს ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ. ასეთი კანონები ჩვენს მოქალაქეებს არა მხოლოდ თავისუფლებას ართმევენ, არამედ ფინანსურადაც ანადგურებენ მათ.
მაგალითად, ქუჩის გადაკეტვისთვის გამოწერილი მაქვს 142 ჯარიმა, რომელთა საერთო რაოდენობა 710 ათას ლარს შეადგენს. „ქართული ოცნების“ დევიზია: ხალხი იხდის, ჩვენ ვიპარავთ. აი, ასეთი ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. რა უნდა ქნას საქართველოს მოქალაქემ, დაელოდოს ახალ, გასაყალბებლად გამზადებულ არჩევნებს? არა!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული კრება. მას ესწრებოდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქისა და რაიონული ცენტრის წარმომადგენლები. პრაქტიკულად არ არსებობს სოფელი, რომელსაც თავისი წარმომადგენელი არ ჰყავდა. გარდა ამისა, სპეციალურად ჩამოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან, უფრო კონკრეტულად გალის რაიონიდან და ემიგრაციიდან.

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: დემოკრატიაში პირდაპირი წარმომადგენლობითი ორგანო არის კრება. ამ ეროვნულმა კრებამ „ქართულ ოცნებას“ ერთხმად უთხრა: – შენ არ ხარ ჩემი ხელისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იგრძნო, თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს. მათ წაიკითხეს ეს დეკლარაცია, რომელსაც ხალხმა კენჭი უყარა. მასში არაკონსტიტუციური და ისეთი ვერაფერი ვერ იპოვეს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად და უკანონოდ შეცვლისკენ იყო მიმართული. ამიტომაც გადაიტანეს მთელი ყურადღება სხვა საკითხზე: არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე, რასაც შემდგომ დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ კრებაზე ყველა მოქალაქე თავისი სურვილით მოვიდა და არა ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს თავისი მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სირცხვილისგან კამერებთან სახეს მალავენ. და რაც მთავარია, ეს კრება ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების მიერ და არა პოლიტიკოსების ან პოლიტიკური პარტიების მიერ. ამაში არც ერთი თეთრი არ დახარჯულა! ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ნება!

რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია — ჩემს მიერ საჯაროდ წაკითხულ და გავრცელებულ სიას. ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ: ბიძინა
ივანიშვილმა ამ სიის ნაწილი უკვე დაიჭირა, ნაწილსაც, ალბათ, თავის გადასარჩენად დაიჭერს. დანარჩენს კი თავად ქართველი ხალხი გააკეთებს.

ქალბატონო მოსამართლე, რადგან ეს ჩემთვის ერთ-ერთი ბოლო პროცესია, მინდა მივმართო ბატონ პროკურორს: ბატონო ვაჟა, დღეს გაქვთ შანსი, გადახედოთ და მოინანიოთ თქვენი ნამოქმედარი. თქვენ კარგად იცით, რომ ის პატიმრობის წლები, რომლებიც ჩვენ მოგვისაჯეთ, არ შეესაბამება სამართალს. ამ სასჯელით ყველა მაინც გავალთ ციხიდან, ზოგი ცოცხალი და ზოგი მკვდარი. არ ვიძახი რომ ვიღაცას მოკლავენ, ასაკი მაქვს მხედველობაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს უსამართლობა ყველა ვარიანტში მორჩება და თქვენ რას შვებით, რას უშვებით თქვენს თავს? რატომ და ვის სწირავთ მომავალს?! თქვენ დღეს, ახლა, გაქვთ ისტორიული შანსი, ადგეთ და ბოდიში მოგვიხადოთ. ეს ჩვენთვის ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ თქვენთვის არის აუცილებელი. ეს ასევე მიეხმარება ქალბატონ მოსამართლეს, რომ სამართლიანად გაგვასამართლოს. თუ გაწუხებთ თქვენი ნამოქმედარი, გადადგით ეს ნაბიჯი; ხომ ხედავთ, თქვენთან მყოფმა მეორე პროკურორმა უშველა თავს და ჩამოშორდა საქმეს. მართალია, ბოდიშის გარეშე, მაგრამ მაინც არიდა თავი ამ სამარცხვინო საქციელს. გამოგიტყდებით, რომ მე თქვენდამი სიმპათიით ვარ განწყობილი და დღესაც მგონია, რომ თქვენ დიდი ზეწოლის ქვეშ ხართ. ასე რომ ჩემი მამაშვილური, კეთილი გულით, თხოვნაც და მოწოდებაც და სურვილიც იქნება, რომ მოიხადოთ ბოდიში და გადაარჩინოთ თქვენი ღირსება განადგურებისგან. მერწმუნეთ, რომ გაივლის დრო და თქვენ ჩემი მადლობელი იქნებით, იამაყებთ თქვენი საქციელით. გადადგით ეს ნაბიჯი, ახლა, სანამ გვიანი არ არის.
და ბოლოს….
ქალბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორებო, ახლა კი ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემთ: ერთხელ მაინც გაიარეთ რუსთაველზე, შეხედეთ პროტესტის მონაწილეებს, საკუთარი თვალით ნახეთ და გაიცანით ეს გულანთებული ქართველები, იგრძენით მათი სიტყვები, მათი სიყვარული და საქართველოს თავისუფლებისთვის თავგანწირვა – ის, რისთვისაც ისინი იბრძვიან და რის გამოც ისინი დღეს იქ დგანან და გაიგებთ, თუ სად არის და როგორია საქართველოს გულისცემა.
და როდესაც სახლში დაბრუნდებით, თქვენი შინაგანი ხმა გეტყვით:
გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს!
გამარჯვება გარდაუვალია!
ბრძოლა ბოლომდე!
დიდი მადლობა!

თეგები: პაატა ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved