საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ყირიმისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ობიექტების დაბომბვით, უკრაინა კრემლის მიერ 1990-ანი წლების ბოლოს შექმნილ რუსეთის სოციალურ კონტრაქტსაც ურტყამს. ეს სოციალური კონტრაქტი ასე გამოიყურებოდა: შენ იჯექი ტელევიზორთან, იცხოვრე როგორც გინდა, პოლიტიკასა და დიდ ფულს ნუ შეეხები და არც პოლიტიკა და დიდი ბიზნესი არ შეგეხება შენ. ახლა კი გამოვიდა, რომ პოლიტიკამაც მიაღწია უბრალო რუსამდე და მისმა ექსპანსიურმა ომმაც.
ამას ემატება მიგრაციაც. რუსეთში შოვინიზმი და რასიზმი ძალიან ფესვგადგმულია. ასობით ათასი შრომისუნარიანი რუსის სიკვდილმა და ფრონტის ხაზზე წასხმამ მუშახელის დეფიციტი შექმნა, რაც შუა აზიიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი ადამიანებით დაბალანსდა. რუსეთში კი ამას არავინ მიესალმება. ზოგი ამაზე წერს, ზოგიც ვიდეოს იღებს, ზოგიც აღშფოთებულია, მაგრამ ფაქტია, რომ სოციალური კონტრაქტი ამ მხრივაც დაირღვა.მოსკოვური კონტრაქტი იმასაც ეხებოდა, რომ შეიძლება მშიერი ყოფილიყავი, მაგრამ “დერჟავა” გქონდა და შეგეძლო გეამაყა. აგერ “კრიმ ნაშ”-ს ღაღადებდნენ მშიერი მუცლებით რუსები, მაგრამ ახლა ყირიმსა და აზოვის ზღვაზე საჰაერო კონტროლის დაკარგვამ და ნახევარკუნძულზე ნორმალური ცხოვრების შეუძლებლობამ, ეგ ყველაფერი დაარღვია. ის რომ ბენზინი აღარ გაქვს და მსოფლიო დაგცინის ამაზე და შენი სახელმწიფო გემუქრება ვიდეოზე მაინც ნუ იღებ უკმაყოფილებასო, ესე იგი ყოველგვარი სიამაყე გამქრალია.კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: – რუსეთი შიშში ცხოვრობს. ქვეყნის შიგნით, პროვინციებს შორის სპეციალური სამხედრო პუნქტებია მოწყობილი და ერთი ოლქიდან მეორეში გადასვლისას ხშირად გზაზე ამოწმებენ და რამდენიმე საათი შეიძლება დაგაკავონ კიდეც. შიდა დივერსიების პანიკური შიშია. ნდობა ისედაც არ არსებობდა და ახლა საერთოდ აღარ არსებობს.რუსეთში ფულით რომ ბევრი რამის ყიდვა შეგეძლო – აღარც ეგაა ასე მარტივად შესაძლებელი. დახლების უმრავლესობაზე ჩინური პროდუქციაა წარმოდგენილი. პეკინმა ამ მხრივ ტოტალური ეკონომიკური ექსპანსია მოახდინა. დასავლური პროდუქციის დიდი ნაწილი ან აღარ შედის ან ისეთი გზებით შედის, რომ მისი ფასები გაორმაგებულია. მოსკოვისა და პეტერბურგის ელიტას კი მიუხედავად ფსევდონაციონალისტური რიტორიკისა, სინამდვილეში ყველაფერი დასავლური უყვარდა და სულაც არ უნდა ჩინური პროდუქცია. თუმცა კრემლი კი ძალიან აქტიურად პროპაგანდირებს ჩინეთს. ეს საინტერესო ტენდენციაა.ცხადია, რუსეთში სოციალური კონტრაქტის დარღვევა ამ ეტაპზე რევოლუციას ნამდვილად არ ნიშნავს. მეტიც, რუსეთის შიგნით თუკი რაიმე ცვლილება მოხდა, ალბათ ისევ “სამეფო კარის” შიგნით მოხდება, მაგრამ ეს გარე უკმაყოფილება სწორედ წნეხს ქმნის პუტინის ირგვლივ. მე მეეჭვება რუსეთმა შეტევის ტემპი დააგდოს. პირიქით, უფრო მეტადაც რომ გაძლიერდეს საკუთარი ხალხის ხორცსაკეპში გაგზავნა და ე.წ. “ხორცის შტურმები” მოსალოდნელია (აგერ, 9 თვეა კოსტიანტინივკას უტევს), მაგრამ სიმპტომურად, სწორედ სოციალური კონტრაქტის სრული კოლაფსი ნიშნავს ფაქტს, რომ რუსეთი ახლა ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.
პ.ს. ბირთვული იარაღით მუქარა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 50-ჯერ გაისმა კრემლის წარმომადგენლების მხრიდან. ეს ყველაფერი უკვე ცივი ომისეულ “ჩინეთის უკანასკნელ გაფრთხილებას” გავს და სინამდვილეში ის ეფექტი აღარ აქვს, რაც თავიდან ჰქონდა. მე მხოლოდ ის მიკვირს, სადმე, საკუთარ ტერიტორიაზე, ბირთვული იარაღის გამოცდას რომ არ ატარებს რუსეთი. მედიური თვალსაზრისით რამდენიმე კვირა იმუშავებდა ეს, მაგრამ რეალურად მსროლელი რუსეთი არ არის. პუტინი მკვლელია, მაგრამ თვითმკვლელი არა და არც პეკინში მოუწონებენ ამას.











კომენტარები