ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,რატომ დგამს ივანიშვილი აბსურდულ ნაბიჯებს, მაგალითად, რატომ აწერინებს ამ უაზრო ,,კანონებს” ?
მისი ქცევა განპირობებულია ერთადერთი ფაქტორით – შიშით, რაც გამოწვეულია სისუსტით.
ალბათ ბევრი დაიღალა ამის მოსმენით და გაღიზიანებული იკითხავს, თუ სუსტია, აქამდე რატომ ვერ დავამარცხეთო; გარწმუნებთ, უფრო დამღლელია იმის მოსმენა, თითქოს ძლიერი და დაუმარცხებელია.
მინდა, სკეპტიკოსებს ვუთხრა – ჯერ ერთი, ის, რომ ივანიშვილი ამ დრომდე არ არის დამარცხებული, არ ნიშნავს, რომ ის იმარჯვებს. კი არ იმარჯვებს, პირიქითაა საქმე. ურთულეს სიტუაციაშია და ამას ქვემოთ დავასაბუთებ.
მეორე მხრივ, ის, რომ ივანიშვილი ამ დრომდე ვერა და ვერ იმარჯვებს, არ იძლევა გარანტიას, რომ ვერ გაიმარჯვებს. ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. შეცდომები არ უნდა მოგვივიდეს. ამაზეც ოდნავ ქვემოთ.
ვფიქრობ, მთავარი უპირატესობა ჩვენს მხარესაა და სწორედ ეს იწვევს მის შიშს და განაპირობებს მის სისუსტეს. მოგახსენებთ. რას ვგულისხმობ. ცოტა ვრცლად მომიწევს.
ჩვენ ახლა ვცხოვრობთ პერიოდში, რომელსაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები განსაზღვრავს. ივანიშვილმა ხალხთან ომში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა წააგო და ეს მოხდა რუსთაველზე – ზუსტად იმ დღეებში, როცა ყველაზე სასტიკი მეთოდებით არბევდა ხალხს. რატომ იყო ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი – იმიტომ, რომ გარეთ ვეღარ გამოვსულიყავით. იქ და მაშინ უნდა გაეტეხა ჩვენი წინააღმდეგობა და ამისთვის დაუნდობელი მეთოდები გამოიყენა წამების ჩათვლით. ვერ მიაღწია შედეგს და ზუსტად მაშინ დაიწყო მისი ყველაზე მძიმე პერიოდი, კრიზისი, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოდის და სულ უფრო ღრმად ეფლობა. ხალხის გამტეხი ძალადობა უნდა ყოფილიყო სწრაფი და შედეგიანი. ეს ვერ შეძლო და მძიმე ფასად დაუჯდა : ხალხში არალეგიტიმურ და მოძალადე რეჟიმად გაფორმდა, ქვეყნის გარეთ კი მიუღებელ და აუღიარებელ დაჯგუფებად.
რადგან სწრაფად არ გამოვიდა და ამაში ყოველდღიურად დიდ შიდა და საერთაშორისო ფასს იხდიდა, დაიწყო ხალხის წინააღმდეგ მეთოდურად ბრძოლა.
● დაჭერა
● ინდივიდუალური დახვედრა და ცემა
● სატელეფონო ტერორი
● უზარმაზარი ჯარიმები
● ფეისბუქზე სტატუსების გამო ჯარიმები
● გზის გადაკეტვაზე პატიმრობა
● ტროტუარების კანონი
● გრანტების კანონი
● ახლა უკვე აღიარებისა და აღქმების კანონი
რატომ ხდება მეთოდები სულ უფრო სასაცილო და აბსურდული ? იმიტომ, რომ წინამ ვერ იმუშავა. მათი მასობრივად აღსრულება შეუძლებელია. მას ერთადერთი ფუნქცია აქვს – დაშინების. საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი უნდა დასაჯო, რომ ის ბრძოლიდან გამოთიშო, საზოგადოების ფართო ნაწილი კი ამით უნდა შეშინდეს და პროტესტზე ფიქრიც კი შეწყვიტოს. არც ეს გამოსდის. ამიტომ აწერინებს და აწერინებს ახალ-ახალ კანონებს. შეხედავს ტელევიზორს, ხალხი ისევ ქუჩაშია. მიიღეთ კანონი, რომ ეს ხალხი იქ არ იდგეს. ესენიც იღებენ კანონს, რომელიც არ მუშაობს.
და ახლა მთავარი – რაში სჭირდება ეს ტოტალური დაშინება ? აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ, ისევ ისეთი მასობრივი გამოსვლები, როგორიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჰქონდა. მისმა დარბევებმა რამხელა ზიანი და გადაულახავი კრიზისი მოუტანა. შეძლებს კი მსგავსი კრიზისის გადატანას ისევ ? ძალიან ეშინია ქუჩაში ბევრი ხალხის. კარგად ესმის, რომ ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება და გროვდება. ის აიცილებლად ამოხეთქს და უკვე არა რომელიმე კანონის წინააღმდეგ ან რომელიმე გადაწყვეტილების გამო, არამედ რეჟიმის ჩამოგდების ლოზუნგით. ეს მასობრივი გამოსვლა აუცილებლად მოხდება, მან ეს კარგად იცის და უკვე ჩამოყალიბებული მოწოდების – ძირს რუსული რეჟიმი – პირობებში უმძიმესი რეალობის წინაშე დგება. როცა ლოზუნგი მისი ჩამოგდებაა და ქუჩაში ხალხის დიდი რაოდენობა დგას, მომწიფებული სიტუაციისა და პროტესტის კარგი ორგანიზების შემთხვევაში რას აპირებს ? იმავეს გაიმეორებს ? უფრო მძიმე მეთოდებს მიმართავს ? და სად არის გარანტია, რომ ამას გაუძლებს ? სად არის გარანტია, რომ მის სასარგებლოდ დასრულდება ?
ზუსტად ესაა მისი შიში. ყველაფერს აკეთებს, რომ საქმე აქამდე ვერ მივიდეს.
ამიტომ სურს პროტესტის გადატეხა, ხალხის სახლში შეყვანა, რომ შემდეგ ხალხი ვეღარასოდეს გამოვიდეს გარეთ.
სწორეს ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება ტოტალური დაშინება, ამისთვის კი აბსურდულ კანონებს იგონებს. არც ერთი არ მუშაობს, ამიტომ ახალ-ახალს აწერინებს და ეს მისი სისუსტის გამოვლინებაა.
დავსვათ შეკითხვა – სხვა ვითარებაში მას დასჭირდებოდა ასეთი სულელური კანონების ამ ფორმით მიღება ? ცხადია, არა. თუ 2024-ში წინააღმდეგობა გადატყდებოდა და დასავლეთშიც შეეგუებოდნენ ამ რუსულ რეჟიმს, უფრო დახვეწილი მეთოდებით ჩააბეტონებდა აქ დიქტატურას. არც ამდენი წვალება მოუწევდა და ისტერიკულად კი არა, ისე მშვიდად, თანმიმდევრულად და გეგმის მიხედვით დაამტკიცებდა მაგ კანონებს, მომკითხავიც არ ეყოლებოდა. და ეგ კანონები მართლა შეასრულებდა თავის ფუნქციას.
მისი შიში მისი მთავარი სისუსტეა. ის სწორად გრძნობს ამ შიშს, ჩვენც სწორად უნდა ვიგრძნოთ მისი სისუსტე და გამოვიყენოთ. მას ძალიან ეჩქარება. დენთის კასრზე ზის. თან გარეთ ცდილობს, გაარღვიოს იზოლაცია და მერე ეს შიგნით გამოიყენოს ხალხის დასათრგუნად და დემოტივაციისთვის; თან შიგნით ცდილობს რეპრესიებით გამარჯვებას, რომ ეს დასავლეთში გამარჯვებად და ახალ რეალობად შეასაღოს. ჯერჯერობით არც ერთი გამოსდის და არც მეორე. ამიტომ ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ და არ დავუშვათ მისი დაზიანება. მას ძალიან ეჩქარება, არ იცის, რა მოხდება გარეთ, საერთაშორისო დონეზე და სურს, ნებისმიერ სცენარს მომზადებული და ჩამოყალიბებული დიქტატურით დახვდეს, რადგან თუ მყარი დიქტატურა არ ექნება, ხალხის წინააღმდეგობა ჩახშობილი არ იქნება, ვერ დააყენებს თავის პირობებს; მეორე მხრივ, არ იცის, როდის აფეთქდება შიგნით და მერე არც ის იცის, ამ აფეთქებულ სიტუაციას როგორი შედეგი მოჰყვება. ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით.
დიდი ტექსტი გამომივიდა. ამიტომ დროა, ფინალურ აბზაცზე გადავიდე.
წინააღმდეგობას უნდა დაემატოს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – პარტიების ისეთი ერთობა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს. ხალხის გმირულ ბრძოლას, ბოლოს და ბოლოს, უნდა წამოეწიოს ორგანიზებული პოლიტიკური კლასი – ახალი მუხტით, ახალი ენერგიით, გაერთიანებული რესურსებით, გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმით. ამ ერთობას, რომელიც შიგნით თუ გარეთ ძლიერ ალტერნატივად უნდა იქცეს, ვალდებულება ექნება, შეკრას ყველა შესაძლებლობა ივანიშვილის წინააღმდეგ. მერე სხვადასხვა თემა საზოგადოების დაყოფას ვეღარ გამოიწვევს, რადგან მოქმედება საერთო სტრატეგიის ნაწილი გახდება. ამ ერთობამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს პროცესშიც და იმ გადამწყვეტ მომენტშიც, როცა ხალხი ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსაშლელად საბოლოო ზომებს მიიღებს.“














კომენტარები