• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკურნალობის რა მეთოდებს იყენებენ ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ და რა არის საუკეთესო პრევენცია?

ალია ავტორი - ალია
16:47 06-27-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
518

ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე ერთ–ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, რადგან იგი ხშირად უსიმპტომოდ, ან მცირედი სიმპტომებით მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა დაგვიანებული მომართვის გამო მკურნალობას სახარბიელო შედეგი ვერ მოაქვს.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, რა რისკები ახლავს ღვიძლის კიბოს, ამ თემაზე „ალიას“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგი, ონკოქირურგი ბესარიონ რევაზიშვილი ესაუბრება.

– რა სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ღვიძლს გარკვეული ტიპის პრობლემები აქვს, რომელიმე პათოლოგია, ან სიმსივნე?

– სამწუხაროდ, ღვიძლის კიბო შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ ვითარდებოდეს, ან რთულად შესამჩნევი იყოს საწყის ეტაპზე მისი სიმპტომები, ამიტომაცაა აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევები. სიმპტომები, როგორც წესი, უკვე გვიან ეტაპზე იკვეთება, ეს შეიძლება იყოს თვალების სკლერების და კანის სიყვითლე, ქავილი, მუქი ფერის შარდი, ჩვეულებრივზე უფერული განავალი, უმიზეზოდ მადის დაკარგვა, ან წონის დაკლება, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ზოგადი უსიამოვნებო შეგრძნება და დისკომფორტი, მუცლის მარჯვენა ნახევრში დისკომფორტი და ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, მაგალითად, ჭამის დროს, მცირედი ულუფითაც კი, დანაყრების შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება.

– როგორ ხდება დაავადების კვლევა?

– ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზები, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ალფა-ფეტოპროტეინის განსაზღვრა, ალფა-ფეტოპროტეინი სიმსივნის მარკერია, რომელიც კონკრეტული სიმსივნეების და ღვიძლის დაზიანებების დიაგნოსტირებაში გამოიყენება. ეს ტესტი და მუცლის ულტრაბგერითი კვლევა რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ B და C ჰეპატიტის, ან
ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტებმა, ეს არის საუკეთესო საშუალება ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ დაავადება და დროულად იქნეს მკურნალობა დაწყებული. ასევე ტარდება სხვადასხვა რადიოლოგიური კვლევები: კომპიუტერული და მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია. თუ პაციენტს აქვს, ან ჰქონდა სიმსივნე სხვა ორგანოზე და არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ის გავრცელდეს ღვიძლშიც, ასევე რეკომენდებულია PET სკანირება.

– გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, საუკეთესო პრევენცია, გამოდის კვლევებია? რომლებსაც, სამწუხაროდ, თუ რაიმე არ გვაწუხებს, იშვიათად ვიკეთებთ.

– მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ყველა ერთად უნდა ვზრუნავდეთ, რათა, ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ ჰეპატიტი, ან არ აქვთ სიმპტომები, 3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ გამოკვლევები, თუნდაც, მუცლის ღრუს ექოსკოპია. მარტივი, ხელმისაწვდომი პროცედურაა. ექოსკოპიის შემდეგ, თუ რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს ექიმი, დამატებით კვლევებს დანიშნავს, ცხადია. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ კვლევები: მუცლის ღრუს ექოსკოპია და ალფა-ფეტოპროტეინის განსაზღვრა. ეს არ არის რეკომენდაცია, ეს სავალდებულოა.

– ღვიძლის კიბოს რა სახეობები არსებობს და რომელია ყველაზე აგრესიული ფორმა?

– ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის ორი სახეობა არსებობს, პირველადი და მეორადი, იგივე მეტასტაზური. ღვიძლის პირველადი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჰეპატოცელულური კარცინომა. შედარებით ნაკლებად გავრცელებულია ქოლანგიოცელულური კიბო, და მესამე ფორმაა ჰეპატობლასტომა, რომელიც უმეტესად ბავშვთა ასაკში გვხვდება. ყველაზე აგრესიულად სწორედ ეს ფორმა მიმდინარეობს. ადრეულ სტადიაზე, ყველა ფორმის მკურნალობაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაგვიანებით მოგვმართავენ.
ღვიძლის მეორადი სიმსივნე სხვა ორგანოების სიმსივნური დაავადების დროს მეორადად – მეტასტაზურად ვრცელდება ღვიძლში. მისი მკურნალობა ბევრად უფრო შედეგიანია.

– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– არსებობს მკურნალობის სამი მეთოდი: ქირურგიული ჩარევა, რადიოთერაპია, და იმუნოქიმიოთერაპია.

გამოკვლევების მიხედვით, ექიმთა გუნდი წყვეტს მკურნალობის მეთოდებს. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ეს მეთოდები გამოიყენება არა ცალკეულად, არამედ კომპლექსურად, რათა მკურნალობის ეფექტურობა გავზარდოთ. რადიკალური ქირურგიული მკურნალობა ითვლება „ოქროს სტანდარტად“. შესაძლო ოპერაციის შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ღვიძლის ნაწილის მოკვეთის შემდეგ დარჩენილი ღვიძლის რაოდენობრივი მოცულობა და ფუნქციური მდგომარეობა. ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მარტივად ახერხებს რეგენერაციას, მოკვეთილი ნაწილის აღდგენას. ისევ უნდა გავიმეორო, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე, სკრინინგს არ აქვს ალტერნატივა, რათა, დროულად მოხდეს დაავადების აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება. გვიან მომართვის გამო სამწუხაროდ შემთხვევათა დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტში ვახერხებთ რადიკალური ოპერაციის ჩატარებას. მკურნალობისთვის საკმარისი არ არის ერთი ექიმი, აუცილებელია მთელი გუნდი, რომელიც კონსილიუმის ფორმატში იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის მეთოდის შესახებ. გარდა ონკოქირურგისა, კონსილიუმისას გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს აუცილებლად რადიოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერვენციული რადიოლოგი. განიხილავენ კლინიკურ სურათს, შეჯერდებიან და მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

საბედნიეროდ, ნიუ ჰოსპიტალსში, ნამდვილად კარგი გუნდია შეკრებილი, ისევე როგორც ყველა პირობაა შექმნილი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩასატარებლად.

– რა არის ღვიძლის კიბოს წარმოქმნის და განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები? და რა რჩევები შეგიძლიათ მოგვცეთ პრევენციისთვის?

– ღვიძლის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია – B ან C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, თამბაქოსა და ალკოჰოლის ხშირი, ყოველდღიური მოხმარება, იშვიათ შემთხვევებში, გენეტიკური მიკუთვნებულობა, თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე. რჩევებიც შესაბამისია – თუ ჰეპატიტი ან ციროზი აქვს ადამიანს, მან სისტემატურად უნდა ჩაიტაროს სკრინინგ კვლევები. ზოგადად კი, მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს, იკვებეთ ჯანსაღად და მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვარჯიში ფიზიკური აქტივობა არანაკლებ მნიშვნელოვანია კვებაზე. სამწუხაროდ, ამ ბოლოს დროს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს რომ ფიზიკურად თითქმის საერთოდ არ აქტიურობს და მოგვიანებით, ეს ორგანიზმზე აისახება.

– ძალიან რთული პროფესია გაქვთ, თავის დროზე, არჩეული, რა გაძლევთ ძალას?

– ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. მინდა გითხრათ, რომ თავიდან რომ ვირჩევდე პროფესიას, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მომწონს ჩემი საქმე, მაინტერესებს, არ გამნელებია ეს ინტერესი და არც გამინელდება. ამავე დროს და ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვერაფერი შეედრება ადამიანების გადარჩენას, მცდელობას დაეხმარო. კი, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვეხმარებით ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ აქ, კლინიკაში, მეტად ხელშესახებია ეს, როცა იცი, რომ მათი დახმარება შენი მოვალეობაცაა და მოწოდებაც, როცა იცი, რომ კონკრეტულად ამისთვის მოდიან, რომ დაეხმარო და მათი იმედი ხარ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved