2016 წელს თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის მთავარი ფიგურანტის, დედის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ირმა ყოჩიაშვილის მამა ომარ ყოჩიაშვილი შვილთან აღდგენილ ურთიერთობაზე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.
მისი თქმით, ირმა მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ მოინახულა ციხეში. ამბობს, რომ ჩადენილი დანაშაული ბოლომდე ვერ აპატია, თუმცა ეცოდება და ციხეში მაინც პატრონობს.
„პირველი გოგონა დაგვეღუპა. ძალიან ჭკვიანი და კარგი ბავშვი იყო… მისმა სიკვდილმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მეც და ჩემი მეუღლეც განადგურებული ვიყავით. მესამე წელი იყო შვილის გარდაცვალებიდან, მოულოდნელად ჩვენს სახლთან ჩვილი რომ დასვეს, თორემ ბავშვის აყვანას არც ვფიქრობდით. ასე ავიყვანეთ ორი თვის ირმა და გავზარდეთ. ჩვენი გარდაცვლილი შვილის სახელი დავარქვით, თავს ვევლებოდით.
მის მშობლებზე არაფერი ვიცოდი. მეუღლე ამბობდა, ვიცი, ვინც იყვნენო. წერილიც დატოვეს, მაგრამ მე არც ის წერილი წამიკითხავს არასოდეს. ვიშვილეთ და მზრუნველობა არ დაგვიკლია. ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა ჩვენს გარდაცვლილ შვილს, განსაკუთრებით – ბავშვობაში.
სურათები რომ ნახოთ, საოცარი მსგავსებაა – თმის ფერით, სახით, სიმაღლით… მხოლოდ საქციელით არ ჰგავდა. ირმა წუხდა, რომ მას ვადარებდით – დედას სულ ისეთი უნდა რომ ვიყო და მისი სახელი ახსენოსო. ეგოისტური დამოკიდებულება ჰქონდა, თორემ ჩემს ცოლს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – კარგი ადამიანი გაზრდილიყო.
18 წელი ვზრდიდით, ახლა მარტო დავრჩი, არავინ მყავს. მინდა გამოვიდეს ციხიდან. იქნებ ჭკუაზე მოვიდეს და იცხოვროს ნორმალურად. ადვოკატიც იმიტომ ავუყვანე, რომ მეცოდებოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამას გააკეთებდა! დღესაც ვერ ვიჯერებ, ეს როგორ ჩაიდინა.
ციხეში იშვიათად შევდივარ მის სანახავად, თან პანდემიის გამო აკრძალული იყო შესვლა. თვითონ ხშირად მირეკავს… ძალიან რთული პიროვნებაა. ამბობს, იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინაო. ვუთხარი, რატომ არ მითხარი, თუ პრობლემები გქონდათ-მეთქი? ბოლო დროს ხშირად მივლინებებში მიწევდა ყოფნა. არ ვიცოდი, კონფლიქტი თუ იყო დედა-შვილს შორის და მით უმეტეს ამას ვინ წარმოიდგენდა?! ჩემს მეუღლეს ასეთი წესი ჰქონდა: ეტყოდა, ეს არ გააკეთოო და სულ სწავლაზე იყო ორიენტირებული. ბოლოს ძალიან შეიცვალა, დედა შეიძულა, მეც აღარ მიჯერებდა. ჩემი მეუღლე პედაგოგი იყო. პენსიაზე გავიდა, სახლში დაჯდა და სულ ირმაზე ზრუნავდა. ტანსაცმელზე ჰქონდათ კონფლიქტი – ეტყოდა, ეს არ ჩაიცვაო, მაგრამ ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი მეუღლე ფიზიკურად არასოდეს შეხებია, პირიქით, ირმა უყვიროდა დედამისს და სულ ვეუბნებოდი, დედას ნუ უყვირი-მეთქი. ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მე რომ ჩამოვიდოდი მივლინებიდან, დამიჯდებოდა და მელაპარაკებოდა – ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებო, მაგრამ ნახევარზე მეტი ტყუილი იყო. თურმე სხვა განზრახვა ჰქონია. სკოლის ატესტატიც კი არ აიღო, რადგან ბოლო გამოცდაზე არ მივიდა, არადა, ნიჭიერი იყო… მერე გადაეკიდა იმ ბიჭს და რაღაც სექტის წევრი გახდა…
– რომელი სექტის წევრი იყო?–
ამდენი წლის მერეც ვერ გამოვიტანე აზრი, რა სექტა იყო. მხოლოდ ერთს ამბობდა – ჩვენ სხვა შეხედულებები გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზეო და ლაპარაკობდა ზებუნებრივ რაღაცებზე…
იმ დღეს სამსახურში ვიყავი. დღისით დავურეკე მეუღლეს და მოვიკითხე – ოპერაცია გავუკეთეთ და სუსტად იყო. პურს წამოვიღებ-მეთქი. წამოსვლის წინ დამირეკეო… სამსახურიდან რომ გამოვედი, ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა. სახლში მოსულს ბინაში ყველაფერი დალაგებული დამხვდა. კარი ღია იყო. გამიკვირდა. მეუღლეს არ უყვარდა მეზობლებში სიარული და ვიფიქრე, სადმე თუ გავიდოდა, კარს მაინც ხომ დაკეტავდა-მეთქი. მივხვდი, რაღაც მოხდა. იმავე საღამოს განვაცხადე პოლიციაში, მეუღლეს ვერსად ვპოულობ-მეთქი. ირმა ამბობდა, არაფერი ვიციო… ირმა იმ ღამეს სახლში არ მოსულა, მეგობართან დავრჩებიო. მეორე დღეს ვნახე და არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, მშვიდად იყო. ვუთხარი კიდეც, დედაშენი დაიკარგა და რეაქცია რატომ არ გაქვს, დამეხმარე, ყველგან მოვძებნოთ, მიდექ-მოდექი, იქნებ რამე გაიგო-მეთქი. აბა, მე რა ვიცი, იქნებ სკლეროზი დაემართა, სახლიდან გავიდა და წავიდაო – თხზავდა სხვადასხვა ამბავს. მეორე და მესამე დღეს სახლში იყო, მერე მითხრა, მეგობრებთან წავალ, არ შემიძლია აქ ყოფნაო. პოლიციაში რამდენჯერმე დამკითხეს, ირმაც გამოიძახეს. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახეთ… რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ მითხრა, შენი ცოლი მოკლულია და შენ გადარჩენილი ხარ, რომ არ მოგკლესო. დეტალების მოსმენის შემდეგ თავზარდაცემული ვიყავი! ამას ვერ დავუშვებდი! სახლში სისხლის კვალი არ იყო, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. ეტყობა, სახლში გათიშეს და წაიყვანეს, მერე დაანაწევრეს ცხედარი. სახლში დიდი ჩანთა მქონდა და იმით წაუღიათ. ირმას მიულაგებია სახლში ყველაფერი, რომ ვერ მივმხვდარიყავი, რა მოხდა. მერე თვითონაც წასულა.
ვიცოდი, მეგობრები რომ ჰყავდა სექტის წევრები. ამ ამბის მერე მისი ტანსაცმელი რომ ვნახე, მივხვდი, ესეც იყო მათთან გარეული. ტანსაცმელი რაღაცნაირად იყო დახატული. არ ვიცი, ამას რა დავარქვა.
– რას ფიქრობთ, რატომ მოკლა დედა?
– მიზეზი არ უთქვამს, იმეორებდა, გამეჭედაო… დედა როგორ მოკალი, არაფერს გაკლებდა-მეთქი! ირმა პატარა რომ იყო, ყოველდღე სამი საათით ეზოში გაყავდა და სულ ხელში ეჭირა. არც კი ჯდებოდა… ასე გაზარდა…
ახლა ზის ციხეში და მისჯილი აქვს 20 წელი. ჩვენ ვინ გვყავდა ირმას მეტი! ყველა სურვილს ვუსრულებდით, რასაც იტყოდა, ყველაფერი ჰქონდა: კარგი მობილური, კარგი ჩასაცმელი… ამას ვინ წარმოიდგენდა!..
იმ ბიჭს მოუყვა და იმან წააქეზა, სტიმული მისცა. გაიგო, რომ ჩვენ ცოტა შესაძლებლობა გვქონდა და იფიქრა, ახლა ორივე მშობელს მოვიცილებთო. მერე ირმას გააყიდვინებდა ბინას და ირმასაც ისე მოიცილებდა, მომკითხავი არავინ ეყოლებოდა… წელიწად-ნახევრის შემდეგ მივედი მასთან ციხეში. არ მივეცი უფლება, ჩამხუტებოდა, ბოლომდე მაინც ვერ ვაპატიე, უფრო მეცოდება და ამის გამო ვეხმარები. ხშირად მირეკავს ციხიდან. ვურიცხავ ფულს, ტელეფონზე რომ ილაპარაკოს. ყავა, სარეცხი, შამპუნი და რაღაცები მინდაო და ამისთვისაც ვუგზავნი ფულს. მეტი ვინ მყავს ან მე, ან – იმას. ვუთხარი, სანამ ცოცხალი ვარ, მოგივლი-მეთქი. ძალიან მეცოდება, ასე რომ დაიმახინჯა ცხოვრება.
– ცხედარი რომ დაანაწევრეს, მერე გულ-ღვიძლი მოხარშეს და შეჭამეს, ამაზე რა გითხრათ?
– იქ არ ვყოფილვარო. რა თქმა უნდა, არ მჯერა… ხშირად ავდივარ მეუღლის საფლავზე. ის ჩემი შვილის გვერდით არის დაკრძალული. სულ მარტო დავრჩი 79 წლის კაცი და ძალიან განვიცდი, რაც მოხდა.
კომენტარები