„ალიას“ ესაუბრება, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია:
– ბევრი ქართველი და უცხოელი ექსპერტი და პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში საკუთარ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია ომის ტრადიციული მეთოდებით, უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ატომური დარტყმა მიაყენოს ევროპის რომელიმე ქვეყანას დაშესაძლოა, რამდენიმეს ერთად. რეალურია ეს ვარაუდი და თუ ეს მოხდა, უნდა ველოდოთ თუ არა ამერიკისგან, ევროპის ატომური ქვეყნებიდან საპასუხო დარტყმას?
– ცოტა შორიდან დავიწყოთ. 2015 წელს რუსეთმა მიიღო მოდერნიზებული სამხედრო დოქტრინა. ამ დოქტრინით, რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულმა ხელმძღვანელობამ განსაზღვრა რუსეთის ხედვა, სამხედრო კონფლიქტებში რუსეთის ჩართულობა თუ როგორ ესახებათ. 1. ლოკალური სამხედრო საფრთხე. 2. რეგიონული შეიარაღებული კონფლიქტი და ლოკალური ომი. 3. გლობალური რეგიონული ომი და ფართომასშტაბიანი კოალიციური ომი. პირველი, ეს უკვე ვიცით რასაც ნიშნავს, 2008 წელს ლოკალური სამხედრო კონფლიქტი საკუთარ თავზე გამოვცადეთ. რეგიონალური შეიარაღებული კონფლიქტიც ვნახეთ, რაც სირიაში მოხდა ის იყო. იგივე იყო 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია და ანექსია და დონბასში მიმდინარე მოვლენები. რაც შეეხება გლობალურ და ფართომასშტაბიან ომს, აქ უკვე დიდი და ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან შესაძლო ომზეა ლაპარაკი. ამაზე გავამახვილებს ყურადღებას. ცოტა ხნის წინ ჩატარდა რუსეთისა და ბელარუსის სტრატეგიული დონის წვრთნები, სადაც პირველად გამოიყენა რუსეთმა ბირთვული ტრიადის სამივე კომპონენტი-სტრატეგიული ბომბდამშენები, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები. (ბირთვული ტრიადა-სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტები). თუმცა, ეს წვრთნა ჩატარდა ბირთვული ქობინების გარეშე. რუსეთმა ამით გაიმეორა იგივე, რაც თავის დროზე, 1979-1981 წლებში გააკეთა საბჭოთა კავშირმა და კინაღამ ბირთვული ომი დაიწყო. მაშინ გდრ-ში და ჩეხოსლოვაკიაში განალაგეს ბირთვული ქობინებიანი რაკეტები, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წყლებში განალაგეს ატომური წყალქვეშა ნავები, ასევე, დიდი ბრიტანეთის სანაპიროებთან. ეს იყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია, „დასავლეთი 1981“. ეს იყო ძალის დემონტრაცია რუსეთის მხრიდან. აქ ჩართულნი იყვნენ „ვარშავის პაქტის“ ქვეყნები და ეს იყო ფართომასშტაბიანი კოალიციური ომის პროვოცირება. რატომ ვადარებ ახლა ამ ორ ფაქტს ერთმანეთს? რუსეთმა და ბელარუსმა როდესაც დაიწყეს სტრატეგიული მასშტაბის წვრთნები, მასში მონაწილეობდა 64 000 ადამიანი, 7 800 ერთეული სამხედრო ტექნიკა, 200 სარაკეტო კომპლექსი, 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 73 ხომალდი და 1013 წყალქვეშა ნავი. ეს, ფაქტიურად, იგივე რაოდენობაა, რაც საბჭოთა კავშირმა აამოქმედა 1981 წელს. მაშინდელი ქმედებების ფარული მიზანი იყო საბჭოთა კავშირის შეჭრა პოლონეთის საბჭოთა რესპუბლიკაში და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის სცენარის გამეორება და მერე პოლონეთიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეჭრა.ცხადია, მაშინ იგეგმებოდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და შესაძლოა, ოპერატიულ-სტატეგიული ბირთვული იარაღის კომპონენტებისაც კი. მე ამ ყველაფერს დოკუმენტურად გავეცანი სამხედრო აკადემიაში. მოკლედ, ეს საფრთხე მერე განეიტრალდა, საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ამ გეგმის განხორციელებაზე და ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა. პუტინმა საბჭოთა კავშირის ეს გამოცდილება გამოიყენა. ამით პუტინმა მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთს იგივე ბირთვული თუ სხვა სახის პოტენციალი გააჩნია, რაც საბჭოთა კავშირს. ბირთვულ პოტენციალზე ნუ ვიკამათებთ, მაგრამ სხვა რა სახის სამხედრო შესაძლებლობაც აქვს რუსეთს, ეს კარგად გამოჩნდა უკრაინასთან ომში, სადაც მე-5 წელია ომობს და თავად ხედავთ, რა დღეშია რუსული არმია. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთმა ბელორუსს უკვე გადასცა ბირთვული ტაქტიკური შეიარაღება.
–რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი?
-ბირთვული იარაღის გამოყენების კონცეფცია ცალკე აქვს რუსეთს, რა პირობებში შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება. თუ შევხედავთ, უკრაინა რას ანხორციელებს რუსეთის წინააღდეგ, უკვე დიდი ხნის გამოყენებული უნდა ჰქონდეს რუსეთს ბირთვული იარაღი. ტაქტიკური მაინც. თუმცა, რუსეთი ამაზე ვერ მიდის, რადგან ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ბირთვული პოტენციალია შემაკავებელი ფაქტორია რუსეთისთვის და ასევე, ჩინეთმაც კატეგორიულად განუცხადა რუსეთს, რომ არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი არ უკრაინის, არც სხვა სახელმწიფოების წინააღდეგ. თუმცა, რუსეთი მიმართავს ბირთვული დაშინებისა და შანტაჟის სტრატეგიას, სამხედრო საფრთხის შექმნის იმიტაციას. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები, მათ შორის პუტინი, პერიოდულად აცხადებენ, რომ უკრაინის თუ ევროპის ქვეყნების წინააღდეგ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. ამით რუსეთი ცდილობს, კონკრეტულ ქვეყნებს მოახვიოს თავისი პოლიტიკური ნება. 9 მაისის აღლუმამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ არაბირთვულ, მაგრამ სტრატეგიული დანიშნულების იარაღს გამოიყენებდა უკრაინის წინააღდეგ, თუ უკრაინა შეეცდებოდა აღლუმის ჩაშლას. ჩატარდა აღლუმი და მერე გააპიარეს, რომ უკრაინელებს მუქარისა შეეშინდათ და მოსკოვს იმ დღეს იმიტომ არ დასხნენ თავს. სინამდვილეში, ზელენსკიმ დასცინა პუტინს. გამოსცა ოფიციალური ბრძანება, რითაც რუსეთს ნებას რთავდა ჩაეტარებინათ აღლუმი, 2 საათი მისცა საამისოდ და უკრაინა 9 მაისს მოსკოვში არანაირ სამხედრო აქტივობას არ განახორციელებდა. მართლა ასე მოხდა. უკრაინული დრონებისგან დაშინებულებმა, მხოლოდ 45 წუთი იაღლუმეს.
-რა შედეგი აქვს რუსეთის ამ ბირთვულ მუქარას? და თუ მართლა გამოიყენა რუსეთმა ბირთვული იარაღი, რა შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება ამას სხვა ქვეყნებისგან?
-ეს მუქარა მიმართულია ნატოს წევრი აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების წინააღდეგ-პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. 2025 წლიდან რუსეთი და ბელარუსი ანხორციელებენ ჰიბრიდულ ომს პოლონეთის წინააღმდეგ. მე პირადად შევესწარი ჰიბრიდული ომის კონკრეტულ ფაქტს.პოლონეთში ვიყავი ერთ-ერთ კონფერენციაზე, ექსპერტები წაგვიყვანეს ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან. ჩვენმა გამოჩენამ ბელარუსული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერ დრონებმა გადალახეს პოლონეთის საზღვარი და მაინც და მაინც ჩვენს თავს ზემოთ იფრინეს. მერე გამოჩნდნენ „ვაგნერის“ჯგუფის „მწვანე კაცუნები“ და როდესაც ერთ-ერთი მათგანისთვის სურათის გადაღება დავაპირე, ერთ-ერთმა „ვაგნერელმა“ იარაღი გადატენა და დამიმიზნა. ცხადია, აღარ გადავიღე და პოლონელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს ჩვენი ევაკუაცია. ეს თუ არ არის ჰიბრიდული ომი, აბა, რა არის? ასეთი შემთხვევები პოლონეთის მიმნართ საკმაოდ ხშირად ხორციელდება. დღემდე დაღუპულია 5 პოლონელი მესაზღვრე და ასზე მეტი მესაზღვრე დაჭრილია, ესეც ფაქტია. რუმინეთის ქალაქ გალატში, რუსული დრონი ჩამოაგდეს კორპუსის თავზე და არიან დაზარალებულები, მანამდე ნატოს ორმა F 16-მა 2 რუსული დრონი გაანადგურა პოლონეთის საზღვართან.
რუსეთისგან, მოდით ვთქვათ, დღეს ყველაფერია მოსალოდნელი. დიდად არავის გაუკვირდება, თუ რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. ეს რეალობასთან რომ ახლოა, ამას ისიც მოწმობს, რომ ლიეტუვას ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის, ამერიკის ბირთვული ტრიადის სამივე კომპონენტი განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე. ამერიკელებმა თავიანთი სამხედრო კონტიგენტი გადმოისროლეს გერმანიიდან პოლონეთში, რადგან რუსეთისგამ მომავალი საფრთხე იქ უფრო რეალურია. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მათ მიეღოთ ბირთვული ქოლგა და ამ მხრივ დაცულნი ყოფილიყვნენ რუსეთისგან. წეღანაც ვთქვი, რუსეთი თუ ბირთვული იარაღის გამომყენებელია, აქამდე გამოიყენებდა, მაგრამ ძალიან არაპროგნოზირებადი ქვეყანაა და არაფერია გამორიცხული. თუნდაც, უკრაინის ჯარების კურსკში და ბრიანსკში შეჭრის გამო, რუსეთის სამხედრო დოქტრინა და ბირთვული იარაღის გამოყენების კონცეფცია, რუსეთს აძლევდა ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას, ოღონდ, მხოლოდ საკუთარი კანონმდებლობით, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მე ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი ვერ და არ განახორციელებს ბირთვულ დარტყმას რომელიმე ქვეყანაზე და პირველ რიგში, უკრაინაზე რამდენიმე ფაქტორის გამო. 1. ეს ნიშნავს პუტინის, მისი რეპუტაციის სრულ განულებას, იმის აღიარებას, რომ მან წააგო ომი უკრაინაში, ვერ მოუგო უკრაინას მთელი სამხედრო რესურსით და უკანასკნელი საშუალება გამოიყენა. ცხადია, ეს დამღუპველი იქნება პუტინისათვის. 2. უკრაინა არის მიბჯენილი რუსეთზე და თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს რუსულ ტერიტორიებსაც გადაწვდება, რუსეთის ბევრი მოქალაქე დაიხოცება, რუსეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაბინძურდება და დიდ კატასტროფას გამოიწვევს, არანაკლებ ჩერნობილის ტრაგედიისას. 3. თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს რუსეთი უკრაინაში, პუტინი და მისი ხელისუფლება ამით საკუთარ სისუსტეს აჩვენებენ და არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს პრიგოჟინი-2, რომელიც პუტინის დამხობას შეეცდება სამხედრო გზით და მერწმუნეთ, ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება შეიარაღებულ ძალებში და პუტინის დამხობა რეალობად იქცევა. 4. ამას არ დაუშვებენ „ბირთვული კლუბის“ დანარჩენი წევრი ქვეყნები: ამერიკა, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. გეო-სტრატეგიული შანტაჟისა და დაშინების იქით, რუსეთის ბირთვული მუქარა ამ ეტაპზე არ წავა.
– მოდით, დავუშვათ და რუსეთმა ბირთვული დარტყმა განახორციელა პოლონეთის ან აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაზე. იგივეთი უპასუხებენ ამერიკა, დიდი ბრიტანეთი ან საფრანგეთი? არის ამის შანსი?
-რატომაც არა. ნატოში მოქმედებს მე-5 მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას დაემუქრა საფრთხე, ნატო შესაბამისად პასუხობს აგრესორ ქვეყანას. ნატოს გააჩნია გაერთიანებული ბირთვული კომიტეტი, სადაც ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ბირთვული ტრიადის კომპონენტებია გაერთიანებული.ამ ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან მე-10 მუხლის შესაბამისად. ბუნებრივია, ნატო ვალდებულია, უპასუხოს რუსეთს ანალოგიური ზომებით-მასობრივი განადგურების იარაღის დარტყმით. ნატო იძულებულია, ეს გააკეთოს. ამას ნატოს სწორედ მე-10 მუხლი ავალდებულებს. კი, რუსეთის დღევანდელი განწობის გათვალისწინებით, შესაძლებელია რუსეთსა და ნატო-ს შორის, შეზღუდული მასშტაბის ბირთვული დარტყმების ომის სცენარი. ვიმეორებ კიდევ, აქამდე საქმე არ მივა, რუსეთის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ კასატროფას არ დაუშვებენ. შემიძლია გავიხსენო ნაცისტური გერმანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში უცილობელი მარცხის წინაშე იდგა, მაგრამ ჰიტლერმა ვერ გაბედა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება, რომელიც ნაცისტებს დადასტურებულად ჰქონდათ. მოკლედ, ამ ეტაპზე ბირთვული ომის საფრთხე არარეალურია და თუ რუსეთი მაინც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, სათანადო პასუხს მიიღებს.
















კომენტარები