• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3237.3 კვ.მ – 1 ლარად თბილისის ცენტრში – ვისთვის შეცვალა მთავრობამ კანონი? – “სტუდია მონიტორი”

ალია ავტორი - ალია
15:51 07-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 3237.3 კვ.მ – 1 ლარად გაიყიდა თბილისის ცენტრში.

მონიტორის ინფორმაციით, 2025 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ გამოსცა დადგენილება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ”, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული წინაპირობების გარეშე დაუშვებელი გახდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ვინმესთვის გადაცემა.

მაგრამ რა ხდება, თუკი საქმეში ბიძინა ივანიშვილთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესის ინტერესები იკვეთება?! – როგორც “მონიტორმა” გაარკვია, ასეთ შემთხვევაში მთავრობას უპრობლემოდ შეუძლია შეცვალოს კანონი და ამ ცვლილების საფუძველზე მეორე დღესვე 1 ლარადაც გაასხვისოს სახელმწიფო ქონება.

2026 წლის 26 მარტს მთავრობამ ცვლილება შეიტანა 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობებს დაუმატა შემდეგი პუნქტი: “თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ 2012 წლის 1 იანვრამდე პრივატიზებულია სამეწარმეო საზოგადოების 100% ოდენობის წილი/აქცია და საპრივატიზებო დოკუმენტაციაში/ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ ამავე სამეწარმეო საზოგადოებას კაპიტალში/ბალანსზე ერიცხებოდან შენობ(ებ)ი/ნაგებობ(ებ)ი, რომელთა საკადასტრო აღწერის შედეგად მიღებული ფაქტობრივი ფართობი აღემატება საპრივატიზებო დოკუმენტაციაში მითითებულ ფართობს, შესაბამისი ნამეტი ფართობის პრივატიზების მიზნით.“

სწორედ ამ დამატებული პუნქტის საფუძველზე ირაკლი კობახიძემ მეორე დღესვე, ანუ 2026 წლის 27 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლითაც შპს “საქართველო 2030”-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირის №12-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობიდან 3237.3 კვ/მ ფართი (მათ შორის, სარდაფი – 320.71 კვ/მ; I – V სართულის ჩათვლით და ანტრესოლი, ფართით – 1016.14 კვ/მ; სხვენი – 1900.45 კვ/მ), წილობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ერთად.

შპს “საქართველო 2030”-ის 50% სს “ფინვესტ საქართველოს” ეკუთვნის, 30% – შპს “ბლოქ სთოუნ კაპიტალს”, 20% კი – შპს “ბლოქ სთოუნ ჯგუფს”. სამივე ეს კომპანია და მათი მფლობელები  “ტრამპ თაუერი თბილისის” პროექტში მონაწილეობენ, რაზეც “მონიტორმა” ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება 10 ივნისს გამოაქვეყნა.

“ბლოქ სთოუნ კაპიტალი” [ყოფილი “რემიქს ჯგუფი”] ბიზნესმენ ლაშა კვაჭაძეს ეკუთვნის, “ბლოქ სთოუნ ჯგუფი” კი [ყოფილი “ბლოიქსი”] მის ცოლს – მზია გიგაურს. გასულ წელს სწორედ მზია გიგაურმა აჩუქა მის მიერ დაფუძნებულ კომპანია “ვისიონარიში” 30-30% წილები თბილისის მერის –  კახა კალაძის ცოლს, ანა არეშიძესა და პარლამენტარ გიორგი ბარვენაშვილის ცოლს, მაია მაისაძეს. “ვისიონარი” ძვირადღირებულ ბრენდულ სათვალეებს ყიდის თბილისში, რუსთაველის გამზირზე გახსნილ მაღაზია “ბოიგარსში”, რომელიც ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის – ბოიგარ ავსაჯანაშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ლაშა კვაჭაძის კომპანია “ბლოქ სთოუნ კაპიტალი” კი, რომლის დირექტორი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა – ავთანდილ თალაკვაძეა, აზარტული თამაშების კომპანია “ბეთლაივის” ერთ-ერთი მეწილეა. “ბეთლაივში” წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის – ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა – თამაზ ხარაიძე; ხოლო ხარაიძის ცოლის ძმა თეიმურაზ კოპალეიშვილი ამავე კომპანიის დირექტორია.

“ფინვესტ საქართველოს” აქციონერები არიან თორნიკე თვაური, ლაშა მელაძე, ალექსანდრე მაყაშვილი, მიხეილ მერებაშვილი და მერაბ ჩიქვინიძე. ყველანი ერთად, ასევე, არიან კომპანია “აპგეიმინგის” დამფუძნებლები, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ აზარტული თამაშების კომპანიებს.

თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზ. #12-ში 2608 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ჯამში, 8825 კვ.მ ფართი, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ “ქართუ ბანკს” 2022 წლის 25 აგვისტოს გადაეცა საკუთრებაში, თუმცა ეს ქონება ბანკის იპოთეკით ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბრიდან იყო დატვირთული.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ 2012 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ენმ-ს ხელისუფლება შეიცვალა და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა, შსს-მ ბანკ “ქართუს” მიზანმიმართულად გაკოტრების საქმე გახსნილად გამოაცხადა და საქმის მასალებში სასტუმრო “საქართველოს” მაშინდელი მფლობელებიც ფიგურირებდნენ, როგორც ივანიშვილის ბანკის წინააღმდეგ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამუშავებული სქემის მონაწილეები.

2024 წლის 14 ოქტომბერს სს “ბანკმა ქართუმ” ნასყიდობის და პირველი რიგის იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა შპს “საქართველო 2030”-თან. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის და იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ყოფილი სასტუმრო “საქართველოს” შენობა, ხოლო ნასყიდობის/იპოთეკის საფასური იყო 18 054 000 აშშ დოლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის მესაკუთრედ ახალი მფლობელი დარეგისტრირდა, თუმცა იგი კვლავაც “ქართუ ბანკის” იპოთეკით იყო დატვირთული.

2026 წლის 2 თებერვალს შპს “საქართველო 2030”-მა და შპს “ელსი თბილისი ასსეთ 1”-ს გაუფორმა “შეთანხმება უძრავ ქონებაზე ვალდებულების რეგისტრაციის თაობაზე”, რომლის მიხედვით, “ქართუ ბანკის” ნაცვლად იპოთეკარი გახდა სს “თიბისი ბანკი”, ხოლო კრედიტორი – “ელსი თბილისი ასსეთ 1”. ამ შეთანხმებას 17 მარტს მოჰყვა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რომელშიც შენობების საერთო ფართი 8825 კვ.მ-დან 12062.3 კვ.მ-მდე იყო გაზრდილი ისე, რომ გამყიდველს, ანუ შპს “საქართველო 2030”-ს დამატებულ ფართზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა. ამის გამო, 26 მარტს საჯარო რეესტრმა ამ ხელშეკრულების საფუძველზე ქონების ახალ მფლობელზე რეგისტრაცია გააუქმა.

26 მარტსვე შეიტანა მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება, რომლის საფუძველზეც, მეორე დღესვე, ანუ 27 მარტს, ირაკლი კობახიძემ  გამოსცა განკარგულება, რომლითაც შპს საქართველო 2030-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირის №12-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობიდან 3237.3 კვ/მ ფართი (მათ შორის, სარდაფი – 320.71 კვ/მ; I – V სართულის ჩათვლით და ანტრესოლი, ფართით – 1016.14 კვ/მ; სხვენი – 1900.45 კვ/მ), წილობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ერთად.

სწორედ 27 მარტს შევიდა ბოლო ცვლილებები ყოფილი სასტუმრო “საქართველოს” ქონების გადაცემის ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც 2026 წლის 30 მარტს საჯარო რეესტრში ამ შენობის მეპატრონედ დარეგისტრირდა შპს “ელსი თბილისი ასსეთ 1”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასტუმრო “საქართველოს” შენობა შპს “საქართველო 2030”-მა 18 მლნ დოლარად იყიდა 2024 წლის ბოლოს “ქართუ ბანკიდან” ისე, რომ იპოთეკარად იგივე “ქართუ ბანკი” რჩებოდა. მთავრობის დადგენილებისა და პრემიერის განკარგულების შედეგად კი, შპს “საქართველო 2030”-მა 3237.3 კვ.მ ფართი დაიმატა 1 ლარად სახელმწიფოსგან, შემდეგ კი მთელი ეს ქონება 33 040 000 ევროდ [დღგ-ს ჩათვლით] გაყიდა. 

შეცვალა თუ არა მთავრობამ დადგენილება მხოლოდ იმისთვის, რომ ცვლილებით ესარგებლა სწორედ შპს “საქართველო 2030”-ს, რომელმაც ამ ტერიტორიაზე ქონება სს “ბანკი ქართუდან” იყიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობამ დამატებით მისცა 1 ლარად  3237.3 კვ/მ, თითქმის 2-ჯერ ძვირად გადაყიდა იმავე დღეს? – “მონიტორის” ამ შეკითხვაზე მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით ასეთი პასუხი გამოგვიგზავნეს:

“თავის დროზე რომ გაიყიდა ეს სასტუმრო “საქართველო” და მთლიანად გაიყიდა, მაშინდელი აზომვები, ჯერ ერთი, ზუსტი არ იყო და მეორე – არ ითვალისწინებდა დერეფნებს,სხვენებს, სარდაფებს და ა.შ. რეალურად, პირმა მთელი ქონება იყიდა თავის დროზე. ახლა როცა გაყიდვის თემა დადგა, ახალ დაზუსტებულ აზომვასა და ძველს შორის სხვაობა აღმოჩნდა 3237 კვ.მ. ვინაიდან თავის დროზე ძველმა მესაკუთრემ მთლიანად შენობა იყიდა და ამაში გადაიხადა ფული, არ იქნებოდა სამართლიანი აზომვებს შორის სხვაობის გამო გადაეხადა მეორედ ფული იმაში, რაშიც ერთხელ უკვე გადაიხადა. შესაბამისად, შევიდა ცვლილება დადგენილებაში და მსგავსი უზუსტობის არსებობის შემთხვევაში  მესაკუთრის უფლება არ დაირღვევა და ყველა სხვა დროსაც ქონება მიეცემა ამ წესით”.

“ვარ აპოლიტიკური პიროვნება და არ მაქვს არანაირი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან. სასტუმრო “საქართველოს” შეძენა არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროექტი, რომელიც შევიძინეთ ბანკი ქართუდან, ყოფილ მესაკუთრესთან კომუნიკაციით და მისი დახმარებით”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა, “ფინვესტ საქართველოს” დირექტორმა.

მისივე განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავდა ორმხრივ ვალდებულებებს და ამ პერიოდის მანძილზე ქონება იყო დატვირთული ბანკი ქართუს იპოთეკით: “დღეის მდგომარეობით, ვალდებულებები ორივე მხარის მიერ შესრულებულია… ახალი მყიდველი არის უცხოური ჯგუფი, რომელთანაც უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და იმედია მალე თბილისს კიდევ ერთი კარგი სასტუმრო შეემატება”.

სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მსგავსი შემთხვევები კორუფციის რისკებს შეიცავს, როდესაც არსებობს პრივილეგირებული ბიზნესსექტორების ჯგუფი, რომელსაც აქვს პირდაპირი და ხშირად ექსკლუზიური წვდომა ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან:

“ამის წყალობით, მათ შეუძლიათ უმოკლეს დროში მოაგვარონ საკუთარი ბიზნესპროექტების წინაშე არსებული თითქმის ნებისმიერი პრობლემა – მაგალითად, ერთ დღეში მიაღწიონ მათთვის სასურველი რეგულაციის შეცვლას. ეს პრივილეგია, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ბიძინა ივანიშვილთან არსებული კავშირებით არის განპირობებული. ასეთი ვითარება არა მხოლოდ ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას, არამედ ხელს უშლის კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ბიზნესის კეთება შესაძლებელია ყველასთვის სამართლიან და თანასწორ პირობებში”.

არადა, 26 მაისს, პარლამენტში, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა:

“კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადაეცემა 1 ლარად ქონება, არიან თუ არა ესენი მთავრობასთან დაკავშირებული პირები. ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი პრაქტიკა. ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით კორუფცია თეორიულადაც კი გახდა შეუძლებელი. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, გამჭვირვალე აუქციონზე,”

მასალა სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved