თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მეგობრებო!
გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა – SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილოს სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება.
დიდ მადლობას ვუხდით, დაუღალავი და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, ჩვენ ადვოკატებს: დავით ომსარაშვილს და შალვა ხვთისიაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ!
ბრძოლა გრძელდება”! – წერია პროფკავშირის გვერდზე.
კომენტარები