15 აგვისტოს აჭარაში კორონავირუსის შიდაგადაცემა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც ქობულეთში, რესტორან „ჰავანაში“ მუშაობდა. ამის შემდეგ, ობიექტის ყველა თანამშრომელი და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ პისიარ-ტესტირება, რომელმაც ორ პირზე დადებითი პასუხი აჩვენა.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა რესტორან „ჰავანას“ მენეჯერს ნოდარ ხვიბლიანს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– ბატონო ნოდარ, რატომ გახდა საჭირო თქვენი თანამშრომლის ტესტირება, რაიმე სიმპტომები აღენიშნებოდა?
– სანამ ამ ქალს აღმოაჩნდებოდა კოვიდი, მანამდე რვა დღით ადრე ის სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. სანამ ჩვენთან მუშაობდა, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. ჩვენთან ყოველდღე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, გვაქვს ჟურნალი, რომელშიც ასახულია ჩანაწერები თანამშრომლების ყოველდღიური შემოწმების შესახებ. პრობლემა სხვა რამეა, ეს ქალბატონი იმ შვიდი დღის განმავლობაში ქობულეთში სად დადიოდა, ამის გამომკვლევი არავინ არ არის. ყველა კონტაქტი გამოკვლეული არაა.
– დაზუსტებით იცით, რომ სხვა კონტაქტები გამოკვლეული არ არის?
– მაგიტომ ვარ აღშფოთებული, ასეთი თავგამოდებით რომ მუშაობენ „ჰავანაში” ეპიდემიოლოგები, მიმდებარე კაფეებსა და რესტორნებში, სადაც ყოველდღე დადიოდა ეს ქალბატონი, რატომ ერთი ადამიანიც არ მივიდა შესამოწმებლად? დადიოდა როგორც კლიენტი, მაგრამ აქ ისეთი მომენტია, რომ ამ კაფეებისა და რესტორნების მიმტანებს ყოველდღიური შეხება აქვთ ერთმანეთთან და თუ რომელიმე კაფეს თანამშრომელს დაუდასტურდება ვირუსი, იქვე მდებარე ყველა კაფე უნდა გადამოწმდეს.
ყველა ჟურნალისტისთვის ვცდილობ იმის ახსნას, რომ მარტო „ჰავანას” მიმართ როცა ხდება ეს ამბები, ასეთივე წარმატებით შეიძლება გავრცელებულიყო სხვაგან. ეს ქალი ჩემთან არ მუშაობს ერთი კვირაა. ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ახლა კარანტინში იმყოფებიან, დაგიდასტურებენ, რომ ეს ქალბატონი, სანამ წაიყვანდნენ, მანამდე იმუქრებოდა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს “ჰავანას”.
– რა იყო კონფლიქტის მიზეზი?
– არ ვიცი. ჩვენს სამსახურში ღირსების შემლახავი საქციელი არც ერთი თანამშრომლის მიმართ არ ყოფილა და პირად ურთიერთობაში კონფლიქტი შეიძლება ყველას მოუვიდეს. მე ვერ ვნახე ეს ქალბატონი, რომ დამესვა ეს შეკითხვა, რა პრეტენზია ჰქონდა ჩვენს მიმართ.
– თუ ამ თანამშრომელთან უკვე ერთი კვირაა, კონტაქტი არ გქონიათ, რატომ. გახდა აუცილებელი ძველი თანამშრომლების მთლიანად შეცვლა?
– ჩვენ შევცვალეთ თანამშრომლები ეპიდემიოლოგიური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. მე მათი მესმის. ჩვენ სრულიად დავეთანხმეთ და დავაკმაყოფილეთ მათი ყველა მოთხოვნა და გავაგრძელეთ მუშაობა. მაგრამ გუშინ, ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც, მათი თქმით, უნდა გადაეყვანათ საკარანტინო ზონაში, დაიბარეს აქ რესტორანში.
ჩვენ ველოდებოდით, რომ ეპიდემიოლოგიური სამსახური მათ გადასაყვანად თავის სამუშაო საათებში მოვიდოდა. თუმცა ასე მოხდა. მოვიდნენ ზუსტად იმ დროს, საღამოს 8 საათზე, როცა რესტორანი იწყებს მუშაობას. ზუსტად 8 საათზე დიდი მიკროავტობუსი დაგვიყენეს კართან და წავიდნენ ღამის პირველ საათზე, როცა ხალხი მიდიოდა.
ყველა ძველი თანამშრომელი გადაყვანილია კარანტინში.
– თქვენ რატომ არ გადაგიყვანეს?
– მე სულ სხვა პოზიციაზე ვიყავი. ახლა აქ ვარ ამ სიტუაციიდან გამომდინარე. რადგან დარწმუნდნენ, რომ მე არანაირი შეხება არ მქონია სტაფთან, აღარ გადამიყვანეს. ჩვენ ვთხოვეთ, რომ სხვებიც გადაემოწმებინათ, იმიტომ, რომ შეიძლება მათგან გადმოგვედოს ვირუსი. მაგრამ არც ერთი მიმდებარე კაფეს თანამშრომელი არ გადაამოწმეს. კორონავირუსის კერა თუ არსებობს, უფრო ახლოს არის იმ სახლთან, სადაც ეს ქალბატონი ცხოვრობდა. იმ სახლშივე ცხოვრობდა ორი ჩვენი თანამშრომელი, რომლებზეც თქვეს რომ დაუდასტურდათ. ამ ორმა პირმა გაასაჩივრა, მოითხოვა დადგენილება და ველოდებით გადაგზავნას ლუგარში. ჩვენ გვინდა ამ ანალიზის გადამოწმება.
– რატომ? არ ენდობით ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს?
– ლუგარის ლაბორატორიის მიმართ უნდობლობაზე არაა საუბარი. საუბარია იმ დასკვნაზე, რომელიც მიაწოდეს. სწორედ ეს უნდა გადაამოწმონ.
– ამ ინფორმაციის გავრცელებამ დააზარალა თქვენი რესტორანი?
– როდესაც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავრცელდა ვირუსი და არ არის ნახსენები არც აჭარა, არც ქობულეთი და აცხადებენ, რომ გავრცელების კერაა „ჰავანა”, რომელიც კაფეც არ არის, დიდი რესტორანია, მინიმუმ 1000 კაცი იკრიბება, ბუნებრივია, ეს შეიძლება იყოს დამაზარალებელი. მიუხედავად ამისა, გუშინ, როცა ეს ამბები გავრცელდა, მაინც უამრავი ადამიანი მოვიდა. თქვეს, არ გვაინტერესებს კორონავირუსი, მაგრამ როცა ნახეს, რომ ამდენი პოლიციის მანქანა იყო, წავიდნენ.
– ანუ აღარ მუშაობთ?
– კი გახსნილი ვართ, დღეს ველოდებით კლიენტებს, ნაწილი უკვე მოვიდა. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რომ დაცული გვაქვს უსაფრთხოების ყველა ზომა. თუმცა არ გამიკვირდება, საღამოს კიდევ ერთხელ ჩამოდგეს ის მიკროავტობუსი კიდევ ერთი ჰიპოტეტური პაციენტის წასაყვანად.
– თუ შეიძლება იყავით ობიექტურები, მეტს არაფერს არ ვითხოვ. თუ ასეთი გულმოდგინებით მუშაობს ეპიდემიოლოგიური სამსახური, სამი შვილი მყავს და მეც მშვიდად დამეძინება, მეცოდინება რომ დალაგებულ ქვეყანაში ვცხოვრობ. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გულმოდგინედ მუშაობს მხოლოდ საკუთარი ან ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე. არ დაგავიწყდეთ, რომ შარშან რესტორანი დაწვეს, შარშანწინ პრობლემები იჯარასთან დაკავშირებით შეგვიქმნეს. ვვარაუდობთ, რომ ვიღაცის ინტერესებში შედის ჩვენი რესტორნის დახურვა, რასაც მოჰყვება ამ რთულ პერიოდში ასამდე ადამიანის უმუშევრად დარჩენა.
პრაიმტაიმი
კომენტარები