ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid-19-ის ვაქცინაციის “ბუსტერ” დოზებზე და 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.
ვისთვის არის “ბუსტერ” დოზა შესაძლებელი?
- დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19-ის მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის:
- 50 წლის და უფროსი ასაკის პირები;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირები;
- მათი მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
- სამედიცინო პერსონალი;
- 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით.
მსურველებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა
ბუსტერ-დოზით აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან.
ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
Pfizer-ის ვაქცინით აცრას ასევე შეძლებენ:
- 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები;
- 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
სინოვაკი, სინოფარმით აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:
- ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა.
- პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–ის ვაქცინით;
- ამ პირების ვაქცინაცია ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება.
კომენტარები