აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
“გუშინდელი მასიური სარაკეტო დაბომბვის შემდეგ, ლოგიკური იქნება დავასკვნათ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების ოპერაცია ფსბ-ს მიერ არის ინსპირირებული.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ერთჯერადი შურისძიების აქტი კი არ არის, არამედ ახალი საბრძოლო სისტემის ტაქტიკა“ – განაცხადა ცნობილმა რუსმა სამხედრო კორესპოდენტმა, ალექსანდრე კოცმა. „დაბომბვები უნდა გაგრძელდეს უკრაინის სიღრმეში მანამ, სანამ ქვეყანა არ დაკარგავს ფუნქციონირების უნარს“.
კოცი და სხვა რუსი სამხედრო ბლოგერები ფსბ-ს დივერსიული პროპაგანდის განყოფილების კონტროლით მოქმედებენ, ამიტომ მათზე დაკვირვებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება.
ცხადია, დიდი იქნებოდა ცდუნება, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება აქტივში ჩაეწერა უკრაინის სპეცსამსახურებს. სწორედ ამაზე გაკეთდა ალბათ გათვლაც. თარიღიც შესაფერისად შეარჩია ფსბ-მ: – პუტინის დაბადების დღე.
ცხადია, რისკი დიდი იყო, მაგრამ რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ხიდის ზედაპირზე მომხდარი მძლავრი აფეთქებაც ვერ მიაყენებდა სტრუქტურას ისეთ ზიანს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი ან ძალიან ძნელი გახდებოდა. გონიერი ადამიანისათვის ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება რუსულ პროპაგანდას წამოეგოს ვინმე და უკრაინა ჩათვალოს ტერორისტად, მაგრამ ინტერნეტში ძირითადად სწორედ პრიმიტიული აზროვნების მქონე ადამიანები დომინირებენ და მათი ინდოქტრინიზაცია ძალიან მარტივი საქმეა. გადახედეთ რა ინტელექტის ადამიანები აკეთებენ მილიონებს ინტერნეტში და ამაში თავად დარწმუნდებით. რუსები ამჯერად სწორ გათვლას აკეთებენ. მათ შეიარაღებულ ძალებს შანსი არა აქვთ უკრაინელ სამხედროებთან პირისპირ შეტაკებისას, ამიტომ ისინი ისევ ჰიბრიდულ ტაქტიკაზე გადასვლას შეეცდებიან, რომლის ქვაკუთხედიც დივერსიული პროპაგანდაა.
სარაკეტო თავდასხმის შემდეგ პუტინმა მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსულ სამოქალაქო სტრუქტურებზე თავდასხმა ძალიან ძვირად დაუჯდება უკრაინას. ეს ფაქტიურად ახალი ტერაქტების დაანონსებას ნიშნავს. გავიხსენოთ, როგორ მოიპოვა პუტინმა „კაზუს ბელი“ ჩეჩნეთის გასანადგურებლად. ეს მისი „ნოუ ჰაუა“. ლოგიკურად, შემდგომი ტერაქტი (თუ ტერაქტები) არაადამიანურად სასტიკი უნდა იყოს. იმდენად აღმაშფოთებელი, რომ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურზე ან მცირემუხტიან ტაქტიკურ ბირთვულ ბომბზეც მაინცდამაინც არ/ვერ აღშფოთდეს მსოფლიო. ოფიციალურ კიევს დიდი სიფრთხილე მართებს და სასურველი იქნება, თუ სძლევენ ცდუნებას და გაემიჯნებიან საეჭვო ტერაქტებს.
ჯერჯერობით ძნელია იმის დადგენაც, თუ რატომ გააქტიურდა ილონ მასკი. ის ისევ აგრძელებს ბუნდოვან, მაგრამ აშკარად პრო-რუსულ მესიჯებს ტვიტერზე. „თვალი თვალის წილ ყველას ბრმად დასტოვებს“ დატვიტა მან 9 ოქტომბრის დილას და შემდეგ სიტუაციისათვის აბსოლუტურად შეუსაბამო და ალოგიკური რუსული იგავიც მიაყოლა ბოროტ კაცზე, რომელიც სიმდიდრეს ითხოვდა ჯადოსნური თევზისაგან და რადგან ამ თხოვნის შესრულება იმ პირობით მოხდებოდა, თუ მეზობელი მასზე ორჯერ მეტ სიმდიდრეს მიიღებდა, მაშინ კაცმა ცალი თვალის ამოთხრა ისურვა, რათა მისი მეზობელი სრულიად დაბრმავებულიყო. ეს მესიჯი იმდენად ალოგიკური იყო, რომ ყველა გაკვირვებული დარჩა. მასკი სულელი ნამდვილად არ არის. იგავი კი სინამდვილეში სწორედ რუსული სოციალური ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ ბოროტ ქვეყანას საკუთარი განვითარებას და გამდიდრებას ურჩევნია, მისი სამეზობლო იყოს მასზე უარეს წყვდიადში. ეს არის რუსული სოციუმის კაიფის „ჰაშიში“, რომელზეც ქართული სოციუმიც „შესვა“ თავის დროზე.
-და მაინც რა აქვს შენზე ასეთი ფსბ-ს, ილონ? – პირდაპირ მიმართა მასკს ტვიტერზე ერთერთმა მომხმარებელმა. საუბედუროდ, რუსეთი იმდენად იყო და არის მსოფლიოს ფინანსურ სტრუქტურებში ინტეგრირებული, რომ უმკაცრესი სანქციებითაც შეუძლებელია მისი შემოსავლების სრული შეჩერება. ცხადია, დროთა განმავლობაში ეს მოხერხდება მეტნაკლები წარმატებით, მაგრამ ჯერჯერობით დასავლური მილიარდები ისევ მიედინება რუსეთის ჯიბეებში.
-მე ისევ ძველებურად ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ ვცდილობ რომ ძალადობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს – უთხრა მილიარდერმა უკრაინის პრეზიდენტს. არ არის გამორიცხული, რომ ფსბ-მ თავისი ჯოჯოხეთური გეგმის ნაწილი შეგნებულად გააცნო მასკს და ისიც შეძლებისდაგვარად ცდილობს ამის პრევენციას. „წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე და ვფიქრობდი, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რომ ესკალაცია არ მოხდეს“ – ესეც მასკის ტვიტი გახლავთ.
პუტინი უკვე ვა-ბანკზე მიდის. მას არაფერი აქვს დასაკარგი. რუსული სამხედრო ოპერაციების წარმატება ბრძოლის ველზე პრაქტიკულად გამორიცხულია და ერთადერთი რაც რჩება, ეს არის ტერორზე, ღია კრიმინალზე წასვლა. და იმისათვის, რომ ასეთმა მოქმედებამ სრულიად არ დაუკარგოს სიმპათიები მსოფლიოს თვალში, ის ყველანაირად შეეცდება, რომ უკრაინას დასდოს ბრალი პროვოკაციებში. კიდევ ვიმეორებ, ეს შეიძლება გონიერ ადამიანს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ გონიერი ადამიანები მსოფლიო სოციუმში აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ.”
კომენტარები