ცხოველთა უფლებადამცველ ტასო ლოსაბერიძის განცხადებით, ხუთი ძაღლის დაღუპვის საქმეზე ხვალ ექსპერტიზის პასუხი გამოცხადდება, თუმცა დასკვნა ფალსიფიცირებულია და რეალობას არ ასახავს.
აქტივისტის თქმით, საზოგადოება ვერ გაიგებს, რა ვითარებაში დაიღუპნენ ცხოველები, რადგან საკვლევი ნიმუშები დაზიანებულია. ლოსაბერიძის ინფორმაციით, ცხოველების ნეშტები სამარხებიდან ლაბორატორიაში გადასაგზავნად 31 ოქტომბერს ამოიღეს, თუმცა ექსპერტიზაზე მხოლოდ ხუთი დღის დაგვიანებით – 5 ნოემბერს მიიტანეს, რამაც მასალის გაფუჭება გამოიწვია და დასკვნის სანდოობა სრულად ეჭვქვეშ დააყენა.
ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც საგამოძიებო სტრუქტურასთან, ასევე ლაბორატორიასთან, რომელშიც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. სწორედ აქედან გამომდინარე გავიგე, რომ ძაღლები 31 რიცხვის ნაცვლად იყვნენ 5-ში გადაყვანილები და ისიც დაზუსტებით გავიგე, რომ ზოგი ძაღლის ლეში ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო. სანამ არ გაფუჭდა ეს ძაღლები და სანამ არ გააქრეს ეს მასალა, მანამდე სპეციალურად პოლიციელებმა არ გადაიყვანეს ლაბორატორიაში.
ეს ძაღლები არიან მოკლულები ისეთი წამლით, რომელიც სისხლში რომ აღმოუჩნდეს რომელიმე ძაღლს, ალბათ დაიჭერენ ვინმეს და არა მარტო ერთ ადამიანს. ამის გამო ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ძაღლები აღარ ყოფილიყვნენ გამოსადეგი ექსპერტიზისთვის. წამალია ინგლისური მარილი, რომელსაც გულში უკეთებენ ცხოველს და 15 წუთის განმავლობაში საშინელი, მტანჯველი სიკვდილით კვდება, – ამბობს აქტივისტი.











კომენტარები