უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობის ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. ადგილობრივი მოსახლეობა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყებოდა.
გავრცელებული კადრების მიხედვით, საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის დაახლოებით 2,6%-ია.
უკრაინის ძალების სამიზნე ასევე გახდა ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. გავრცელებულ კადრებში საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი ჩანს. აღნიშნული ქარხანაც „როსნეფტს“ ეკუთვნის და მისი წლიური საპროექტო სიმძლავრე 8,5 მილიონი ტონაა, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 3,2%-ს შეადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, დარტყმა განხორციელდა ნავთობის სატუმბ სადგურ „სამარაზე“ ან „სამარატრანსნეფტის“ ტერმინალზეც, თუმცა იერიშის ზუსტი ადგილის იდენტიფიცირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ღამის განმავლობაში სამარის ოლქში უკრაინული იერიშის სამიზნე ორი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. მესამე ობიექტზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს.











კომენტარები