ჩინეთის ქალაქ უჰანში, ახალი კორონავირუსის გამო უმოკლედ დროში აშენებული მეორე საავადმყოფოც ექსპლუატაციაში შევიდა. მედპერსონალი უკვე ადგილზე იმყოფება და პაციენტების მიღებისთვის ემზადება. საავადმყოფოში მხოლოდ ის პაციენტები განთავსდებიან, ვისაც უკვე დაუდგინდა ვირუსი.
საავადმყოფო 79 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, რომლის ძირითადი ნაწილი პაციენტებზეა გათვლილი. გარდა ამისა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე დამატებით 10 ნაგებობაა მედპერსონალისა და სამედიცინო აღჭურვილობისთვის. ჯამში, მედპერსონალისთვის 264 ოთახია გამოყოფილი. თითოეულ ოთახში შესაძლებელია 6 ადამიანმა იცხოვროს. ოთახებში 3 ორსართულიანი საწოლი, ტელევიზორი, კონდინციონერი და სხვა ელექტრომოწყობილობაა, გარდა ამისა, ინდივიდუალური სააბაზანოებიც არის.
1500-საწოლიანი საავადმყოფო 32 სექციად არის დაყოფილი. პაციენტებს დაახლოებით 2 000 მედპერსონალი მოემსახურება.
საავადმყოფოს მშენებლობა 27 იანვარს დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ უჰანში 5 თებერვალსაც გაიხსნა 1000-საწოლიანი საავადმყოფო, რომლის მშენებლობა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შედეგად 720 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 400 ინფცირებულია.
ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია ხუბეის ქალაქ უჰანში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები