აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის ცნობით, საუბარი 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა და ის ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების შესაძლო გზები განიხილეს. მისი თქმით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტასა და კრიზისის დარეგულირებას.
უშაკოვის განცხადებითვე, რუსეთი კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ცდილობს, თუმცა საკუთარი მოთხოვნების გათვალისწინებით. მისივე თქმით, პუტინმა ტრამპს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ რუსული ძალები წინ მიიწევენ.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საკითხზე მუშაობას გააგრძელებენ ვაშინგტონის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც მოსკოვში კიდევ ერთი ვიზიტისთვის მზად არიან. საუბრისას პუტინმა ტრამპს მოსკოვში ჩასვლის ღია მიწვევაც შეახსენა.











კომენტარები