საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა არმიამ უკუაგდო რუსული სამხედრო ნაწილები დონეცკის ოლქში, ლიმანის სექტორში და თავად ცდილობს მდინარე ჟერებეცის გადალახვას, რითიც ძალიან ახლოსაა ლუგანსკის ოლქში შესვლასთან.
ამჯერად უკრაინელები ლუგანსკის ოლქში მხოლოდ ერთ მონაკვეთზე არიან შესულები, ისიც იმავე მდინარე ჟერებეცის აუზში, ჩრდილოეთით.
ამასთან, ტრამპის მტკიცება, თითქოს ენერგოობიექტების დაბომბვა შეწყდებოდა, ცხადია, სიმართლე არ აღმოჩნდა. მან ან ნაჩქარევად დააანონსა “შეთანხმება”, ან უბრალოდ მოიგონა ის. წუხელ უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსულ ნავთობსაწარმოებზე მდინარე ვოლგის აუზში. ზოგადად, რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების დადება და შესრულება საკმაოდ სათუო ამბავია, რადგან ზამთარში იგი უკრაინის ენერგო და სამოქალაქო ობიექტებზე ძალიან მასირებულ და სინქრონულ დარტყმებს გეგმავს – წინა ზამთარზე მეტად ინტენსიურსაც კი, რაზეც ღია წყაროებიც მიუთითებს. თუმცა ამისთვის უკრაინელებიც ემზადებიან.
ამავდროულად, ბალტიისპირა სახელმწიფოები, ფინეთი, შვედეთი და პოლონეთი ინტენსიური წვრთნებისა და დაგეგმარების პროცესში არიან. განიხილება რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის რამდენიმე სცენარი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რა იქნება კონტრღონისძიება, თუკი რუსეთის მხრიდან განხორციელდა იერიში – საუბარია ყრუ დაცვაზე თუ კონტრშეტევაზე, მაგალითად, კალინინგრადის მიმართულებით.
ზოგადად, პოლონეთს ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის ზომიერად აკრიტიკებენ ხოლმე მოკავშირეები, ხოლო მტრები რამდენიმე დღეში დაპყრობას უწინასწარმეტყველებენ. ცხადია ეს უკანასკნელი ღიმილისმომგვრელია – რა, რა და პოლონეთს ძალიან ძლიერი სამხედრო ეთოსი და მორალი აქვს და ბოლო წლებია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მილიტარიზაცია აქვს დაწყებული. თუმცა 2011 და 2018 წლების ანგარიშებით, პოლონეთის არმია საკმარისად არ იყო მზად რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
თუმცა 2022 წლიდან რიტორიკა და მიდგომა კიდევ უფრო შეიცვალა. პოლონეთის არმიაც ბევრად უკეთ გამოიყურება. ამასთან, არაერთხელ გაკეთდა მინიშნება, რომ 2018 წლის ანგარიში უფრო სახალხო და პოლიტიკური მობილიზების საშუალება იყო, რათა პოლიტიკოსებს მეტი დრო დაეთმოთ სამხედრო მზადყოფნისა და საფრთხის აღქმისთვის, თორემ არც მაშინ იყო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაო. როგორც უნდა იყოს, პოლონეთი ყოველწლიურად ათიათასობით სამოქალაქო პირის გადამზადებას ახდენს და საკმაოდ სერიოზულ შეტევით პოტენციალს ქმნის.
შვედეთი და ფინეთი ომისთვის დიდი ხანია მზად არიან. აქ სამოქალაქო პირების სამხედრო მომზადების დონეც მაღალია და, რაც მთავარია, არსებობს დიდი რაოდენობით სარეზერვო ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები, თანაც ადგილობრივი წარმოების. სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ ხოლმე პოლონეთს, რომელიც უფრო მოკლე და ტრადიციული ომისთვისაა მზად, ვიდრე ხანგრძლივი, გამომფიტველი ოპერაციისთვის, მაშინ როცა შვედებსა და ფინელებს საპირისპირო მიდგომა აქვთ. თუმცა რეალურად რა დონის მზადყოფნა არსებობს, ეს მხოლოდ ომის შემთხვევაში გამოჩნდება. მთავარი პრობლემა კი დრონების წინააღმდეგ საბრძოლო გამოცდილებაა, რომელიც ევროპულ არმიებში ჯერჯერობით გამოწვევად რჩება.
რეალურად კი მოწინააღმდეგის შეჩერება და დაფრთხობა მხოლოდ საკუთარი ძალის ჩვენებითა და მისი გამოყენების მზაობითაა შესაძლებელი.











კომენტარები