დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს!
მე თქვენ ორჯერ შეგხვდით და ვისაუბრეთ, მინდა ობიექტურად ვთქვა, ვისაუბრეთ მთელი საათი, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, ვისაუბრეთ წარსულზე აწმყოსა და მომავალზე, მას შემდეგ დასავლეთში თუ აქ რამდენიმე განცხადება გააკეთეთ, თითქოს წუხდით საქართველოს დასავლურ კურსს საშიშროება, საფრთხე ემუქრება (ხელისუფლებაში) გარკვეული ძალებისგანო, თითქოს წუხდით ზოგიერთი ხელს უშლის ქვეყნის დასავლეთით განვითარებასო, არც ერთ ამ განცხადებას თქვენი მხრიდან მოქმედება არ მოჰყოლია – ხან პეტიციით მოგმართეთ დეპუტატებმა, ხან ხელოვანებმა, ექიმებმა, მოქალაქეებმა, მაგრამ თქვენგან ისმოდა მხოლოდ საკმაოდ უხერხული და პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ფრაზა “არა და არასდროს”. ზუსტად ეს ის ფრაზაა, რომელიც არა და არასოდეს უნდა თქვას პოლიტიკოსმა და მით უფრო ქვეყნის პრეზიდენტმა, მთავარსარდალი რომ გქვიათ. განსაკუთრებით თქვენი მას შემდეგ არ მჯეროდა, რაც ქვეყანას – საქართველოს ომის დაწყებაში ბრალი დასდეთ.
როცა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, დასავლელი პოლიტიკოსები, მედია ალაპარაკდა სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე და შესაძლო გარდაცვალებაზე, მაშინ ვიფიქრე ნუთუ ამ შანსს არ გამოიყენებს ქ-ნი ზურაბიშვილი?!
ნუთუ შეწყალების ბერკეტს არ გამოიყენებდით, რომელიც ხელთ გიპყრიათ და ქვეყანას ისტორიულ სირცხვილს ააცილებდით?! ნიკა გვარამიას გამოც მოგმართათ საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა ელჩებმა, (არა და, კრიმინალები და მკვლელები კი შეიწყალეთ) არც აქ შეძელით რაიმე, არ და ვერ, ისევ თქვენი “ცნობილი ზარდამცემი” გამონათქვამი, რითიც ხალხს თავი დაამახსოვრეთ – “არა და არასდროს,” “ხალხთან ახლოს, მაგრამ მაინც ზევით…”
ახლა კი, არც ხალხთან ხართ და მეტიც – ძალზე ქვემოთ ხართ! მაშინ, როცა კულტურის მინისტრად წოდებული წულუკიანი თავს ლაფს გასხამთ, ისეთი უსუსური ხართ, რომ მრცხვენია მთავარსარდალი გერქვათ.
თამაშს ჰგავს თქვენი უსუსურობა პრეზიდენტო, დამფრთხალი ოლიგარქის თამაშს, რომელიც დასავლეთთან იმ “ოქროს ძაფად” გიყენებთ, რომელიც მარცხის შემთხვევაში არ უნდა რომ გაწყდეს. დიახ, თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი და ამიტომ ემპათიასაც კი არ იწვევს თქვენი ასეთი უსუსურობა, საზარლად გამოიყურებით და ვდარდობ ყოველ სიტყვას, რაც ჩვენი შეხვედრისას საიმედოდ დავიტოვე!
და ბოლოს, გულწრფელად გეტყვით, იპრეზიდენტეთ, ჩამოირეცხეთ ეგ შესხმული ლაფი, რაც უკვე შეგასხეს, ჩამოირეცხეთ ღირსეული პასუხით, მოქმედებით და მე პირადად პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ბოლომდე გვერდით დაგიდგებით და არავინ მოგცემთ წაქცევის და მარცხის საშუალებას, ბოლომდე დაგიდგებით.
ახლა კი არა და არა, მე მხდალ და უსუსურ მთავარსარდლებს არ და ვერ ვიცოდებ, მთავარსარდალს უსუსურს და თავს ლაფდასხმულს ნურას უკაცრავად – “არა და არასდროს! “
კომენტარები