,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
,,არ ვაპირებდი ამ თემაზე არაფრის დაწერას, რადგან ამ ბოლო წლების გამოცდილებამ რაც მასწავლა, ერთ-ერთი ისაა, რომ ყველა ადამიანი თავისებურად უმკლავდება პრობლემებს, მათ შორის ფინანსურს – ზოგი უფრო მარტივად, ზოგი რთულად და ზოგიც საერთოდ ვერ – და ამ
პერიოდში იმდენი კონკრეტული მაგალითი მაქვს ნანახი ამ ყველაფრის, რომ ჩამომიყალიბდა რწმენაც და ჩვევაც, რომ არ განვსაჯო ადამიანი იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს პრობლემებზე ან რა გზას ირჩევს მათ მოსაგვარებლად – ზოგჯერ ჩემთვის სრულიად გაუგებარს და მიუღებელს, მაგრამ არასდროს არავინ დამიმუნათებია უხელფასობის სტრესის ქვეშ ჩადენილის გამო და ამას არც ახლა ვაპირებ, სხვა რამე ვაპირებ: საქმე იმაშია, რომ სანამ მე ამ ჩემ სტოიცისტურ პოზაში ვიყავი, სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიებმა, რომელთაც პირდაპირი დავალება აქვთ, ნებისმიერი ამბავი ჩემს შესახებ გრანდიოზულ სკანდალად შემოგასაღონ და მლანძღონ, ეს კონკრეტული შემთხვევა კვლავ პროპაგანდისტულ ნიაღვრად გადააქციეს და სიუჟეტი სიუჟეტზე მიძღვნეს ყველა არხზე, ამ იმედრუსთავპოსტივებზე, აქაოდა აი ფორმულაზე ფინანსური პრობლემებია და ეს უგულო მშვილდაძე თანამშრომლებს მესიჯებზე არ პასუხობსო – მანამდე ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა გამოდო სქრინები, როგორ მწერრდა ხელფასზე და როგორ არ ვპასუხობდი არაფერს – ჰოდა, ამაზე მინდა, რომ იცოდეთ რა ხდება:
კი, მეგობრებო, ნამდვილად ასეა, რომ ყველას ყოველთვის ვერ ვპასუხობ – ხანდახან არ მინახავს როდის რა მესიჯი მომდის, ხანდახან გამომრჩება ხოლმე, როცა ბევრი ხალხი მწერს, ხანდახან აპლიკაცია არ მაჩვენებს, ხანდახან არ მცალია, და ხანდახან თავს ვიკატუნებ, რომ არ მცალია, რადგან მოწერილი ტექსტის ინტონაციაზე საპასუხო მესიჯისთვის ადეკვატური ტონის მოძებნას ვერ ვახერხებ – ყველანაირად ხდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ – ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი – მაგრამ, ფორმულას ყველა თანამშრომელმა იცის, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია როგორც მისი რგოლის უშუალო ხელმძღვანელის გავლით, ასევე პირდაპირ, დამოუკიდებლად ნებისმიერ დროს მოვიდეს ჩემს სამუშაო ოთახში ნებისმიერი კითხვით, თხოვნით თუ დავალებით, ასევე შეუძლიათ დამირეკონ და მომწერონ და მე ვპასუხობ თუ ვერ ვპასუხობ, პარალელურად ყოველთვის, ყოველთვის პასუხობს ტელევიზიის მენეჯმენტის შესაბამისი წარმომადგენელი, ვისაც სამსახურებრივად ევალება თანამშრომლებთან კომუნიკაცია და არასდროს, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მას ვინმესთვის არ ეპასუხოს, ან ვინმეს საკითხი დაგვვიწყებოდეს ან დაგვეკიდებინოს ან რამე მსგავსი – ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ცხადია, ასე იყო და არავითარი უყურადღებობა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან არ დაფიქსირებულა არც ახლა, არც სხვა შემთხვევებში და არც არასდროს და ეს ასე იქნება მომავალშიც – და ამავდროულად, მინდა გესმოდეთ, რომ პირადად მეც მაქვს ჩემი თავისუფლების და პირადი სივრცის ის პატარა ნაგლეჯი ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის, სადაც მეც როგორც შემიძლია, ისე ვუმკლავდები პრობლემებს და ამ სივრცეს ვერც ვერავის დავუთმობ და ვერც ვერავის მოვარგებ. ვწუხვარ, რომ ამ კონკრეტულ თანამშრომელთან ვერ მოვახერხე კომუნიკაცია ისე, რომ ამ ზომამდე არ გაბრაზებულიყო და მიუხედავად იმისა, რა აზრის ვარ სქრინების გამოფენის პრაქტიკაზე ზოგადად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას არ განვსჯი და მხოლოდ ბოდიშს მოვუხდი: ვწუხვარ რომ ასე გამოვიდა, მაგრამ მე არავითარი ბერკეტი და შესაძლებლობა არ მქონდა, რომ დამეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა – სახელფასო დავალიანების გასტუმრება ერთ საათში რომ შეგვძლებოდა, ერთი წელი არ დავაგროვებდით ნამდვილად.
დიახ, აქვს ფორმულას ფინანსური პრობლემები, გასაოცარი ის იქნებოდა, რომ
არ ჰქონდეს – მაგრამ ვმუშაობთ და ვიბრძვით მათ გადასაჭრელად და ის ფაქტი რომ დღესაც ეთერში ვართ, მიანიშნებს იმაზე, რომ შედეგიანადაც:
და ჩემთვისაც ჯოჯოხეთია ამ ყველაფრის გავლა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, როგორ გადაანაწილო შეზღუდული ფინანსური რესურსი გაცილებით დიდ საჭიროებაზე – სიამოვნებით გავუცვლიდი ამ როლს ნებისმიერ მსურველს, მაგრამ რაკი ბედისწერამ და ღვთიურმა ირონიამ ეს როლი მე დამაკისრა, შევეცდები მის შესრულებას ისე, როგორც მე მესმის რომ არის პატიოსნად და ეფექტურად.
ამავდროულად მაინტერესებს, ამ
პროპაგანდისტული არხების ამ სიუჟეტებში პროპაგანდისტულივე ნარატივებით შეჰარმონიზებული თამარა ჩერგოლეიშვილი საიდან მოხვდა? რა შუაშია ამ თემასთან საერთოდ, თავს რომ უფლებას აძლევს ამ საკითხზე კომენტარები აკეთოს? ვინ ეკითხება? ან რა იცის? ან რა უნდა? პროპაგანდისტული მედიის წლის კონტრიბუტორის წოდებისთვის იბრძვის??
და პატარა კბილს ჩემს მასთან საერთო ფბ სამეგობროს მის პატარა კლასტერსაც გავკრავ: აქ რომ მორცხვად მიმანიშნებდნენ საბნისა და ფეხის სიგრძეთა თანხვედრის მნიშვნელოვნებაზე პათოსით “თუ ფული არ გაქვთ, ტელევიზია დახურეთ” – ფინანსურ ქოუჩთან ეფექტური მენეჯმენტის კურსის ვაუჩერზე სვუპის ფასდაკლების ლინკს ჩაგიგდებთ თქვენ ქვემოთ კომენტარებში”











კომენტარები