სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე მჭედლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წმიდა პაისი მთაწმინდელის ნააზრევს აქვეყნებს. სასულიერო პირი თვლის, რომ მამა პაისის ეს მოსაზრება თანამედროვე ყოფაში განსაკუთრებით აქტუალურია. საქმე ეხება, ახალგაზრდებს, მათ ერთმანეთთან და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას.
„აქტუალური.
„დღეს სტუდენტები მეწვივნენ და მეუბნებიან: „ილოცე, მამაო, რომ გამოცდები ჩავაბაროთ“. ამაზე ვუპასუხე: „ვილოცებ, რომ უმანკოების გამოცდები ჩააბაროთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ შეიძლება, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ“. სწორად ვუთხარი თუ არა? დიახ, დღეს თუ ახალგაზრდების სახეებზე მოკრძალება და უმანკოება იხატება, ეს დიდი საქმეა. ძალიან დიდი საქმე!
რა საბრალო, დამახინჯებული ქალიშვილები მოდიან დღეს ჩემთან! ისინი უწესოდ, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ სოლიდურ ადამიანებთან, ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრების წესი, რომელსაც ისინი მისდევენ, უწმინდურია. და ამგვარად ეს საწყლები სახიჩრდებიან. „რა გავაკეთო, მამაო?“ – მეკითხებიან. და მეც ვპასუხობ: „- სამიკიტნოს პატრონი, თუმცა ლოთთან მეგობრობს, მაგრამ ქალიშვილს მას ცოლად არ გაატანს. შეწყვიტე ცოდვილი ურთიერთობა, თუ მას, ვისთანაც სცოდავ, ნამდვილად უყვარხარ, შესაფერისად შეაფასებს ამას. ხოლო თუ მიგატოვებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არ უყვარხარ და მაშინ ტყუილუბრალოდ დროს აღარ დაკარგავ“.
მაცდური სარგებლობს ახალგაზრდული ასაკით, რომელშიც ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ხორციც ამბოხებულია და ცდილობს, ახალგაზრდობა იმ რთულ პერიოდში გარყვნას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათი გონება ჯერ მომწიფებული არ არის, სრულიად გამოუცდელი არიან და სულიერი სიფრთხილე არ გააჩნიათ. ამიტომ ყმაწვილებმა ამ კრიტიკულ ასაკში უნდა იგრძნონ, რომ მათთვის გამუდმებით უფროსების რჩევებია საჭირო. ეს რჩევები სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაკზე ფეხი არ დაუსხლტეთ, რაც იმით ემუქრებათ, რომ შედეგად მათი სული შფოთით აღივსება და სამუდამოდ განეშორებიან ღმერთს.
მესმის, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი ყმაწვილის ან გოგონასთვის ადვილი არ არის ახალგაზრდულ ასაკში ისეთი სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ არ არჩევდეს მამაკაცს დედაკაცისგან, ამიტომ სულიერი მამები ურჩევენ, რომ გოგონები და ბიჭები არ მეგობრობდნენ ერთმანეთთან, რაც არ უნდა სულიერნი იყვნენ ეს ბავშვები. იმიტომ, რომ თავისთავად ასაკი სიძნელეებს ქმნის და მათი სიყმაწვილით მაცდური სარგებლობს. ამიტომ ყმაწვილისათვის უკეთესია, რომ მისი სულიერი კეთილგონიერებისა და სიწმინდისათვის გოგონებს ის სულელად მიაჩნდეთ (ანდა გოგონას თვლიდნენ ყმაწვილები სულელად) და ასე ატაროს მან მძიმე ჯვარი. ამ მძიმე ჯვარში ხომ სწორედ ღვთის ძალა და სიბრძნე იმალება. და მაშინ ყმაწვილი სამსონზე. უძლიერესი და ყოვლადბრძენ სოლომონზე. უბრძნესი იქნება. ქუჩაში რომ მიდის, ყმაწვილისთვის უკეთესია, ლოცულობდეს და აქეთ-იქით არ იცქირებოდეს, თუნდაც ეს საქციელი ნაცნობებმა და ნათესავებმა არასწორად გაიგონ და განაწყენდნენ, როცა ჩათვლიან, რომ იგი მათ არად აგდებს და იმიტომ არ ესაუბრება. ეს უკეთესია, ვიდრე ყოველ მხარეს ცნობისმოყვარეობით იცქირებოდეს და ეს არასწორად გაიგონ თვით ერის ადამიანებმაც კი, რომლებიც, როგორც წესი, მზაკვრულად აზროვნებენ. ეკლესიაში ღვთიმსახურების შემდეგ ყმაწვილისთვის გაცილებით უკეთესია, თუ საერთოდ, ყოველგვარი ურთიერთობისგან შეიკავებს თავს, რათა შეინარჩუნოს სულიერი მდგომარეობა და ის სიკეთე, რომელიც ეკლესიაში მიიღო, ვიდრე იქ დარჩეს და ქალების ბეწვის საყელოების ცქერით დატკბეს (ან გოგოები – მამაკაცების ყელსახვევების ცქერით) და სულიერად გასასტიკდეს იმის გამო, რომ მტერი შეუბორკავს გულს.
ქვეყნიერება რომ გაიხრწნა – ეს სამწუხარო ჭეშმარიტებაა. და ადამიანი, რომელიც ცდილობს, სიწმინდე შეინარჩუნოს, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყველგან გაისვრება. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ღმერთი არ მოითხოვს თანამედროვე ადამიანისგან ისეთ სიწმინდეს, რასაც უძველეს ეპოქაში მოითხოვდა იმ ქრისტიანისგან, რომელსაც უმანკოებაში სურდა ეცხოვრა. საჭიროა ცივსისხლიანობა, ყმაწვილმა უნდა გააკეთოს ის, რასაც შესძლებს: იღვაწოს და ცოდვის მიზეზებს გაექცეს. დანარჩენში ქრისტე დაეხმარება, სულში დანთებული საღმრთო მოშურნეობა იმდენად ცეცხლოვანია, რომ ძალა შესწევს, სხვა ყველა დანარჩენი სურვილი და უღირსი სახე დაწვას. როცა ადამიანში ეს ცეცხლი აალდება, მაშინ იგი იმ საღმრთო სიტკბოებასაც შეიგრძნობს, რომელიც ვერ გაუტოლდება ნებისმიერ სხვა სიტკბოებას. იგი, ვინც ეს ზეციური მანანა იგემა, ველური „ხისა მის რქისა“ (ლუკ. 15,16), ნაყოფის სიტკბოებას არაფრად ჩააგდებს. ამიტომ ახალგაზრდამ მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი საჭეს, პირჯვარი გადაისახოს და შიში არაფრისა ჰქონდეს“
კომენტარები