ნაციონალური მოძრაობის წევრის – მამუკა ქოროღლიშვილის კუთვნილი მაღაზია გურჯაანში, ცოტა ხნის წინ დაცხრილეს. როგორც „ალიას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, სროლის ხმამ გურჯაანელები ძალიან შეაშინა. გვიყვებიან, რომ დაახლოებით შვიდჯერ ისროლეს. საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
– შიშისგან ახლაც შოკში ვართ მოსახლეობა. არაერთხელ გაისროლს, დაახლოებით შვიდჯერ. სანამ გავარკვიეთ, რომ ყველა ცოცხალი იყო, ძალიან ვინერვიულეთ. მაღაზია, რომელიც დაცხრილეს ოპოზიციონერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მამუკა ქოროღლიშვილს ეკუთვნის. რას ერჩიან ამ ოჯახს არ ვიცი, ქოროღლიშვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს და რას ედავებიან ისევ, არ ვიცი. სავარაუდოდ, დაშინება სურთ, ცალკე მისი და მისი ახლობლების და ცალკე – ხალხის ზოგადად.

– თავდამსხმელები თუ შენიშნეთ?
– ამ მაღაზიასთან ახლოს ვცხოვრობ, სროლის ხმაზე ჯერ აივნიდან გავიხედე და მერე ისევ რომ ისროდნენ შემეშინდა და იატაკზე დავწექი. შავი მანქანა იდგა და ორი მამაკაცი იყო გადმოსული, ზურგით იდნენ. ჩვენს უბანში ამბობენ, რომ პოლიციელები იყვნენ თავდამსხმელები: ქადაგიშვილი და სიბაშვილიო.
– როგორც ამბობენ, ეს ის პოლიციელები არიან, ვინც რამდენიმე წლის წინ მამუკა ქოროღლიშვილს ესროლეს?
– დიახ. მაშინ, სასწაულებრივად გადარჩა მამუკა სიკვდილს, გულმკერდის არეში ესროლეს და გადარჩა. ეს ადამიანები ხალხს ატერორებენ, ახლა უფრო გააქტიურებულები არიან, რადგან „ქართული ოცნება“ მათ სთხოვს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც სულ რაღაც 4 თვეშია გურჯაანში, – მოაგებინონ. ხალხს აშინებენ. მამუკას ოჯახი ისეთ სტრესშია საწყალი მისი ცოლი ამბობს, ერთხელ აფხაზეთიდან გამოვიქეცით ომი რომ დაიწყო და ახლა, აქ, გურჯაანში ყოველდღე ომში ვართო. გურჯაანი ძალიან პატარა ქალაქია და აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არაფერი იმალება. წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს ატრერორებენ პოლიციელები და მათ წინააღმდეგ ჩივილი მხოლოდ მამუკა ქოროღლიშვილმა გაბედა. მან ამხილა სიბაშვილი და ქადაგიშვილი. ამას ეგენი არ აპატიებენ.

„ალია“ წყაროს ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო არ ასახელებს, რადგან ამ ქვეყანაში არავინაა დაცულები. პოლიცია ხალხის უსაფრთხოებისთვის კი არა, უსაფრთხოების წინააღმდეგ უკანონოდ რომ მუშაობს, ამაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია ინფორმაცია, კარგა ხანია, ამაზე საუბრობენ პარტნიორი ქვეყნებიც, როცა ძალოვანი სისტემის ლიდერებს ასანქცირებენ, თუ სანქცირებას უანონსებენ. ვითარება საქართველოში ყოველდღიურად უფრო და უფრო იძაბება, ლამის ყოვლდღიურად უკანონოდ აკავებენ პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს, აშინებენ ადამიანებს და ცდილობენ, პროტესტის ხმა სახლების კედლებს არ გასცდეს. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები საუბრობენ რომ სახელმწიფო უწყებები “ქართული ოცნების” მთავარ დასაყრდენად და “შემსრულებლად” იქცნენ, სცენარის ავტორი – რუსეთია და ივანიშვილი კი პუტინის სურვილების აღმსრულებელი.
გურჯაანში მომხდარზე მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ სროლა ნამდვილად იყო გურჯაანში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. მედიას ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ეჭვმიტანილები გამოკითხულებიც კი არ არიან. საგამოძიებო უწყება კითხვას, თუ რატომ არ არიან ეჭვმიტანილები დაკავებულები, ან რატომ არ დაწყებული მათი გამოკითხვა – არ პასუხობს.















კომენტარები