სააუქციონო სახლი Sotheby’s-ი აპრილში 15.10-კარატიანი ლურჯი ბრილიანტის, სახელწოდებით De Beers Cullinan Blue-ის გაყიდვას გეგმავს. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი ლურჯი ბრილიანტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გასაყიდად გაუტანიათ.
Sotheby’s-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ძვირფას ქვაში მინიმუმ 48 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიან. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ლურჯი ბრილიანტი ჰონგ-კონგში, Luxury Week-ის სახელწოდებით ცნობილ კვირეულზე გაიყიდება.
ლურჯი ბრილიანტი ალმასის იმ სახეობიდან იჭრება, რომლის შეფერილობასაც მინერალში ბორის კვალი განსაზღვრავს. Sotheby’s-ის განცხადებით, ამ დრომდე აუქციონზე 10 კარატზე მეტი წონის მქონე მხოლოდ ხუთი ლურჯი ბრილიანტი გაყიდულა, თუმცა მათგან 15 კარატს არც ერთის წონა არ აღემატებოდა. ამერიკის გემოლოგიურმა ინსტიტუტმა (GIA) ძვირფასი ქვის ფერს უმაღლესი შეფასება მისცა და Fancy Vivid Blue-ს კლასიფიკაცია მიაკუთვნა. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში ლურჯი ბრილიანტების მხოლოდ 1% გადის.
ბრილიანტი სამხრეთ აფრიკაში მდებარე კულინანის მაღაროში, 39.34-კარატიანი ალმასიდან მოიჭრა.
კომენტარები