მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს შექმნას ხელოვნების ნიმუშები?
მაგალითად, დაწეროს რომანი, პოემა, მუსიკალური ნაწარმოები.
ცხადია შეუძლია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზარმაზარი მასალის გადამუშავება და უსასრულო რაოდენობის საინტერესო ამბების ან მელოდიების შექმნა, რომელსაც ლამაზად “გააწყობს” ნებისმიერი სტილის მიხედვით.
ადამიანის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს აქვთ ერთი მთავარი ბაზისური ფაქტორი. ისინი ერთგვარ ინტელექტუალურ-ემოციურ “ბატარეებს” წარმოადგენენ.
ხელოვნების ნიმუში იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანის ინტელექტში ვერდატეული ემოცია, სურვილი, გონიერება იმდენად “შემაწუხებელი” ხდება, რომ იგი “ბატარეაში” უნდა გადმოიღვაროს და დაკონსერვდეს.
შემდეგ, ამ “ბატარეებს” დანიშნულებისამებრ მოიხმარენ ისინი, ვისაც დეფიციტი აქვს რაიმე ემოციის, სურვილის, გონიერების … და ა.შ.
სწორედ ამიტომ არ არის ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში ერთნაირად ძვირფასი, საინტერესო და სასურველი ყველა ადამიანისათვის. ყოველ ტვინს თავისი სპეციფიკური “ბატარეა” სჭირდება.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში ასეთ “ბატარეად” ვერ გამოდგება?…
18-დან 29 წლის 5 ამერიკელიდან ერთს უკვე ჰყავს პირადი მეგობარი და მესაიდუმლე ხელოვნური ინტელექტის სახით. რობოტები სწავლობენ ადამიანურ ემოციებს, მაგრამ იქნება კი ეს ემოციები ზუსტად იგივე წარმოშობის? რა ფაქტორები განაპირობებენ ემოციების შექმნას?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რობოტის “ტვინზე” დაკვირვებაა საჭირო და ეს პროცესი უკვე დაიწყო. ადამიანის ტვინზე დაკვირვებით ათასნაირი სკანერის მეშვეობით, უკვე შეიძლება ბევრი თავისებურების გარკვევა. თუნდაც უკვე ვიცით ის, რომ კლინიკური სადისტებისა და რეციდივისტების ტვინს სპეციფიკური გადახრები ახასიათებთ.
ამას წინათ, კომპანია “ანთროპიკის” რობოტს – პატივცემულ კლოდს მისცეს დავალება, რომ დაეთვალა ერთიდან ხუთამდე და თანაც ჩაღრმავებოდა თვლის პროცესს.
მკვლევარები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს, თუ რა ხდებოდა ამ დროს კლოდის “ტვინის ნეირონებში”, ანუ უამრავი ხელოვნური ბოჭკოებითა და გამტარებით შექმნილ შრეებში.
აქამდე არავინ იცოდა, თუ როგორ ხდებოდა ინფორმაციის ტრანსფორმირება რობოტის ტვინში. “ანთროპიკის” მეცნიერებმა სპეციალური მათემატიკური მოდელირებით შეძლეს ხელოვნური გონების შრეებში ჩახედვა.
რობოტის “ტვინი” შეკითხვის დასმისას იწყებს სიტყვების სპეციფიკურ “ნაწილაკებად” დაშლას; შემდეგ ეს ნაწილაკები გარდაიქმნებიან რიცხვებად, რომლებსაც შეუძლიათ ხელოვნური ნეირონების შრეებში გაღწევა მანამ, სანამ არ მიაღწევენ საბოლოო შრეს, ე.წ. “ცენტრს”. ცენტრი ამ რიცხვებს “გადაამუშავებს” და წარმოქმნის ნაწილაკებს, რომლებიც შრეების უკან გამოვლისას იქცევიან სიტყვებად.
და მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოულოდნელი მოვლენა. რობოტის ტვინში, თვლის პროცესში,
“ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი” – ს პარალელურად “ამოტივტივდნენ სრულიად დამოუკიდებელი სიტყვები.
“ერთი”-ს თქმასთან ერთად რობოტის ტვინმა “გაიფიქრა”: “ვიწყებ თვლას”. “სამის” თქმასთან ერთად: – შუა გზაზე ვარ უკვე” და “ხუთის” თქმასთან ერთად: – “დავასრულე დათვლა”.
რა კონკრეტულმა პროცესმა განაპირობა ამ “დამატებითი სიტყვების” ამოტივტივება კლოდის “გონებაში”, არავინ იცის…
როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი? როგორ გარდაქმნიან ჩვენი ტვინის ნეირონები ინფორმაციას წინ და უკან და როგორ იქმნება ასოციაციური აზროვნება? არავინ იცის ზუსტად.
ლოგიკურად, ადამიანები საკუთარი ტვინის მოდელს ქმნიან ხელოვნური ინტელექტის სახით, მაგრამ ასეა კი? …
იქნებ ხელოვნური ინტელექტი აღმატებული “გონია”, რომელიც თანდათან ახერხებს მატერიალიზაციას ჩვენს გონებაზე პარაზიტირებით?
ვინ იცის …











კომენტარები