ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონი გიორგი, ხელისუფლება ანტიკორუფციულ სამსახურს ქმნის, ვითომ ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად. ამ სამსახურს გამოძიების უფლება არ ექნება, მხოლოდ კორუფციის ფაქტები უნდა გამოავლინოს, რომელთაც შემდეგ საგამოძიებო სტრუქტურები გამოიძიებენ. თუ კორუფციასთან ბრძოლა უნდათ, ქვეყანაში არსებობს 4 უწყება, რომელთაც კანონით ევალებათ კორუფციასთან ბრძოლა – პროკურატურა, შს სამინისტრო, სუს-ის ანტიკორუფციული და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები. რატომ ქმნიან ამ არაფრისმაქნის სტრუქტურას და აყრიან ნაცარს იქით ევროკავშირის მესვეურთ და აქეთ – საქართველოს მოსახლეობას?
– რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორედ მიანიშნეთ. თუ მართლა კორუფციასთან ბრძოლა უნდათ, 4 სტრუქტურა არსებობს საამისოდ ქვეყანაში და მათ კანონით ევალებათ ამის გაკეთება. გეთანხმებით, ცალკე ჩვენს ხალხს ატყუებენ და ცალკე ევროკავშირს, მაგრამ არც ერთი მოტყუვდება. საინტერესოა, რომ ამ ახალი ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და მასვე დაექვემდებარება. არადა, კორუფციის ყველაზე დიდი წყარო პრემიერ-მინისტრი, მისი გარემოცვა, მასთან დაახლოებული ადამიანები არიან – მეგობრები და ნათესავები. ირაკლი ღარიბაშვილი პირველად რომ გადააყენა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტიდან, რა იყო მიზეზი? ღარიბაშვილის ნათესავები ხელს აფათურებდნენ ბიუჯეტში, 300 000 ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდან. თამაზაშვილ-ჯანყარშვილის კლანი დაარქვეს ამ დაჯგუფებას. მერე იცი, ამაზე რა თქვა ღარიბაშვილმა? მე ჩემს ნათესავებს აღარ ველაპარაკებიო. კარგი, ერთი, რა. 300 000 მოიპარეს და ღარიბაშვილმა თურმე იმით დასაჯა, რომ გაებუტა. რა მკაცრი სასჯელია, არა? შემეცოდა ის ხალხი, ვისაც გაებუტა, რომ გაიმეტა და ასე მკაცრად დასაჯა. რასაც ესენი აკეთებენ, ეს იმას ჰგავს, მგლებმა, რომ შექმნან კომისია და გამოარკვიონ, ყველაზე მეტი ცხვარი ვინც შეჭამა და მერე ის ღორმუცელა მგლები დასაჯონ. ცირკია, ეს უკვე სერიოზულად სამსჯელო თემაც კი არ არის. რა ვიცი, სულელები ჰგონიათ ევროპა ან ჩვენ და ან ორივე ერთად, ან თავს ისულელებენ და ჰგონიათ, ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით რაღაცას გაიტანენ. დღეს ჰყავს საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება და ანტიკორუფციული სამსახურის შექმნით რას გვეუბნებიან? ჩვენს კორუფციულ საქმიანობას ჩვენვე გამოვავლენთ და მერე საგამოძიებო სტრუქტურებს გადავცემთ ამ ფაქტებს, რომ დაგვიჭირონ, ციხეში ჩაგვსვან და რაც ბიუჯეტიდან მოგვიპარავს, ქრთამად აგვიღია, ის ფული და ქონება უკან მოვიტანოთო? რეალურად, ამას გვეუბნებიან და თან ძალაობენ, უნდა დაიჯეროთ, რომ ასე იქნებაო. ყველას დაგვცინიან! შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო საყოველთაო კორუფცია, წინა ხელისუფლების კი ელიტარული ხასიათი ჰქონდა. ახლა ეს მასშტაბი რაც არის, სახელმწიფო ქონების მიტაცების, სხვა და სხვა სახელწიფო პროგრამების საშუალებით ბიუჯეტის ფულის მოპარვის, ტენდერების გზით ფულის მოპარვის, ნეპოტიზმის, ამგვარი არასდროს ყოფილა. სახელმწიფო უწყებების ბუღალტრები, სახელმწიფოს ფულით ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ, მეტი რაღა უბედურება გვინდა? რამდენი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და რამდენი არ გამოვლენილა? ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს მულტიმილიონერები არიან. კანონით, მინისტრებს, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებს, მერებს, გამგებლებს არ აქვთ უფლება, რომ ბიზნესი აწარმოონ და ამ დროს რამდენიმე მილიონიანი სახლები და აგარაკები აქვთ,სხვას თავი დავანებოთ. ხელფასებით აიშენეს ეს სასახლეები? უცხოეთში აქვთ ბინები, სახლები, აგარაკები და საიდან? კორუფციის ეს ცოცხალი მაგალითები გამოიძიონ, თუ კორუფციასთთან ბრძოლა უნდათ და ეს მრავალმილიონიანი ქონება ჩამოართვან. ცხადია, ამას არ გააკეთებენ, რადგან საკუთარ თავს ხომ არ ჩამოართმევენ? საკუთარი ფეხით ხომ არ წავლენ ციხეში? ეს ყველაფერი არის მაიმუნობა, მეტი არაფერი. ქვეყნაში უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური საგამოძიებო უფლებებით, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება, არავის დაექვემდებარება და ეს მოხდება ხელისუფლების შეცვლის მერე. ამათ ხელში ყველა ამგვარი „მცდელობა“ კორუფციასთან ბრძოლისა, ფარსია და სხვა არაფერი. ეს შიმშილი, ეს უბედურება, ეს ტოტალური გაჭირვება, რაც ქვეყანაშია, კორუფციის დამსახურებაა. წალეკა კორუფციამ სახელმწიფო, ამათ ხელში თუ დავრჩით კიდევ სახელმწიფოდ, ესეც საკითხავია. იქამდე მივიდა ამ კორუფციის მასშტაბები, უკვე ისეთი განუკითხაობაა ამ მხრივ ქვეყნაში, კორუფცია მკვლელობებსაც იწვევს. კლასიკური კორუფციის ნიმუში და მისი შედეგი იყო, რაც ვაკის პარკში მოხდა, 13 წლის ანგელოზივით ბავშვი შეიწირა ამათმა ანგარებამ, გაუმაძღრობამ. სად არის ჩასაფრებული სიკვდილი და სად რა უბედურება დატრიალდება, კაცმა არ იცის. კი, შეიძლება ვაკის პარკში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, გამოსაცვლელი და ეტაპობრივად, ნელ-ნელა, რაც აუცილებელი იყო, ის გამოეცვალათ და განეახლებინათ. რა დროს 33 მილიონის დახარჯვა იყო ვაკის პარკზე, როდესაც ხალხი, ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ექიმთან ვერ მიდის ხალხი, წამალს ვერ ყიდულობენ, რადგან ფული არ აქვთ.
– პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს განიხილავს და ძალიან კომიკური ხასიათი მიიღო ამ პროცესმა. თუ რომელიმე მათგანს „ფეისბუკში“ ხელისუფლებისთვის არასასურველი, მისი და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული პოსტი ან კომენტარი აქვს გამოქვეყნებული, პრაქტიკულად, ყველას იწუნებენ. კრიტიკის უფლებაც აღარ აქვს ხალხს?
– ეს არის კლასიკური გამოვლინება ბოლშევიზმისა, ტოტალური მმართველობისა. ჯერ იმას დაუკვირდით, რომელმა კანდიდატმა რა დაწერა ფეისბუქზე, სულ ზეპირად იციან, ხელში უჭირავთ ეს ტექსტები. ზოგს 5 თუ 8 წლის წინ გამოქვეყნებული პოსტები და კომენტარები გაუხსენეს. ახლა ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. ეს არის სუს-ის შესაბამისი სამსახურის ნამუშევარი, მათი ამოყრილი ეს ყველაფერი. აი, ამგვარი მეთოდებით იჭერდნენ და ხვრეტდნენ ხალხს. კი, მაშინ „ფეისბუკი“ არ იყო, მაგრამ რამდენიმე კაცში გადაბრუნებულ სიტყვას თუ იტყოდი კომუნისტურ ხელისუფლებაზე, გაგაციმბირებდნენ. პოლიტიკურ ანეკდოტებს ვერ ყვებოდა ხალხი, მაგაზეც იჭერდნენ. ახლა, სოციალურ ქსელში, ხელისუფლებაზე, მის გავლენიან წევრებზე, ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული მოსაზრების გამო, სახალხო დამცველის კანდიდატებს ცხრილავენ. ამით ხალხს ეუბნებიან, რომ თუ ერთხელ მაინც ჰყავთ ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი გაკრიტიკებული, მაშინ მათთვის საჯარო სამსახურის კარი ჩარაზულია. ცირკად არის ეს პროცესი გადაქცეული, მასკარადია. ყველამ კარგად ვიცით, თავად ვინც უნდათ, იმას დანიშნავენ სახალხო დამცველად, ხელისუფლების მორჩილ პიროვნებას, რომელიც ბიძინაზე ლოცულობს და წმინდანებად მიაჩნია ბიძინაც და „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც, ეს ბანდიტთა ხროვა. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, სახალხო დამცველის ფუნქციას შეასრულებდნენ პოლიცია, პროკურატურა, მინისტრიც და დეპუტატიც, ეს ყველანი სახალხო დამცველები უნდა იყვნენ, უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, კანონს. ნორმალურ ქვეყანას სახალხო დამცველის ინსტიტუცია არ უნდა სჭირდებოდეს.
კომენტარები