კონსილიუმის წევრი ზურაბ ფაღავა:
„გუშინ მდგომარეობა საგანგაშო არ იყო, ხოლო დღეს უკვე მე-20 დღეა შიმშილობის და უკვე კრიტიკული დღეებია, როცა ყველანაირი გართულების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს.
სწორედ ამიტომ, განვიხილეთ ბატონი პრეზიდენტის პრევენციული ჰოსპიტალიზაციის საკითხი. იმისთვის, რომ სასიცოცხლო პარამეტრებზე მეთვალყურეობა მომხდარიყო უფრო ინტენსიურად, მეტად კვალიფიციურ ექიმებთან ერთად. ვნახოთ ბატონი ნიკოლოზი დღეს რა ინფორმაციას გამოიტანს ციხიდან.
ველოდებით გართულებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართულებით და ეს ყველაზე სახიფათოა, რადგან არ გვიტოვებს დიდ დროს მანევრისთვის. ასევე, შესაძლებელია გართულება ნივთიერებათა ცვლის თვალსაზრისით, ასევე ცერებრო-ვასკულური თვალსაზრისით.
გენეტიკური დაავადებები რომც არ იყოს, უკვე შიმშილობის მე-20 დღეა, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ეს შეიძლება იყოს გულის უეცარი გაჩერება, მეტისმეტად სერიოზული რიტმის დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, დარღვევები კოგნიტობასთან დაკავშირებით, შაქრის დონის დარღვევა და არტერიული წნევის დარღვევა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან მხნედ და მობილიზებული. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შესაძლოა, გეგმავდეს შიმშილობის შეწყვეტას. რაც შეეხება მდგომარეობის დამძიმებას, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ დღეს.
პრეზიდენტი სულ ცდილობდა ის წამლები, რომლებსაც ჩვენ ვუნიშნავდით, დაეზუსტებინა, ხომ არ შეიძლება გაიგივებულიყო საკვებთან და მხოლოდ მაშინ, როცა იგებდა, რომ ეს არის წამალი და ის ჩაიწერება დანიშნულებაში, ასეთ შემთხვევაში თანხმდებოდა მის მიღებას“
კომენტარები