“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია:
“რაც ტელევიზორში ვიხილეთ, ალაგებს თავის ნივთებს და სადღაც ნებაყოფლობით მიდის, დამაჯერებელია, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ტყუილის შედეგი. ჩემთვის უფრო შემაშფოთებელია მეორე ნაწილი, რომ ციხეში პატიმრების და ვიღაცეების გინებები რომ ასმენინეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ არა, არ ვიცი, არ მინდა ჭორებზე ვილაპარაკო, მაგრამ როგორც არ უნდა მოგწონდეს მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის, სააკაშვილის მოწინააღმდეგებს, არ უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიღაც ქურდები და ძველი ბიჭები აგინებდნენ. ამ ნაბიჯით, გლდანში მისი გადაყვანით, ხელისუფლებამ ძალიან წააგო და შეუწყო ხელი ესკალაციას. ადამიანების ფსიქიკა, განწყობა, არის წკიპზე, აქამდე თუ მათ აკავებდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საფრთხე არსებობდა და ამით მათ ანეიტრალებდნენ, ახლა შეიძლება ადამიანებს შეეცოდათ სააკაშვილი და სიმპატიები გადაიხაროს მისკენ, როგორც საცოდავი ადამიანის მიმართ, რომელიც ქურდებთან აღმოჩნდა. ეს არ დამთავრდება კარგად ქართული ოცნებისთვის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სააკაშვილის დედის თხოვნა, 99 უკრაინელი დეპუტატის თხოვნა და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გააგზავნოს, არა გლდანის საავადმყოფოში, არამედ საზღვარგარეთ კლინიკაში.”
კომენტარები