თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრობს:
„გამოძიების ორგანო ვერტიკალურ დაქვემდებარებაში არის პროკურატურასთან. პროკურატურა გახლავთ საპროცესო ხელმძღვანელი. კონკრეტული პროკურორი უნდა გესაუბრებოდეთ ამ საქმეზე. იმის გამო, რომ არ მოხდა ხორავას საქმეშიც პერსონიფიცირება, ასეთი გადღაბნილი პასუხისმგებლობის სურათი მივიღეთ. ვუსმინეთ რაღაც დანაყოფების ხელმძღვანელებს და ვერავინ გაიგო ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. ამ საქმეზე ვინ არის გამოძიების პატრონი არავინ იცის. ჩვენ უნდა გვითხრან სადამდე მივიდნენ, რა დაადგინეს. გვყავს 17 დაკავებული, მაგრამ ეს 17 დაკავებულიც ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, გახლავთ იგივე სპეცეფექტების ნაწილი, რომ სახელმწიფომ სხვა ვერაფერი გვითხრა და თქვა, რომ აი 17 კაცი დავაკავე.
ამ ბავშვის გარდაცვალების გარემოებაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. გამოძიება რაზეც მიმდინარეობს ის კვალიფიკაციები გახლავთ სხვა და ის არ მოიცავს ადამიანის გარდაცვალებას. თუ აქ დაიწყებდნენ დამატებითი კვლაფიციკაციით გამოძიებას, უფრო მძიმე მუხლებით უნდა დაეწყოთ, რომელიც სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება და არა თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება ამ ამბავს სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით უყურებს როგორც უბედურ შემთხვევას. თუ გავშიფრავთ გამოძიების მოქმედებას, ეს ასეა. გამოძიება თვლის, რომ მას არ აქვს ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მისცემდა ამის შეფასების საშუალებას, ამიტომ ეძახის უბედურ შემთხვევას.
რომ გითხრათ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ გავარკვევთ, გარდაცვალება რამ გამოიწვია, მოგატყუებთ. უფრო მგონია, რომ გამოძიებამ აიღო ეს სტრატეგია – „აი 17 ადამიანი დავაკავე“. თუმცა, მეორე ამბავი ისაა, რომ ამ 17-დან რაღაც რაოდენობა სწორედ ამ პოპულიზმის მსხვერპლი შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება 17-ვეს შემთხვევაში ერთნაირი დაკავების საფუძველი არსებობდეს და სასამართლომ ერთი ხელის დარტყმით ყველა შეყაროს ციხეში“
კომენტარები