• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს

ალია ავტორი - ალია
10:48 05-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის გარდა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რეალურად რა არის ევროპა, როგორ აისახება მისი მნიშვნელობა მოქალაქეთა ცხოვრებაზე და როგორ განაპირობებს ის საქართველოსა და ევროკავშირის მომავალს.

რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე, გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო – მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს.

რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულვებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300 000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის.

„ევროპის ერთიანობა ვერ იქნა მიღწეული და ჩვენ მივიღეთ ომი“ – ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის ამ ფუძემდებლურ დასკვნას. ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება.

„ევროპა ერთ მომენტში ან ერთი გეგმით ვერ შეიქმნება“ – განაცხადა რობერ შუმანმა თავის ცნობილ დეკლარაციაში. სამწუხაროდ, დღესდღეობით ვხედავთ, რომ შუმანის ეს ბრძნული სიტყვები უგულებელყოფილია, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და ცრუ და ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგიების საფუძველზე ხორციელდება, რომლებიც უგულებელყოფენ ევროპის მოსახლეობის კულტურულ სიმდიდრეს, იდეოლოგიურ მრავალფეროვნებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობაც ამ ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის კარგი მაგალითია.

ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც. ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან.

ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ისეთ ევროპულ იდეალებს, როგორებიცაა ეროვნული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული ღირებულებები და ცხოვრების ტრადიციული წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ. სწორედ ევროკავშირის ამ დამფუძნებელ სულისკვეთებასთან შეუთავსებლობას ავლენენ ისინი, ვინც მეტისმეტად ერთობიან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებით, აწესებენ ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელ იდეოლოგიებს და ტრადიციებში არსებული განსხვავებების უგულებელყოფით, ცდილობენ ერთგვაროვანი ცხოვრების წესის დანერგვას.

„ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის“ შექმნის იდეა, რომელიც რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წარადგინა, მიზნად ისახავდა „ცხოვრების დონის ამაღლებას და მიღწევების შენარჩუნებას“. მას კარგად ესმოდა, რომ მშვიდობა საჭიროებს მყარ ეკონომიკურ ფუნდამენტს. სწორედ ამ იდეაზე იყო დაფუძნებული მთელი ევროპული პროექტი. თუმცა, დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, ეს საბაზისო პრინციპიც დავიწყებული აქვს. სხვა რით უნდა აიხსნას, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შეთავაზების გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპისპირებაში ჩართვის დაჟინებული მოწოდებები, რომელზე დაყოლაც გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას, არამედ რეგიონულ არასტაბილურობასაც, რაც ევროპას მნიშვნელოვანი ენერგორესურსებისა და გეოეკონომიკური მარშრუტების გარეშე დატოვებდა.

ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე. გასულ წელს, ორჯერ, წერილობით მოგმართეთ მოწოდებით, დაგეგმოთ სიძულვილის ენის და ძალადობის გახშირებული ფაქტები, თუმცა უშედეგოდ. ძალადობისა და რადიკალიზმის პოლიტიკურად მოტივირებული წაყრუების მძიმე შედეგები, ყველაზე კარგად, გასული წლის 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ, რადიკალური ჯგუფები, პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა. მას შემდეგ, უკვე შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს საჯაროდ არ დაუგმია გადატრიალების ეს მცდელობა, თითქოს, ძალადობრივი გადატრიალებები ევროპულ პოლიტიკაში ნორმალური პრაქტიკა იყოს.

საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული უკანასკნელი მიუღებელი და ჩვენი ხალხის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები, თითქოს ქვეყანა „ბნელ წარსულს“ უბრუნდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასწორია ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა. თუმცა რეალობას ქართველი ხალხის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ.

საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთება.

თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა – მშვიდობას, თანამშრომლობას და ერთიანობას, დაფუძნებულს ერების და მათი იდენტობის პატივისცემაზე“, – ნათქვამია ღია წერილში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved