დღეს, გაქცეული სამი პატიმრის დაკავების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, შს მინისტრ გომელაურს მადლობა უთხრა და დაწერა:
” ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.”
მოგვიანებით, მინისტრმა, მედიასთან განაცხადა:
“გუშინაც ვთქვი, რომ არ იყო საზოგადოებისთვის არავითარი საფრთხე და მგონი ყველა დარწმუნდა ამ სიტყვების მართებულობაში, იმიტომ, რომ დაკავების დროს არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა და ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად.”
როგორც ჩანს, მინისტრს იმის თქმა სურს, რომ ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეები, რომლებსაც არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაღალი პროფესიონალიზმით დაიცვა საფრთხისგან.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, ერთ–ერთი კლინიკიდან, ბადრაგს სამი პატიმარი გაიქცა და მათი პოვნა შსს–მ 24 საათში მოახერხა. არაერთი მოქალაქე კითხულობდა, რატომ არ აქვეყნებს პენიტენციური სამსახური, ან შსს გაქცეულების შესახებ ინფორმაციას, თუმცა, ამ თემაზე, ორივე უწყება დუმდა.
მინისტრი არც გუშინ აკონკრეტებდა და არც დღეს აკონკრეტებს, საიდან ჰქონდა გარანტია, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ, მით უფრო, რომ როგორც აღმოჩნდა, ერთ–ერთი გაქცეული მოზარდის, დანით გულის არეში დაჭრისთვის იხდის სასჯელს.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა, ვახტანგ გომელაურის სამადლობელი ტექსტი ჩაასწორა, პირველ ვარიანტში, მხოლოდ მინისტრს უთხრა მადლობა, მოგვიანებით, როგორც ჩანს, გაახსენდა, რომ ძებნის ოპერაციაში პოლიციელები მონაწილეობდნენ:
პირველი ვარიანტიდან:
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს დიდი მხარდაჭერისთვის.
მეორე ვარიანტიდან:
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.
კომენტარები