საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“31 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:
ხერსონის მიმართულება:
– წუხანდელი ღამიდან მოყოლებული ხერსონის რაიონში რუსულ პოზიციებზე უკრაინელთა საარტილერიო ცეცხლი გრძელდება. დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა დაიბომბა როგორც ნოვა კახოვკში ისე ხერსონში, სარკინიგზო ხიდთან. ორივე შემთხვევაში რუსები მდინარის დასავლეთ სანაპიროზე ცდილობდნენ გადასვლას. ამ ფონზე ხერსონის აეროპორტთან, ჩერნობაევკაში რუსულ საწყობებზე კვლავ იერიში იქნა მიტანილი. სავარაუდოა, რომ კოლონების, საწყობებისა და შეჯგუფებების განადგურების ფონზე რუსული სამხედრო ნაწილები რამდენიმე დღეში მნიშვნელოვან სამხედრო დეფიციტში აღმოჩნდებიან. ამუნიცია მალე იცლება და მის შევსებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ხიდების, ბორნებისა და სამხედრო გადასასვლელების ინტენსიური დაბომბვისას კი მომარაგება ძალიან გაუჭირდებათ რუსებს.
– უკრაინელთა შეტევა კვლავ ოთხი მიმართულებიდანაა ინტენსიური:
1. ჩრდილოეთიდან სამხრეთით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა კვლავ გამორჩეულად დიდია. რუსებს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ძალა ჰყავდათ მობილიზებული, თუმცა შუადღის შემდეგ უკრაინელებმა ვისოკოპოლიაში უფრო ღრმად შეღწევა მოახერხეს და გასასვლელ ყელსაც ინტენსიურად ბომბავენ. მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს არხანგელსკოეშიც. რუსები ქალაქის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობენ. პრაქტიკულად რეზერვებიც კია ჩართული მისთვის ბრძოლაში.
2. ცენტრიდან, მდინარე ინჰულეცის გადასწვრივ უკრაინული შეტევა მაქსიმალურად სიღრმეში შეჭრაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ მიმართულებით, გუშინდლისაგან განსხვავებით, დღეს უკრაინელებმა გარღვევა მოახერხეს და დავიდოვ ბროდისაკენ მიმავალ გზამდე გასვლა მოახერხეს. აქ რუსული საჰაერო სადესანტო ძალები მაქსიმალურად ცდილობენ უკრაინელთა შეტევის ჩაგდებას. მონაწილეობს რუსული ავიაცია და შვეულმფრენებიც. მაგრამ იმ ფონზე, რომ რუსული არმიის დიდი ნაწილი უბრალოდ უკუიქცა საჰაერო-სადესანტო ძალებს არ ჰყოფნით საკმარისი რაოდენობა შეაჩერონ უკრაინული შეტევა. ამიტომაა, რომ უკრაინელები ჩქარობენ – სამან სამხედრო შოკის ეფექტი ჯერ კიდევ ნათელია ისინი რუსული თავდაცვის ზღუდეების გარღვევაზე არიან ორიენტირებულები.
თუმცა დღეს რუსები კონტრშეტევასაც ცდილობდნენ ამ მიმართულებით. დავიდოვ ბროდის მოწყვეტა კახოვკას გზიდან ნიშნავს ცენტრიდან ჩრდილოეთით მყოფი რუსული სამხედრო ნაწილის დიდწილად ჩავარდნასა და ოპერატიულ ალყას. სწორედ ამ ფონზე მაქსიმალურად ცდილობენ რუსები უკრაინელთა შეტევა შეაჩერონ. რეალურად, უკრაინელებმა თუკი ამ მიმართულებიდან მდინარე დნეპრამდე მიახლოება ან ჩრდილოეთის დაჯგუფებასთან შეერთება შეძლეს, მაშინ რუსული დანაყოფები ერთმანეთს მოწყდებიან. ამ შემთხვევაში რუსებს ბევრი არჩევანი აღარ ექნებათ – ან უნდა მოახდინონ ევაკუაცია და დაიხიონ უკან კახოვკასაკენ ან ალყაში ჩარჩენის საფრთხის ქვეშ აღმონდებიან.
3.-4. მიკოლაივი-ხერსონის გზის გასწვრივ – სამხრეთით და ჩრდილოეთით. აქ უკრაინელებმა კასილევკას შემოგარენის გასუფთავება დაიწყეს. ამ მიმართულებით რუსებს თავდაცვის რამდენიმე ზღუდე აქვთ მოწყობილი და მიუხედავად უკრაინული შეტევისა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი რომელია ყველაზე სუსტი წერტილი და საიდან შეიძლება მოხდეს გარღვევა უშალოდ ქალაქის მიმართულებით.
ზოგადად, ხერსონში უკრაინელთა მხრიდან ოფიციალური დეტალური ინფორმაცია არ საჯაროვდება, რადგან ამით შეტევის უსაფრთხოებას საფრთხე შეიძლება შეექმნას. რეალურად, ხერსონში უკრაინელთა შეტევაზე რუსები უფრო მეტს საუბრობენ ვიდრე თავად უკრაინელები.
ზაპორიჟია, დონეცკი და ხარკივი:
– ზაპორიჟიას რაიონში, მელიტოპოლში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ათი განსხვავებული აფეთქება მოხდა. უკრაინელები ცდილობენ სამხრეთის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო-სამხედრო კვანძი, საიდანაც ყირიმი-მელიტოპოლი-დონეცკი და დონეცკი-მელიტოპოლი-ხერსონის მიმართულებით გადაადგილებაა შესაძლებელი მუდმივ საცეცხლე კონტროლში ჰყავდეთ. ამავე რაიონში, დაიბომბა რუსული სამხედრო საწყობი ტოკმაკში.
– დონეცკის რაიონში, ქალაქ ავდიივკაში, ქალაქი დონეცკიდან 4 კილომეტრში უკრაინულ პოზიციებზე დღევანდელი რუსული თავდასხმა ჩავარდა.
– დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ რუსული შეტევა ვითარდება პერვომაისკესა და მარიინკას მიმართულებით. აქ სიტუაცია შედარებით კრიტიკული აქვთ უკრაინელებს. მარიინკას დაცვა განსაკუთრებით ჭირს, ხოლო პერვომაისკესაკენ რუსულმა ნაწილებმა დაახლოებით ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ. აღნიშნული დასახლება პისკის შემდგომ მდებარეობს, თუმცა პისკი მდინარის ჩრდილოეთ მხარესაა, ხოლო პერვომაისკესაკენ მიმავალი გზა – სამხრეთით. ბრძოლა პისკის დასაკავებლად ამ დრომდე არ შეწყვეტილა.
– სიტუაცია იცვლება ხარკივშიც. გუშინ ვკითხულობდი, ხერსონის შეტევის ფონზე რამდენად ეყოფოდათ უკრაინელებს ძალა წამოეწყოთ შეტევა ამ მიმართულებითაც. როგორც ჩანს უკრაინელები შეტევის განვითარებას აქაც ცდილობენ, რის ფონზეც ორმხრივი საარტილერიო დამუშავების მასშტაბები ამ მიმართულებითაც ძალიან ინტენსიური გახდა. რუსები უკრაინული შეტევის პრევენციულ ჩაშლას ცდილობენ, მაგრამ თუკი აქამდე რუსები ახორციელებდნენ უკრაინული დანაყოფების ხარკივზე დაბმას, ახლა უკვე უკრაინელები აკეთებენ იმავეს. უკრაინელები რამდენიმე მიმართულებით ერთდროულ იერიშებს იმ მიზნით ახორციელებენ, რომ რუსებმა სხვა, თავიანთთვის უფრო მეტად კრიტიკულ მონაკვეთებზე დანაყოფების მიშველება ასე ადვილად ვეღარ შეძლონ.
– უკრაინულმა წინააღმდეგობის მოძრაობამ ბერდიანსკში ის ცენტრი ააფეთქა, სადაც რუსები რეგიონის ანექსიის შესახებ არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ.
– ამერიკელები უკრაინელთათვის კიდევ დამატებით ახალი სამხედრო პაკეტის გადაცემას ამზადებენ.”
კომენტარები