ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაზე რას ფიქრობთ. თავად ზურაბიშვილმა აგერ, ოპოზიციასთან შეხვედრისას განაცხადა, არ გამოვრიცხავ, შეაგროვონ ეს ხმები და გადამაყენინო. მე პირადად, ეს სპექტაკლი მგონია და მისი მთავარი რეჟისორი კი ბიძინა ივანიშვილი. თქვენ რას ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა, ასეა და გეთანხმებით. სალომე ზურაბიშვილი ერთ ნაბიჯს არ გადადგამს მის პატრონთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. მან რამდენიმე სპეცოპერაცია შეასრულა ივანიშვილის დავალებით და გეტყვით ამას თანმიმდევრობით. პირველი, 2019 წლის თებერვალში, სალომე ზურაბიშვილი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილხამ ალიევს ივანიშვილის დავალებით. ეს გახლდათ დავით გარეჯის საქმე. მან ბაქოში გააკეთა განცხადება, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა მოხდეს საზღვრების დემილიტაცია–დემარკაცია, რაც არ შედის პრეზიდენტის ფუნქციაში. შემდეგ ჩამოვიდა ბაქოდან, ჩავიდა გარეჯში, იქ სამხედრო ფორმით გამოგვეცხადა და რამდენიმე საათში აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა ჩიჩხიტურის მონასტერი, დაიკავა უდაბნო და ჩვენ გარეჯი დავკარგეთ. მერე ამაზე აიგო 2020 წლის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნების პიარი, დავიბრუნოთ გარეჯი, გარეჯი საქართველოა და ერთი ამბავი ატეხეს ამაზე, თითქოს მართლა გარეჯის დაბრუნება უნდოდათ. უცხოეთიდან ჩამოიტანეს ძველი რუკები, სადაც საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული გარეჯი, დაიჭირეს კარტოგრაფები, რომლებიც თურმე ჰყიდნენ გარეჯს. ვინ ეკითხებოდა ტერიტორიების დაბრუნებას თუ გასხვისებას საზღვრის დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრებს– კარტოგრაფებს? დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემა იყო გეგმა და ეს გეგმა ივანიშვილმა, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთად შეასრულეს.
– პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ნამდვილად არ შედის ქვეყნის საზღვრების დემილიტაციისა და დემარკაციის დაადგენა, ამ საკითხში ჩარევა და განცხადებების გაკეთება. ამ დროს, ზურაბიშვილმადა ალიევმა ეს საკითხი ოფიციალურად განიხილეს. მაშინ ხმა არავის ამოუღია „ქართული ოცნებიდან“, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტის უფლებამისილებას გადააჭარბა.
–არა, მაშინ არაფერს იტყოდნენ, რადგან ზურაბიშვილი ივანიშვილის დავალებას ასრულებდა. მაშინ კონსტიტუციის დარღვევა სახეზე იყო,პრეზიდენტი გასცდა თავის უფლებამისილებას. ივანიშვილმა მთელი ქვეყანა რომ გაყიდოს, ეს ცხვრის ფარა ხმას არ ამოიღებს. ახლა ატეხეს ბღავილი, როდესაც ზურაბიშვილი ევროპაში წავიდა პრემიერთან შეუთანხმებლად, რადგან ეს ხმაური და აჟიოტაჟი სჭირდება ივანიშვილს. ბაქოში ალიევთან შეხვედრისაც, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემილიტაცია–დემარკაციის განხილვა იყო უფლებამოსილების გადამეტება პერზიდენტის მხრიდან. მაშინ იყო საიმპიჩმენტო ზურაბიშვილი, მაგრამ ივანიშვილის დავალებას ასრულებდა და ესენი, ივანიშვილს საკუთარი სურვილით მონებად მიყიდულები კრინტს ვერ დაძრავდნენ. მეორე სპეცოპერაციაც ივანიშვილის დავალებით ჩაატარა ზურაბიშვილმა, გადაარჩინა მისი ხელისუფლება. შარლ მიშელი ჩამოიყვანა საქართველოში, ხელი მოაწერინა ყალბ ოპოზიციას შარლ მიშელიც ცნობილ დოკუმენტზე, ისენი შეყარა პარლამენტში და ამით მოხდა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. მერეშარლ მიშელს ის თავისი დოკუმეტი გადახიეს თავზე „ქოცებმა“, არაფერი შეუსრულებიათ იმ ვალდებულებებიდან, რაც აიღეს საკუთარ თავზე და ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ არც შარლ მიშელს,არც ზურაბიშვილს, რომლებიც გარანტორები იყვნენ ამ ვალდებულების შესრულებისა. სალომე ზურაბიშვილს დაევალა ვითომ ოპოზიციის შეთრევა პარლამენტში და ეს გააკეთა. თუმცა, იმათაც ერთი სული ჰქონდათ შესულიყვნენ პარლამენტში და ეს სპექტაკლი დაგვიდგეს, ვითომ არ სურდათ შესვლა და აი, შარლს მიშელის ხათრით და რაღაც გარანტიებით შევიდნენ. მესამე სპეცოპერაცია წელს განახორციელა ზურაბიშვილმა. ჩავიდა ამერიკაში და შეხვდა პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს. მაშინ ამერიკაში უკვე დაძრული იყო ივანიშვილის დასანქცირების საკითხი. ზურაბიშვილი დაარწმუნა სალივანი, რომ ივანიშვილი არ დაესანქცირებინათ და გარკვეულწილად ამის გამო გაიყინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი. სალომე ზურაბიშვილს ამერიკაში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი, საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, საკმაოდ საინტერესო კავშირები გააჩნია მსოფლიო ლიდერებთან, მათ გარემოცვასთან და ივანიშვილის „ტროას დედალი ცხენია“, რომელმაც უნდა შეასრულოს გარკვეული დავალებები ახლა უკვე ევროპაში, რომ მას სანქციები აარიდოს. ეს ყველაფერი არის ბლეფი, რომ ვითომ მას იმპიჩმენტს უწყობენ. შესაძლოა, ზურაბიშვილი და კობახიძე–მდინარაძე მართლა არიან წაკიდებულნი, ხონთქრის კარზე ,,პირველი ცოლობისთვის” იბრძვიან, მაგრამ გლობალურად, სტრატეგიულად ეს არაფერს ნიშნავს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილს აწყობს მეტი ლეგიტიმაცია მისცეს ზურაბიშვილს დასავლეთში, საიდანაც სანქცირების საფრთხეს ელოდება. მაშინ, როდესაც უმწვავესი სოციალურ–ეკონომიკირი კრიზისია ქვეყანაში, როდესაც შოვის ტრაგედიაში პირდაპირ გამოკვეთილია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ადამიანები გაწირეს სასიკვდილოდ… ეს და სხვა დანარჩენი რომ გადაეფარათ, თქვენ სწორედ ბრძანეთ, ეს ორგოშიანი ოპერეტა დაგვიდგეს, ამას გვაყურებინებენ და მიგვიყვანენ ახალწლამდე, გადართავენ საზოგადოებრივ აზრს ამ იაფფასიან წარმოდგენაზე, რომ მოაცილონ არსებით საკითხებს.ამას ცდილობენ და რა გამოუვათ, ვნახოთ. სწავლა იწყება 15 სექტემბერს. ოფიციალური სტატისტიკით, სკოლის მოსწავლეთა 55% ანუ ყოველი მე–3 ბავშვი შიმშილობს, გესმით თქვენ?! ფული ვერ გამოყვეს, რომ ერთჯერადი კვება იყოს სკოლებში. გასულ წელს 15 ათასმა სტუდენტმა მიატოვა სწავლა უნივერსიტეტებში საფასურის გადაუხდელობის გამო და ესენი აქ სპექტაკლებს გვიდგამენ.
– დავამატებ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს არიდებს არათუ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, მის ხსენებასაც კი. ორივეს გვახსოვს ზურაბიშვილი სააკაშვილი ოპოზიციაში, მაშინ ერთად იყავით ოპოზიციაში და მეც იქ ვტრიალებდი. სააკაშვილი ყველა ბრუნვაში ჰყავს გალანძღული, მის დანაშაულებრივ რეჟიმს დეტალურად აკრიტიკებდა. არადა, ყველა უბედურება, რაც გვჭირს, ივანიშვილისა და მისი მოყვანილი ხელისუფლების ბრალია, როგორც თავის დროზე სააკაშვილის ბრალი იყო ყველაფერი და ივანიშვილისზე, მისი დანაშაულებრივი ქმედებებზე ლაპარაკს ერიდება.
–კი, ასეა. სალომე ზურაბიშვილს არც ერთხელ ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია, მასზე ოდნავ გადაკრული სიტყვა არ უთქვამს. არადა ამ კაცმა დააქცია ეს ქვეყანა. აგერ, ევროკავშირი 12 პუნქტის შესრულებას რომ გვთხოვს და პირველი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია, ანუ ოლიგარქები ჩამოაშორეთ ძალაუფლებასო, პირდაპირ გვეუბნებიან. როგორ არის ახლა ზურაბიშვილი პროევროპელი, როდესაც ქვეყნის მთავარი ოლიგარქი კულუარებიდან მართავს ქვეყანას და მისი სახელი არც კი უხსენებია? აქედან ყველაფერი ჩანს, ყველაფერი ნათელია და დასკვნის გაკეთებაც იოლია, თუ ვის თამაშს თამაშობს ზურაბიშვილი. ისიც გავიხსენოთ, როგორ გახდა ზურაბიშვილი პრეზიდენტი. არჩევნების მეორე ტურის წინ, როცა გაუჭირდათ, ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა თავიანთი სურათები გადააკრეს ზურაბიშვილის პლაკატებს, ივანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ხალხს ეხვეწა, რომ ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა.
კომენტარები