ერთ-ერთ ინტერვიუში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი, მერაბ შათირიშვილი “ალიასთან” ამბობდა: გსმენიათ, ალბათ, სოფელ ანატორის შესახებ, სადაც გაჩნდა ჟამიანობა, ე.წ. შავი ჭირი. სოფლის თავკაცებმა გამოაცხადეს თვითლიკვიდაცია, ყველა კოშკზე დააყენეს მეთოფურები, ააგეს აკლდამები და მთელი სოფელი ჩაიხოცა იმ აკლდამებში, რომ სხვა სოფლებზე არ გავრცელებულიყო შავი ჭირი. დღე და ღამე გავასწორე, დავწერე ეს რომანი, სახელად „ანატორი“, უამრავი მკითხველი მწერს, მაგრამ ტელევიზორში გამოდის ვიღაცა მწერლის სახელით, სისულელეებზე საუბრობს და საზოგადოებაში არ ჩანს ეს წიგნი, ჩემო კარგო, მიმიწვიეს სადმე? არ აინტერესებთ!
გუშინ, 19 ივნისს, გლდანის პარკში მერაბ შათირიშვილის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, შეიკრიბნენ მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა მკითხველი. მეტიც, პრეზენტაციაზე დასასწრებად დასავლეთ საქართველოდანაც ჩამობრძანდნენ მკითხველები, რომლებმაც აჭარასა და გურიაშიც სთხოვეს წიგნის წარდგენა მწერალს. თუმცა, როგორც ბატონი მერაბი დანანებით აღნიშნავს, ტელევიზიები არ მივიდნენ პრეზენტაციის გასაშუქებლად.
“ექსკლუზივების” გამხმოვანებლებო და გამშუქებლებო, მე თქვენ ერთმნიშვნელოვნად გთიშავთ და ჩემთვის მკვდარი, სუდარა გადაფარებული “ფანჯარა” ხართ, რომელშიც, ღვთის წინაშე პირობას ვდებ, არასოდეს გავიხედავ, თქვენ “ანატორი” და ჭეშმარიტი შემოქმედების გაშუქებას, კაცი კაცს რომ გააუპატიურებს, მაგის პოპულარიზაცია გირჩევნიათ, თქვენზე აყოლილი პოლიტიკოსებისთვისაც მიმიფურთხებია, ღირებულებები ლიბერასტობაში რომ ერევათ და, საერთოდ, მიმიფურთხებია თქვენთვის, ვისაც თვალები დაგფსებიათ და ყურები დაგგმანვიათ, მე, თქვენთვის არ ვწერ, მე, ქართველი ხალხის წიაღში არსებული უცვეთი გენისთვის ვწერ, რომელსაც გადაშენება არ უწერია და, თუკი უწერია, დაე, ჩემი შემოქმედებაც მასთან ერთად გადაშენებულა… ” – ამბობს მწერალი.
საღამოს დაესწრნენ ტარიელ ხელხელაური, ვახტანგ ხარჩილავა, ბაღათერ არაბული, კობა არაბული, დავით შემოქმედელი, ენათმეცნიერი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
85 წლის გიგი ხორნაული, სიტყვით გამოსვლისას, ამბობს: “მომეჩვენა, რომ ძალიან უბრალოდ უყურებთ ამ წიგნს… მერაბის გამარჯვებაა, რომ სწორად დაინახა ანატორის ისტორიაში სიმბოლიკა… “
პოეტი, ვახტანგ ხარჩილავა: “ავტორს კი არა, მთლიანად საქართველოს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე! ეს არ არის მხოლოდ მხატვრული მნიშვნელობის მქონე ნაწარმოები, მას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. იმ რეალობაში, რომელზეც ავტორი საუბრობს, არც რეგულაციები იყო და არც მთავრობა, მაგრამ ადამიანებმა საოცარი რაღაც ჩაიდინეს, ზოგადად სიცოცხლის გადასარჩენად! ეს წიგნი აუცილებლად უნდა ითარგმნოს უცხო ენებზე, რათა ყველამ გაიგოს, როგორი კულტურული და სულიერი საფუძველი უდევს საქართველოს. მადლობა ბატონ მერაბს, რომელმაც ან მძიმე ჟამს მოძებნა ის სათქმელი, რომელიც ზუსტად ახლა უნდა თქმულიყო. მან გააკეთა უდიდესი, ეროვნული საქმე, დანარჩენი ხელისუფლების და სახელმწიფოს გასაკეთებელია. მეტი რა შეუძლია მწერალს – დაწერა შესანიშნავი წიგნი, სახელმწიფომ ეს წიგნი უნდა გამოიყენოს თავისი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ხასიათის წარმოსაჩენად”.
კომენტარები