„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა და თქვა:
“საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აჰყვნენ“
პაპუაშვილი რომელ მოწოდებებს გულისხმობს, არ აკონკრეტებს, მაგრამ შეგახსენებთ, გუშინ სააკაშვილმა მიმართვა გააკეთა და თქვა:
“მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.
მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.
ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.
ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს.”
საპასუხოდ, ხელისუფლების დაპირება საჯარო მოხელეებისთვის ერთია – არ აჰყვეთ უკრაინის მოქალაქეის დაპირებებს. ვის მოწოდებებს გაიზიარებენ საჯარო მოხელეები და თვლიან, თუ არა, რომ ისინი მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში მუშაობენ, ეს სულ მალე გამოჩნდება, არჩევნებზე.
კომენტარები