“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვით “ქართული ოცნება” დაცვის მხარის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს.
საიას შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებებით აბსოლუტურად უგულებელყოფილია დაცვის მხარის ინტერესები, ცვლილებები ბრალდების მხარეს გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ირღვევა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.
დაცვის მხარე ვერ დაადგენს მოწმის ვინაობას და ვერც იმას, ნამდვილად უშუალოდ ის პირი ერთვება სასამართლოს, რომელმაც კონკრეტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა თუ არა. დაცვის მხარეს არ შეუძლია, გაასაჩივროს პროკურორის ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მას არ აქვს უფლების დაცვის საშუალება ამ კონტექსტში. დაცვის მხარისთვის მსგავსი აკრძალვა არის ბლანკეტური, და, არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული პირის უსაფრთხოების და მისი თანამშრომლობის კონსპირაციის პრინციპის დაცვა. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და, მეორე მხრივ, გაზრდის გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მინიმუმამდე დაიყვანს მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას.
შემოთავაზებული ცვლილებების შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება სრულად ახალი ტერმინი – პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა, რაც გულისხმობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვას, ნებისმიერი სახის საიდენტიფიკაციო მახასიათებლის დაშტრიხვით, დაბლარვით, ვიზუალიზაციის შეზღუდვისათვის კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით ან/და ნებისმიერი სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხავს მისი ვინაობის იდენტიფიცირებას ან/და ამოცნობას.
გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორს ენიჭება დისკრეცია მიიღოს გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვასთან დაკავშირებით, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ მისი გამჟღავნებით ზიანი ადგება მოთანამშრომლე პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს.
ამასთან, დაცვის მხარეს ამ მოქმედებისა და ყველა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალაში და სხვა საპროცესო მოქმედებებში ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს პირის ვინაობის იდენტიფიცირების და ამოცნობის შესაძლებლობა.
ნიშანდობლივია, რომ არც გამოკითხვის ოქმში აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია.
ე.წ. კონფიდენტი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან და რომლის ვინაობის გამჟღავნებით საფრთხე ექმნება ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
ცვლილებებთან დაკავშირებით საიას შეფასება:
საიას შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებებით აბსოლუტურად უგულებელყოფილია დაცვის მხარის ინტერესები, ცვლილებები ბრალდების მხარეს გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რითაც, ირღვევა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. დაცვის მხარე ვერ დაადგენს მოწმის ვინაობას და ვერც იმას, ნამდვილად უშუალოდ ის პირი ერთვება სასამართლოს, რომელმაც კონკრეტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა თუ არა. დაცვის მხარეს არ შეუძლია, გაასაჩივროს პროკურორის ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მას არ აქვს უფლების დაცვის საშუალება ამ კონტექსტში. დაცვის მხარისთვის მსგავსი აკრძალვა არის ბლანკეტური, და, არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.
ქვემოთ წარმოდგენილია შესაბამისი ანალიზი:
მოწმის ჩვენება სისხლის სამართლის საქმეებში ერთ-ერთი საკვანძო მტკიცებულებაა. შემოთავაზებული ცვლილებებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სასამართლო აქტების დასაბუთებულობა და თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი იმ რეალობაში, როდესაც დაცვის მხარეს არ ექნება შესაძლებლობა სრულყოფილად გამოიკვლიოს ეს მტკიცებულება (სრულყოფილად დაკითხოს მოწმე, ისე, როგორც ამას მისი ვინაობის ცოდნის შემთხვევაში შეძლებდა) და გადაამოწმოს მისი სანდოობა.
უფლებრივი თვალსაზრისით, ანონიმური კონფიდენტის მიერ მიცემული ჩვენება, თუკი იგი, საქმეში გახდება საკვანძო, ცენტრალური მტკიცებულება, გამოიწვევს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას. სისხლის სამართლის სასამართლო პროცესზე ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს ბრალმდებლებს, რათა მან შეძლოს მათი მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა და მათი მტკიცებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ეს არის პრინციპი, რომელიც, არა მხოლოდ, კონვენციური, კონსტიტუციური ან საკანონმდებლოა, არამედ, იგი საფუძველს იღებს ჯერ კიდევ რომის სამართლიდან.
განმარტებით ბარათში დასახელებული მიზეზები ვერ იქნება საკმარისი ანონიმურობის ბლანკეტურად გარანტირებისთვის. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება, რათა დაადგინოს, პირველ რიგში, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის შიშის ობიექტური საფუძველი (ვინაობის გამხელის შემთხვევაში), და, მეორეც, დასტურდება თუ არა ეს ობიექტური საფუძვლები მტკიცებულებებით (იხ., მაგალითად, Krasniki v. the Czech Republic, no. 51277/99, §§ 80-83, 28 თებერვალი 2006, სადაც სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა შეისწავლეს მოწმეების შიშის მიზეზები მათთვის ანონიმურობის მინიჭებამდე).
საქმეში Kostovski v. the Netherlands (1989 წლის 20 ნოემბერი, § 42, სერია A no. 166), სადაც მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი გადამწყვეტი მნიშვნელობით ეფუძნებოდა როგორც ანონიმური, ასევე in absentia მოწმეების ჩვენებებს, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, “ბრალდებულის ბრალდების დამადასტურებელი ჩვენებები ან სხვა განცხადებები შესაძლოა განზრახ არაჭეშმარიტი ან უბრალოდ მცდარი იყოს და დაცვის მხარე ძნელად შეძლებს ამის გამოაშკარავებას, თუ მას არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს შეამოწმოს ავტორის სანდოობა ან ეჭვი შეიტანოს მის სანდოობაში. ასეთ სიტუაციაში არსებული საფრთხეები აშკარაა.“
პრობლემურია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ, ხოლო შეზღუდვის მოხსნა პროკურორს შეუძლია მხოლოდ გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით. ეს დათქმა კიდევ უფრო ახდენს ბრალდების მხარის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას, თვითნებობის რისკის მატარებელია და დაცვის მხარეს ყოველგვარი კონტროლისა და გადამოწმების გარანტიის გარეშე ტოვებს. ამით, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უფლების დაცვის ქმედითი საშუალების გარანტია, რომელიც მართლმსაჯულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტიც დაჩქარებული წესით მიიღეს, ისევე როგორც 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე სხვა არაერთი ცვლილება. განმარტებით ბარათში მისი დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზებზე მხოლოდ შემდგომი დასაბუთება აქვს – კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
გაურკვეველია, ამდენი წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები თუ ფუნქციონირებდნენ ე.წ. კონფიდენტის სრულად დაფარვის წესის გარეშე, ახლა რატომ გაჩნდა ფორსირებულად ამ ცვლილებების საჭიროება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეებთან დაკავშირებით და სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამ დრომდეც არსებობდა პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები და გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა,” – წერია განცხადებაში.
კომენტარები