ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, “ვერსიასთან” ამბობს
პირველ რიგში, მოტივაციის მიგნებას რომ ვეცადოთ, რატომ დააჭერინა მიხეილ სააკაშვილმა თავი და ეს უკვე ხელის გულზე დევს, აქ არის რამდენიმე ვერსია – შესაძლოა, პარტნიორებმა, საერთაშორისო მოთამაშეებმა გარანტიების ფარგლებში უბიძგეს, ჩამოვიდა და ეს ჯერ მიღწეული არაა, ან შესაძლოა, ყველა ცდილობს, გააპასიურონ მისი როლი იმიტომ, რომ ზოგადად, ძალიან ენერგიული ადამიანია, ვის მოსწონს ეს და ვის არა – სხვა თემაა.
უნდა გავიხსენოთ, რომ ახალგაზრდა კაცია და არ ფიქრობს, რომ მისი პოლიტიკური ეპოქა დასრულდა. მე პირადად, ამას ვხსნი ცოტა უფრო ლოკალური მიზნებით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მელიას ფაქტორი უფრო მაღალია, ვიდრე ამას აფასებენ გარედან. ელექტორატის ნაწილი, ცხადია, მიხეილ სააკაშვილზე მოდის, მაგრამ ვფიქრობ, ელექტორატის ნაწილი ბოლო პერიოდში უფრო კონცენტრირდებოდა ნიკა მელიაზე. პარტიაში გუნდის ცვლილება დაიწყო, მელიას კადრები იკავებენ ნელ-ნელა ადგილს და საინტერესო პროცესები მიდის ენმ-ში მას შემდეგ, რაც თავმჯდომარე გახდა ნიკა მელია, ამიტომ მგონია, რომ სააკაშვილი მელიასადმი ეჭვიანობის ფონზე ცდილობს, თავის სტატუს-კვო არ შემცირდეს. იმ პირობებში, როცა მელია იბრძვის, ხან დევნილის როლს ირგებს, ხან ციხეშია, თან ურთიერთობის და ორგანიზატორობის კარგი უნარი აქვს და მგონია, რომ სააკაშვილის მოტივაციაა, დროულად აღიდგინოს სტატუს-კვო, ამიტომ ის ამ ეტაპზე, საკუთარ ელექტორატზე უფრო მუშაობს, რომ არ დაკარგოს და სააკაშვილი მელიათი არ ჩანაცვლდეს. აგრძნობინოს ხალხს, რომ ის არის აწმყო, აქ მყოფი და არა – სხვაგან მყოფი წარსული და აქ მოდის მთელი ეს პროცესი, თუმცა ახლა ზუსტად ამის გაზომვის საშუალება გაჩნდება – რა პროცესები მოჰყვება საკააშვილის ციხეში ყოფნას. არ დაგვავიწყდეს, რომ ის მსჯავრდებულია და ვეჭვობ, ყველაფერ ამას, რამე გარე პროცესი მოჰყვეს, რადგან პატარა პარტიები დადგებიან დილემის წინაშე – ან „აითქვიფონ“ ენმ-სთან, ან შეცდომად ჩათვალონ ამ პარტიასთან გარკვეული კომუნიკაცია. შესაბამისად, შეიძლება, სააკაშვილის პერსონას საერთოდ გაემიჯნონ პოლიტიკურად. ისიც გამოჩნდება, როგორია ენმ-ში მაჯისცემა იმიტომ, რომ პარტიაშიც უნდათ ცვლილებები და თუ ამას მოჰყვება დესტრუქციული პროცესები, მაინც იქნება არა საყოველთაო, სახალხო გამოსვლების ფორმატი, არამედ, წვრილ-წვრილი და შეიძლება, პარტიულ ჭრილში ჩაჯდეს ეს ყველაფერი.
სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რამდენად რაციონალურია, როგორც პოლიტიკოსი, ცალკე საკითხია. როგორც უნდა მიგვაჩნდეს, რომ ის სასტიკი იყო და მათ შორის, ჩემთვისაც არცთუ სასურველია მისი სასტიკი ბუნების გამო, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ადამიანები ასაკში ისე იცვლებიან, მმართველობის ფორმა ეცვლებათ. ის მაინც ბუნებით უფრო შემოქმედებითი ადამიანია და ვერ ვხედავ, რომ მისნაირი შემოქმედებითი ადამიანი პოლიტიკურ სივრცეში არსებობდეს. ბოლო წლებია, მას აქვს რაღაც იდეალისტური მომენტი და ამიტომაც, შესაძლოა, ამ რაღაცაში შემცდარი აღმოჩდნეს – იდეალებზე ან თვითხიბლზე ააწყოს ეს პროცესი და ეს ასე არ აღმოჩნდეს. მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, რომ მელია ციხეში ჩაჯდა და შესაძლოა, ფიქრობს, როგორც მელია გამოუშვეს რაღაც ფაქტორებით, ეს მასზეც გავრცელდება – როდესაც სააკაშვილს გაქცეულს ეძახდნენ და მელია ციხეში იყო, ეს ძალიან დიდ კონტრასტს ქმნიდა მათსავე მხარდამჭერებში. ეს უნდა აღედგინა, სხვა გზა არ ჰქონდა სააკაშვილს. შესაძლოა, ფიქრობს, რომ მასაც მალე გამოუშვებენ ციხიდან, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად მოხდება, ვერ გეტყვით, მალე ვნახავთ.
წყარო “ვერსია”
კომენტარები