რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 იანვარს რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობის წინ ევროპული საქართველოს მიერ გამართული აქციის გამო საპროტესტო ნოტით მიმართა.
რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ა. ზაიცევმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიუი მთლიანობის მხარდამჭერი აქციის გამო შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ აქციის მსვლელობის დროს შენობაში მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები გაითიშა.
“მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართული ოპოზიციის მიერ ჩატარდა ანტირუსული პოლიტიკური აქცია, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში გაითიშა მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები.
მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოში გაგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ანალოგიური გზავნილი გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს.
ამჟამად, სექციის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა ზაიცევმა.
[თარგმანი – ტაბულა]
კომენტარები